1.მიმწოდებელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მიწოდებას ამ წესების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვალდებულია, საბოლოო დარიცხვის პერიოდისთვის მომზადებული ქვითრის მომხმარებლისთვის მიწოდება უზრუნველყოს მიწოდების შეწყვეტიდან 6 კვირის ვადაში.
2.იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ ასრულებს ამ წესების 33-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რის გამოც სისტემის ოპერატორი ვერ უზრუნველყოფს მრიცხველის წაკითხვას საბოლოო დარიცხვის პერიოდისთვის მიმწოდებლის მიერ ქვითრის მომზადების მიზნით, სისტემის ოპერატორი აცნობებს მომხმარებელს, რომ იგი უფლებამოსილია, სისტემის ოპერატორს ელექტრონულად გაუგზავნოს მრიცხველის ჩვენება ბოლო ალტერნატივის მიწოდების დაწყების დღის მდგომარეობით, ხოლო თუ მიმწოდებლის მიერ ამ წესების 33-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ ცნობილი გახდა მოგვიანებით – სისტემის ოპერატორის მიერ შეტყობინების დღის მდგომარეობით. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს კომისიას. კომისია უფლებამოსილია, არ დაეთანხმოს სისტემის ოპერატორის მიერ მრიცხველის ამ პუნქტით გათვალისწინებული წესით ჩვენების აღებას და მოსთხოვოს მას მრიცხველის ადგილზე წაკითხვა.
2¹.იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მრიცხველის ჩვენების გაგზავნის დღე ან ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სისტემის ოპერატორის მიერ მრიცხველის წაკითხვის დღე არ ემთხვევა კომისიის მიერ დამტკიცებული გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად, სისტემის ოპერატორისთვის განსაზღვრულ მრიცხველების წაკითხვის პერიოდს, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მრიცხველის მომდევნო წაკითხვა უზრუნველყოს გამანაწილებელი ქსელის წესებით დადგენილ პერიოდში. ასეთ შემთხვევაში, დასაშვებია მომხმარებლისათვის ქვითრის მიწოდება ამ წესების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის (პერიოდულობის) დაუცველად.
3.სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა და ბოლო ალტერნატივის მიწოდების დაწყების თარიღის თაობაზე მომხმარებელს აცნობოს დაუყოვნებლივ, როგორც კი მისთვის ცნობილი გახდება მიმწოდებლის მიერ საბაზრო საქმიანობის შეწყვეტისა და ბოლო ალტერნატივის მიწოდების შემთხვევის დადგომის შესახებ.
4.თუ მომხმარებელი არ სარგებლობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს მრიცხველის წაკითხვა დაუყოვნებლივ, შესაძლო უმოკლეს ვადაში, ხოლო მიმწოდებლისა და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა განსაზღვროს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მომხმარებლის საშუალო დღიური მოხმარების გამრავლებით იმ დღეების რაოდენობაზე, როდესაც ხორციელდებოდა, შესაბამისად, მიწოდება ან ბოლო ალტერნატივის მიწოდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №79 - ვებგვერდი, 31.12.2021 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 25.02.2022 წ.

