1.დამკვეთი მშენებლობის ნებართვის მისაღებად მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, და ინფორმაციას მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ.
2.განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) ინფორმაცია მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის (ხაზობრივი ნაგებობის) თაობაზე; ბ) ინფორმაცია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე აქტის რეკვიზიტების მითითებით; გ) არსებობის შემთხვევაში არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები; დ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; ე) ობიექტის ადგილმდებარეობის მისამართი და საკადასტრო კოდი; ვ) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი; ზ) შენობა - ნაგებობის დამპროექტებლის მონაცემები: სახელი/ იურიდიული დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია ( ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტის მისამართი) , მეწარმეთა და არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემები, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და პირადი ნომერი; თ) (ამოღებულია – 01.12.2011, №454); ი) დროებითი შენობა-ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში – გამოყენების მოთხოვნილი პერიოდი; კ) სანებართვო შენობა-ნაგებობის კლასისა და სამშენებლო საქმიანობის სახეობისათვის – ამ დადგენილებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
3.თვითმმართველი ერთეულის (ქ. თბილისის ტერიტორიაზე – ქ. თბილისის მთავრობის) გადაწყვეტილებით, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები შესაძლებელია წარდგენილი იყოს ელექტრონული ფორმით.
4.იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია არქიტექტურული პროექტის ფასადის ნაწილის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის მაძიებლის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია გასცეს მშენებლობის ნებართვა შენობის ფასადების შეთანხმებული პროექტის გარეშე და სანებართვო პირობებით განუსაზღვროს ამ უკანასკნელის წარდგენის პირობები და ვადები, თუმცა ფასადების პროექტები წარდგენილი უნდა იქნეს შენობის ნულოვანი ეტაპის დასრულებამდე.
5.თუ V კლასს დაქვემდებარებული ობიექტების მშენებლობა დაკავშირებულია მშენებლობის განხორციელების დასამუშავებელი დოკუმენტების დიდ მოცულობასა და შემჭიდროებულ ვადებში შესასრულებელ მასშტაბურ სამუშაოებთან, აგრეთვე დაპროექტებისათვის საჭირო გარემოებები ზუსტდება დაპროექტების პროცესში, ასევე, თუ V კლასს დაქვემდებარებული ობიექტები წარმოადგენს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და სოციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობებს ან მათ კომპლექსებს, რის გამოც შეუძლებელია ბოლო სტადიისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი, სრულად დაკომპლექტებული სამშენებლო დოკუმენტის პროექტის წარდგენა, ნებართვის მაძიებლის სათანადოდ დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში და მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაიცეს მშენებლობის ნებართვა მიწის ნაკვეთზე ან/და ნაკვეთებზე საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი საბუთისა და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის ზოგიერთი ნაწილის მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, სანებართვო პირობებში განისაზღვრება ამ დოკუმენტების წარდგენის ვადა. ნებართვის მფლობელს შეუძლია დაიწყოს სათანადო სამშენებლო სამუშაოები იმ მიწის ნაკვეთზე ან ნაკვეთებზე, რომლებზეც წარადგენს საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელ საბუთს და შესაბამის საპროექტო დოკუმენტაციას.
5¹.გრუნტის ზედაპირიდან ან შენობა-ნაგებობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფუძიდან არანაკლებ 25 მეტრ სიღრმეზე გვირაბის (მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურის სადერივაციო გვირაბის) ან სხვა მიწისქვეშა ნაგებობის მშენებლობის (გარდა ღია წესით მშენებლობისა) შემთხვევაში, ნებართვა გაიცემა მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე.
5².ხაზობრივი ნაგებობის ან/და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტების, ელექტროსადგურის ან/და ქვესადგურის მშენებლობის შემთხვევაში, შესაბამის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო ორგანოს მიერ მისი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან ობიექტად მიჩნევის შემთხვევაში, მიუხედავად კლასის ქვემდებარეობისა, ნებართვის მაძიებლის მიმართვის საფუძველზე, შეიძლება გაიცეს პირობადებული მშენებლობის ნებართვა, თუ მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენილი იქნება სამშენებლო მიზნებისათვის გამოსაყენებელი ტერიტორიის (მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების) კოორდინატები, UTM კოორდინატთა სისტემაში და ფაილების ელექტრონული ვერსიები (*.shp) ფორმატში, რა დროსაც სანებართვო პირობებში განისაზღვრება მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენის ვადა. ნებართვის მფლობელს შეუძლია დაიწყოს სათანადო სამშენებლო სამუშაოები იმ მიწის ნაკვეთზე ან ნაკვეთებზე, რომლებზეც წარადგენს საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელ საბუთს.
6.დამკვეთი მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების მინიმუმ სამ და მაქსიმუმ ექვს ეგზემპლარს. V კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისას დამკვეთმა მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა წარადგინოს დამატებით ერთი ციფრული ეგზემპლარი. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის დადგენილება №227-სსმ III, №155, 21.12.2009წ; მუხ.1830 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის დადგენილება №71-ვებგვერდი,15.02.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №315 – ვებგვერდი, 15.08.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №454 - ვებგვერდი, 06.12.2011წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.01.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის დადგენილება №83 - ვებგვერდი, 12.03.2012წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის დადგენილება №26 5 – ვებგვერდი, 07.04.2014წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №176 - ვებგვერდი, 19.04.2016წ.






