ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 7. ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებები მომხმარებლებთან სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულების გაფორმებისას – ხელშეკრულებაში სავალდებულოდ მისათითებელი ინფორმაცია

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 24 აგვ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სპეციფიკურ საფინანსო პროდუქტებთან დაკავშირებული ხელშეკრულება უნდა იყოს მატერიალური ან დისტანციურად დადებული ხელშეკრულების ფორმით. ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებელს უნდა მიაწოდოს ხელშეკრულების დედანი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ხელშეკრულების ასლი. ხელშეკრულებაში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო რეკვიზიტების გარდა, მოცემული უნდა იყოს ამ მუხლით განსაზღვრული სავალდებულო სახელშეკრულებო ინფორმაცია.

2.სპეციფიკურ საფინანსო პროდუქტებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაში მოცემული უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია: ა) საპროცენტო განაკვეთი ან განაკვეთები, თუ აღნიშნული განსხვავებულ მნიშვნელობებს იღებს მომხმარებლის ქმედებასთან დაკავშირებული გარემოების დადგომიდან გამომდინარე თითოეული გარემოების მითითებით; ბ) საპროცენტო განაკვეთის ტიპი – ფიქსირებული, ინდექსირებული ან ცვლადი. შერეული ტიპის შემთხვევაში – თითოეული ტიპის და შესაბამისი პერიოდის მითითებით (მაგ., 5 წელი ფიქსირებული, 10 წელი ცვლადი); გ) საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესაძლებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ იმ ცალკეული გარემოებების/წესების მითითებით, რომლის მიხედვითაც განხორციელდება ცვლილებები, ასევე, მოსალოდნელი ცვლილებების მომხმარებლისათვის წინასწარ შეტყობინების წესი და ვადა; დ) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში, ინდექსი, რომელზეც საპროცენტო განაკვეთია მიბმული; ე) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში, იმ ინდექსის საჯარო ხელმისაწვდომობის წყარო, რომელზეც საპროცენტო განაკვეთია მიბმული; ვ) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა რეგულარულობით და ფორმით მიეწოდება მომხმარებელს ინფორმაცია ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის მიერ მიღებული მნიშვნელობების შესახებ; ზ) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში, ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშების დეტალური წესი; თ) ინფორმაცია იმ ფინანსური ხარჯების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში; ი) დაშვებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლებიც გამოყენებული იქნა ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში; კ) ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, დამრგვალებული სულ მცირე მეათედამდე. თუ მეასედი ტოლია ან მეტია 5-ზე, მაშინ მეათედი ციფრი მრგვალდება მეტობით; ლ) ფინანსურ ორგანიზაციაში პრეტენზიის წარდგენის ფორმები, პრეტენზიების განხილვის პროცედურის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წყარო, მაქსიმალური ვადა პასუხის მიღებისათვის თითოეული ფორმით გამოხატულ პრეტენზიაზე, ფინანსური ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც შესაძლებელია პრეტენზიის წარდგენა, ასევე პრეტენზიების განხილვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მექანიზმები; მ) ინფორმაცია დავების გადაწყვეტის წესის შესახებ, ხოლო არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია სასამართლოს გარეშე გასაჩივრების წესისა და ანაზღაურების შესახებ.

