გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ
მუხლი 67. მტკიცების ტვირთი
1.შეცილების უფლების ხანდაზმულობის ვადაა 1 წელი, რომელიც აითვლება სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის თარიღიდან.
2.შეცილების განხორციელებისას მტკიცების ტვირთი შეცილების უფლების განმახორციელებელ პირს ეკისრება.
3.თუ მოვალე ბრალეულად გააჭიანურებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით სასამართლოსთვის მიმართვას, საპირისპიროს დამტკიცებამდე მიიჩნევა, რომ იგი გადახდისუუნარობის მასის შემცირების/კრედიტორისთვის ზიანის მიყენების განზრახვით მოქმედებდა.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განზრახვის არსებობის დადგენისას სასამართლო აფასებს: ა) იყო თუ არა სარგებლის მიმღები მოვალე ან პირდაპირ ან არაპირდაპირ მოვალესთან დაკავშირებული პირი; ბ) ინარჩუნებს თუ არა მოვალე განკარგულ ქონებაზე რეალურ ეკონომიკურ კონტროლს; გ) განხორციელდა თუ არა მოვალის ყველა ან არსებითად ყველა აქტივის განკარგვა მცირე დროში; დ) განხორციელდა თუ არა მოვალის ქონების განკარგვა კრედიტორის მიერ მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნის აღსრულების შესახებ გაფრთხილების წარდგენის ან მოვალის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შემდეგ; ე) განხორციელდა თუ არა მოვალის ქონების განკარგვა მოვალის მიერ მნიშვნელოვანი ოდენობის ვალის აღების პარალელურად; ვ) ნებისმიერ სხვა გარემოებას, რომელიც შეიძლება აღნიშნული განზრახვის არსებობაზე მიუთითებდეს.
