1.თუ მომხმარებელი და მასზე გაცემული/გასაცემი კრედიტის უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრე სხვადასხვა პირია და/ან ვალდებულება უზრუნველყოფილია თავდებობით/სოლიდარული თავდებობით, ასევე, როცა გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებულია რამდენიმე მსესხებელი, ყოველი ცალკეული კრედიტის მიწოდების შემდეგ, ასევე, არსებულ საკრედიტო ხელშეკრულებაში მნიშვნელოვანი პირობების ცვლილებამდე, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრეს და/ან თავდებს/სოლიდარულ თავდებს, ასევე, გენერალური ხელშეკრულების მონაწილე ყველა მსესხებელს მიაწოდოს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კრედიტის გაცემის შემდეგ არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა და/ან საკრედიტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანამდე არანაკლებ 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე.
2.ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია თავდებს/სოლიდარულ თავდებს, ასევე, უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრეს გააცნოს, მათ შორის, ზეპირი ფორმით, ხელშეკრულების პირობები ამ წესით სპეციფიკური საფინანსო პროდუქტისთვის დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მათ შორის, მიაწოდოს ინფორმაცია კრედიტის დაუბრუნებლობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებულ რისკებზე (მაგალითად, სამართლებრივი რისკები, როგორიცაა ანგარიშების დაყადაღების, კრედიტის დაფარვის მიზნით მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციის შესაძლებლობა). ფინანსურმა ორგანიზაციამ თავდებობის/სოლიდარული თავდებობის, უზრუნველყოფის ხელშეკრულებაში ორმაგი დაშორებით და გამუქებული ფონტით უნდა განათავსოს გაფრთხილების ტექსტი ამ წესის №10 დანართში მოცემული ნიმუშების შესაბამისად. ამასთან, თავდების/სოლიდარული თავდების, ასევე, უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, გადასცეს მას დეტალური ინფორმაცია კრედიტის დაფარვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით; თავდებობის/სოლიდარული თავდებობისა და იპოთეკის/გირავნობის ხელშეკრულებებში ინფორმაცია გასაგებად უნდა იყოს ფორმულირებული და მოცემული მომხმარებლისათვის ადვილად წასაკითხი და აღქმადი ფონტის ზომით. ფონტის ზომა არ უნდა იყოს 10-ზე ნაკლები.
3.ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია თავდებს/სოლიდარულ თავდებს, ასევე იპოთეკის და/ან გირავნობის საგნის მესაკუთრეს მიაწოდოს მსესხებელთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების თავსართის, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე, ხელშეკრულების ასლები იმავე ფორმით, რა ფორმითაც გაფორმებულია მსესხებელთან და აღნიშნული ვალდებულების თაობაზე წინასწარ წერილობით აცნობოს მსესხებელს.