3.საკრედიტო ხელშეკრულებაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა მოცემული უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია: ა) კრედიტის ვადა; ბ) საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა; გ) კრედიტის ტიპი; დ) კრედიტის მთლიანი თანხა; ე) მომხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა; ვ) კრედიტის მთლიანი თანხიდან მისაღები თანხის პირობები, მათ შორის: კრედიტის მთლიანი თანხიდან ფინანსური ხარჯების გამოკლებით დარჩენილი გასატანი თანხის ოდენობა, პერიოდულობა/გატანის თარიღები და გატანების საერთო რაოდენობა; ზ) საკრედიტო ბარათის/ოვერდრაფტის გამოყენების შემთხვევაში ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული ორი სხვადასხვა მეთოდით გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი; თ) უცხოური ვალუტით გაცემული საკრედიტო პროდუქტისათვის, დამატებით, ამ წესის დანართ №1-ში მოცემული ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გაუფასურების შემთხვევაში გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი; ი) უცხოური ვალუტით გაცემული ინდექსირებულ განაკვეთიანი საკრედიტო პროდუქტისათვის, დამატებით, კრედიტის გაცემიდან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ინდექსის ოდენობის შესაძლო 3 პროცენტული პუნქტით, ხოლო ლარში გაცემული ინდექსირებულ განაკვეთიანი საკრედიტო პროდუქტისათვის, დამატებით, ინდექსის ოდენობის შესაძლო 5 პროცენტული პუნქტით ზრდის შემთხვევაში გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი; კ) სადაც შესაძლებელია, კრედიტის დასაფარად შენატანების ოდენობა, სიხშირე/შენატანების განხორციელების მაქსიმალური ვადები და საერთო რაოდენობა, შენატანების ოდენობა გამოსახული უნდა იყოს სულ მცირე თანხობრივად; ლ) ერთდროულად ერთზე მეტი ვალდებულების არსებობისას, ვალდებულებათა დაფარვის პრიორიტეტულობა, თუ მომხმარებლის მიერ არ მოხდება ამ ვალდებულებების დაფარვის რიგითობის არჩევა ამ წესის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად; მ) შესაძლო პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი გაანგარიშების წესი; ნ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები და პროცედურები; ნ 1 ) ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების არსებობის ან არარსებობის შესახებ; ამ უფლების არსებობის შემთხვევაში ვადა, რომლის განმავლობაშიც მოქმედებს აღნიშნული უფლება, ასევე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები, მათ შორის, მომხმარებლის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები, მათ შორის, მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დათვლის პრინციპი. დამატებით, მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, როდესაც არ ხდება ამ წესით გათვალისწინებულ ვადაში მომხმარებლის მიერ თანხის დაბრუნება, ფინანსური ორგანიზაციის მიერ გასატარებელი ღონისძიებები; ასევე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების გამოყენების პრაქტიკული ინსტრუქციები, მათ შორის, უარის შესახებ მომხმარებლის მხრიდან ფინანსური ორგანიზაციისთვის შეტყობინების გაგზავნის არხები და მისამართი. ხელშეკრულებაზე უარის თქმის პრაქტიკულ ინსტრუქციებს ფინანსური ორგანიზაცია განსაზღვრავს დამოუკიდებლად; ო) კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის უფლება და შესაძლო დამატებითი ხარჯები, რომელიც წარმოიშობა ამ უფლების გამოყენებისას, აღნიშნული ხარჯების სიდიდე ან გამოთვლის მეთოდი, მათ შორის, კრედიტზე საშეღავათო პერიოდის არსებობისას, კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული პროცენტის და სხვა ხარჯების დაფარვის პრინციპი/წესი; პ) მითითებული უნდა იყოს, რომ კრედიტის სრულად დასაფარად საკმარისი თანხით არ მოხდება კრედიტის წინსწრებით დაფარვა ავტომატურად, თუ ამას არ ითვალისწინებს ხელშეკრულება; ჟ) მოთხოვნილი თავდებობა, უზრუნველყოფის საშუალება და დაზღვევა, ასეთის არსებობისას; რ) დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების შემთხვევაში, იმ საქონლის/მომსახურების დასახელება და პირდაპირი ანგარიშსწორების ფასი, რომლის შესყიდვასაც აფინანსებს დაკავშირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტი. ასევე, აღნიშნული საქონლის/მომსახურების ფასი, რომელსაც მომხმარებელი იხდის დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმების შედეგად; ს) თუ მომხმარებელი ფინანსური ორგანიზაციისგან იღებს საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკრედიტო მომსახურების მიღებისათვის სავალდებულო სხვა სახის დამატებით მომსახურებას, ყველა ფინანსური ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული დამატებითი მომსახურების მიღებასთან; ტ) თუ მომხმარებელი ფინანსურ ინსტიტუტთან აფორმებს საკრედიტო ხელშეკრულებას, სადაც მსესხებელი ფინანსური ინსტიტუტია, ხელმოწერის თავზე ხელშეკრულებაში უნდა განთავსდეს გამჟღავნების ტექსტის სრული ვერსია; უ) ფინანსური ორგანიზაციის, ასევე, არსებობის შემთხვევაში, საკრედიტო შუამავლის დასახელება, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის (საიდენტიფიკაციო) ნომერი, სამართლებრივი ფორმა, საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის/ლიცენზირების ფორმა, რეგისტრაციის მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი; ფ) მომხმარებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები; ქ) ოვერდრაფტის შემთხვევაში, როცა ოვერდრაფტი უნდა დაიფაროს ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან მოთხოვნისთანავე ან სამ თვემდე ვადაში, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრედიტორმა მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეიძლება მოსთხოვოს კრედიტის მთლიანი თანხის დაბრუნება; ღ) კრედიტის დაფარვის გრაფიკი, იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტზე დარიცხული პროცენტის და ხარჯების გადახდა ხდება ძირის ამორტიზაციის გარეშე. თუ საპროცენტო განაკვეთი არ არის ფიქსირებული ან გრაფიკით გადასახდელი ფინანსური ხარჯები შეიძლება შეიცვალოს საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, გრაფიკში გარკვევით უნდა ჩანდეს, რომ მასში მოცემული მონაცემები მოქმედი იქნება მხოლოდ საპროცენტო განაკვეთის ან საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გადასახდელი ფინანსური ხარჯების ცვლილებამდე; ყ) ფინანსური ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოს დასახელება და მისამართი; შ) სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულებაში მოცემული უნდა იყოს კრედიტის/კრედიტების ვადის უპირობოდ გახანგრძლივების დეტალური პირობები.

