1.ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია სპეციფიკურ საფინანსო პროდუქტებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკების შესახებ. აღნიშნულ რისკებზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ფინანსურ ორგანიზაციას აქვს როგორც მატერიალურად და/ან დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებებში, ასევე, ვერბალურადაც საფინანსო პროდუქტის შეთავაზებისას და ამ საფინანსო პროდუქტთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელებამდე.
2.ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია სავალუტო რისკის შესახებ, როდესაც მომხმარებელს შემოსავლები კრედიტის ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში აქვს. უცხოური ვალუტით დეპოზიტის განთავსების შემთხვევაში, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია, მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია მსგავსი პირობების მქონე პროდუქტზე ეროვნულ ვალუტაში.
3.ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია კრედიტზე გადასახდელი თანხის ზრდის რისკზე, როცა კრედიტი გაიცემა ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთებით (გარდა ინფლაციის ინდექსზე მიბმული კრედიტისა).
4.ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია კრედიტის დაუბრუნებლობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებულ რისკებზე, მაგალითად, მიმდინარე ანგარიშების დაყადაღების, მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების კრედიტის დასაფარად რეალიზაციის შესაძლო რისკებზე.
5.ამ მუხლით დადგენილი ვალდებულებების ეფექტიანი განხორციელებისა და კონტროლის მიზნით, სხვადასხვა ტიპის მომსახურების წერტილების მოწყობისა და მუშაობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია იმოქმედოს მის მიერ შემუშავებული და საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად.