4.სადეპოზიტო (გარდა სადეპოზიტო სერტიფიკატის) ხელშეკრულებაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, მოცემული უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია: ა) ვადიანი დეპოზიტის ხანგრძლივობა, ვადის მითითებით; ბ) დეპოზიტის თანხა და ვალუტა; გ) დეპოზიტის სხვა პირობები: ვადები, სარგებლის გამოტანის პირობები, განახლების პირობები; დ) საპროცენტო სარგებლის დარიცხვის (გაანგარიშების) და ასახვის (გადახდის) წესი, პირობები და პერიოდულობა; ე) მინიმალური მოთხოვნები დეპოზიტის გახსნისა და შეთავაზებული საპროცენტო სარგებლის მიღებისათვის; ვ) უცხოური ვალუტით განთავსებული სადეპოზიტო პროდუქტისათვის, დამატებით, ამ წესის დანართ №2-ში მოცემული ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გამყარების შემთხვევაში გაანგარიშებული დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი; ზ) უცხოური ვალუტით განთავსებული ინდექსირებულ განაკვეთიანი სადეპოზიტო პროდუქტისათვის, დამატებით, დეპოზიტის გახსნიდან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ინდექსის ოდენობის შესაძლო 3 პროცენტული პუნქტით, ხოლო ლარში განთავსებული ინდექსირებულ განაკვეთიანი სადეპოზიტო პროდუქტისათვის, დამატებით, ინდექსის ოდენობის შესაძლო 5 პროცენტული პუნქტით შემცირების შემთხვევაში გაანგარიშებული დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი; თ) ხელშეკრულების ვადის გასვლამდე თანხის გამოტანასთან დაკავშირებული საურავები და/ან გადასახდელები; ი) თუ ფინანსური ინსტიტუტი, მომხმარებელთან აფორმებს სადეპოზიტო ხელშეკრულებას, ხელმოწერის თავზე ხელშეკრულებაში უნდა განთავსდეს გამჟღავნების ტექსტის სრული ვერსია; კ) მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის უფლების შესახებ ინფორმაცია.

5.სადეპოზიტო სერტიფიკატის ხელშეკრულებაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, მოცემული უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია: ა) სადეპოზიტო სერტიფიკატის ტიპი – საპროცენტო ან დისკონტური; ბ) არასტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატის შემთხვევაში – სადეპოზიტო სერტიფიკატის ვალუტა; გ) სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადიანობა; დ) საპროცენტო სარგებლის დარიცხვის (გაანგარიშების) და ასახვის (გადახდის) წესი, პირობები და პერიოდულობა; ე) არასტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატის შემთხვევაში – უცხოური ვალუტით განთავსებული სადეპოზიტო პროდუქტისათვის, დამატებით, ამ წესის დანართ N2-ში მოცემული ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გამყარების შემთხვევაში გაანგარიშებული დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი; ვ) არასტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატის შემთხვევაში – უცხოური ვალუტით განთავსებული ინდექსირებულ განაკვეთიანი სადეპოზიტო პროდუქტისათვის, დამატებით, დეპოზიტის გახსნიდან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ინდექსის ოდენობის შესაძლო 3 პროცენტული პუნქტით, ხოლო ლარში განთავსებული ინდექსირებულ განაკვეთიანი სადეპოზიტო პროდუქტისათვის, დამატებით, ინდექსის ოდენობის შესაძლო 5 პროცენტული პუნქტით შემცირების შემთხვევაში გაანგარიშებული დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი; ზ) ხელშეკრულების ვადის გასვლამდე თანხის გამოტანასთან დაკავშირებული საურავები და/ან გადასახდელები; თ) მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის უფლების შესახებ ინფორმაცია.

6.ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს შესთავაზოს, ხოლო მომხმარებლის თანხმობის ან მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მატერიალურად ან მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი სხვა სანდო საშუალებით მიაწოდოს ხელშეკრულების ნიმუში, რომელშიც სრულად იქნება მითითებული ხელშეკრულების ყველა ზოგადი მუხლი და წინასწარ ცნობილი პარამეტრი. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებლის მიერ სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის მიღებასთან/დაინტერესებასთან დაკავშირებული განაცხადის გაკეთების შემდეგ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ხელშეკრულების ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი ნიმუში მომხმარებლისთვის შესათავაზებელი კონკრეტული პირობების მითითებით. ხელშეკრულების ნიმუშში მითითებული უნდა იყოს დროის ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ძალაში იქნება მასში აღწერილი პირობები.

7.ფინანსური ორგანიზაციის მიერ სპეციფიკური საფინანსო პროდუქტების ხელშეკრულებაში ცალმხრივი ცვლილების შეტანა ან/და აღნიშნულზე წინასწარ შეთანხმება დაუშვებელია, თუ ცვლილება: ა) ეხება პროდუქტის ვალუტას; ბ) განპირობებულია ფინანსური ორგანიზაციის მიერ კრედიტის გაცემის მომენტში მომხმარებლის გადახდისუნარიანობის არასწორი შეფასებით და აღნიშნულის მიზეზი არ არის მომხმარებლის მიერ განზრახ არასწორი ან არასრული მონაცემების მიწოდება; გ) განპირობებულია ინფლაციის ზრდით, ეკონომიკური ვარდნით და/ან საბაზრო საპროცენტო განაკვეთების ცვლილებით არაუმეტეს 5 პროცენტული პუნქტისა.

8.თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, საპროცენტო განაკვეთის ცალმხრივი ცვლილების შესაძლებლობას, ასევე ამ წესის მე-9 მუხლის მე-6 – მე-9 და მე-11 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებელს უნდა შესთავაზოს მინიმუმ ერთი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი და მისაღები, მომხმარებლისათვის უფასო წინასწარი შეტყობინების ინდივიდუალური საკომუნიკაციო, მათ შორის, მატერიალური ან ელექტრონული არხი (მოკლე ტექსტური შეტყობინება, ინტერნეტბანკი, სატელეფონო ზარი და ა.შ.) და ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს შეტყობინების მომხმარებელთან შეთანხმებული არხი, შეტყობინების წესი და ვადა. აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება ასევე კრედიტის უზრუნველყოფნის საგნის მესაკუთრის/თავდების/სოლიდარული თავდების მიმართაც, თუ მომხმარებელი და მასზე გაცემული/გასაცემი კრედიტის უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრე სხვადასხვა პირია და/ან ვალდებულება უზრუნველყოფილია თავდებობით/სოლიდარული თავდებობით.

9.თუ მომხმარებლის მიერ ფინანსურ ორგანიზაციაში თანხის შეტანის დღე ემთხვევა უქმე ან ფინანსური ორგანიზაციის არასამუშაო დღეს, ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებლისგან შენატანი უნდა მიიღოს მომდევნო სამუშაო დღეს ყოველგვარი დამატებითი საკომისიოსა თუ პირგასამტეხლოს დარიცხვის გარეშე.

10.ხელშეკრულებაში ინფორმაცია გასაგებად უნდა იყოს ფორმულირებული და მოცემული ადვილად წასაკითხი და აღქმადი ფონტის ზომით. ფონტის ზომა არ უნდა იყოს 10-ზე ნაკლები. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 17 თებერვლის ბრძანება №16/04 - ვებგვერდი, 18.02.2022 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 მაისის ბრძანება №131/04 - ვებგვერდი, 31.05.2024წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
86875241203951051270197
მნიშვნელობით ახლოსფინანსური ორგანიზაციებ…საქართველოს სამოქალაქო…მომხმარებლის უფლებების…საგადახდო სისტემისა და…სახელმწიფო ვალის შესახ…ფაქტორინგის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა