ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 3. ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულება მომხმარებლებისათვის საფინანსო პროდუქტზე ინფორმაციის მიწოდებისას

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 24 აგვ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისთვის საფინანსო პროდუქტის პირობების შესახებ უტყუარი, გასაგები და გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი, წინასწარ ცნობილი და მის ხელთ არსებული სრული ინფორმაციის დროულად მიწოდება, მათ შორის, მომხმარებელთან გასაფორმებელ/გაფორმებულ ხელშეკრულებებში. ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებელს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს პროდუქტის ნებისმიერი არხით შეთავაზებისას ხელშეკრულების გაფორმებამდე, რომელიც პროდუქტის მიღებასთან, სარგებლობასთან ან/და სარგებლობის დასრულებასთან დაკავშირებით მომხმარებელს არ უბიძგებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია საფინანსო პროდუქტის შეთავაზებისას/საფინანსო პროდუქტის მიწოდებამდე მომხმარებელს ზეპირსიტყვიერად გააცნოს ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ზეპირსიტყვიერად გაცნობის ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც პროდუქტის შეთავაზება ხორციელდება ისეთი დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით, რომელიც გამორიცხავს ზეპირსიტყვიერ კომუნიკაციას და აღნიშნული ინფორმაცია მომხმარებლისთვის მიწოდებულია სხვა გზით (მათ შორის, დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით).

2.თუ ტექნიკურად შეუძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება წერილობითი, მათ შორის, ელექტრონული ფორმით, ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის ზეპირი ფორმით მიწოდება.

3.თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, კრედიტის გაცემაზე ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან უარის შემთხვევაში, როდესაც უარი ეფუძნება მხოლოდ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებს, ფინანსურმა ორგანიზაციამ დაუყოვნებლივ და ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე, უნდა უზრუნველყოს აღნიშნულის შესახებ მომხმარებლის ინფორმირება. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება შესაბამისი ინფორმაციის ზეპირსიტყვიერად მიწოდებით.

4.ფინანსური ინსტიტუტი (გარდა სესხის გამცემი სუბიექტისა), მომხმარებლისგან თანხის მოზიდვისას, ვალდებულია, მომხმარებელს გააცნოს გამჟღავნების ტექსტი, რომლის სრული ვერსია მოიცავს შემდეგი შინაარსის ინფორმაციას: ა) ფინანსური ინსტიტუტი არ არის ლიცენზირებული ბანკი; ბ) არსებობს ამ ფინანსურ ინსტიტუტში სახსრების განთვსებასთან დაკავშირებული რისკები; გ) ბანკისგან განსხვავებით ფინანსურ ინსტიტუტზე ვრცელდება მსუბუქი ზედამხედველობის რეჟიმი; დ) ეს მოკლე გაფრთხილება არ ამჟღავნებს ყველა რისკს.

5.ფინანსური ინსტიტუტი (გარდა სესხის გამცემი სუბიექტისა) ვალდებულია გამჟღავნების ტექსტი განათავსოს მომხმარებელთან გაფორმებულ ყველა დოკუმენტში. ამასთან, მომხმარებლისგან თანხის მოზიდვასთან დაკავშირებული საფინანსო პროდუქტების ხელშეკრულებებში განათავსოს გამჟღავნების ტექსტის სრული ვერსია, ხოლო ყველა სხვა საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულებაში, ასევე, მომხმარებლისათვის გადაცემულ ამონაწერში, სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერში, ასევე, მომხმარებლისგან თანხის მოზიდვასთან დაკავშირებული საფინანსო პროდუქტების შესახებ სარეკლამო შეთავაზებებისას გამოიყენოს გამჟღავნების ტექსტის სრული ან შემოკლებული ვერსია. როგორც სრულ, ისე შემოკლებულ ვერსიებში, ტექსტი უნდა იყოს გამუქებული და დაბეჭდილი ორმაგი დაშორებით. გამჟღავნების ტექსტის სრული და შემოკლებული ვერსიის ნიმუშები მოცემულია ამ წესის N5 დანართში.

6.ფინანსურმა ინსტიტუტმა (გარდა სესხის გამცემი სუბიექტისა) მომხმარებელს უნდა აცნობოს, რომ ხელშეკრულების ან ნებისმიერი შემდგომი დოკუმენტის ხელმოწერამდე მას მოეთხოვება გამჟღავნების ტექსტის წაკითხვა და გააზრება. მომხმარებლის მხრიდან დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია უპასუხოს მის შეკითხვებს და მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია.

7.ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია საფინანსო პროდუქტთან დაკავშირებული დაზღვევის შეთავაზების შემთხვევაში მომხმარებელს გააცნოს და მიაწოდოს „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 3 აპრილის №18 ბრძანებით გათვალისწინებული „საინფორმაციო ფურცელი“, ასევე, მიაწოდოს ინფორმაცია აუცილებელია თუ არა დაზღვევა საფინანსო პროდუქტის მისაღებად.

8.ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია თითოეული შეთავაზებისა და სხვა მზღვეველისგან სადაზღვევო პოლისის წარდგენის შესაძლებლობის შესახებ.

9.მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს დაზღვევის ხელშეკრულების მინიმალური მოთხოვნები, რომელიც არ უნდა გამორიცხავდეს ბაზარზე არსებული მოქმედი მზღვეველების მიერ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

10.თუ სადაზღვევო შენატანის გადახდა ეკისრება მომხმარებელს და/ან სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების მისაღებად საჭიროა დაზღვეულის გარკვეული ქმედება, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს საფინანსო პროდუქტთან დაკავშირებული დაზღვევის შესაბამისი ინფორმაცია სრულად მატერიალური ფორმით ან/და სანდო საშუალებით, მომხმარებლის არჩევანის შესაბამისად, ასევე, მიაწოდოს ინფორმაცია, ფინანსური ორგანიზაცია დამზღვევია, თუ დაზღვევის შუამავალი.

11.დაზღვევის ხელშეკრულების დადების დროს, თუ ფინანსური ორგანიზაცია არის დაზღვევის შუამავალი, იგი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 3 აპრილის №18 ბრძანებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.

12.თუ სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის გაცემისთვის ფინანსური ორგანიზაცია აზღვევს იპოთეკის და/ან გირავნობის საგანს და/ან მსესხებლის/მსესხებლების სიცოცხლეს და/ან მათი გარდაცვალების და/ან სხვა ნებისმიერი მიზეზის შედეგად კრედიტის დაუბრუნებლობის რისკს ან თუ ფინანსური ორგანიზაცია ითხოვს მომხმარებლისგან და/ან სთავაზობს ამ პუნქტით გათვალისწინებულ დაზღვევას, ის ვალდებულია მომხმარებელს წარუდგინოს არანაკლებ სამი სხვადასხვა სადაზღვევო ორგანიზაციის პროდუქტის ალტერნატივა.

13.თუ საფინანსო პროდუქტის მისაღებად მომხმარებელმა წარადგინა სადაზღვევო პოლისი, რომელიც არ შეესაბამება ფინანსური ორგანიზაციის მიერ დადგენილ დაზღვევის მინიმალურ მოთხოვნებს, ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია არ მიიღოს სადაზღვევო პოლისი და ვალდებულია წერილობით დაასაბუთოს უარის მიზეზი.

14.საფინანსო პროდუქტის შეთავაზების (მათ შორის, ნებისმიერი ფორმით და საშუალებით რეკლამირების) დროს, ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებელს არ უნდა მიაწოდოს საფინანსო პროდუქტის მახასიათებლების შესახებ ისეთი ინფორმაცია, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება და/ან შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი. მიწოდებული/მიუწოდებელი ან/და არასრულად მიწოდებული ინფორმაცია მომხმარებელს არ უნდა უბიძგებდეს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში. 14 ​1 . საფინანსო პროდუქტების კომბინირებულად შეთავაზებისას, ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს თითოეული საფინანსო პროდუქტის ფასის გამჭვირვალედ მითითება და მომხმარებლებისთვის სათანადო გამჟღავნება, რათა მომხმარებლისთვის შესაძლებელი იყოს მისთვის ერთი ან რამდენიმე ფინანსური ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული საფინანსო პროდუქტ(ებ)ის შედარება. ფასის მითითება არ არის სავალდებულო ისეთი საფინანსო პროდუქტის შემთხვევაში, რომელსაც ფინანსური ორგანიზაცია მომხმარებელს სთავაზობს მხოლოდ სხვა საფინანსო პროდუქტებთან კომბინაციაში და რომელიც მომხმარებლისთვის არ არის ხელმისაწვდომი როგორც დამოუკიდებელი საფინანსო პროდუქტი. ამ შემთხვევაში, ფინანსურმა ორგანიზაციამ ამგვარ საფინანსო პროდუქტთან დაკავშირებით, ამ პუნქტით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციასთან ერთად, მომხმარებელს სათანადოდ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საფინანსო პროდუქტი დამოუკიდებლად არ არის ხელმისაწვდომი.

15.სარეკლამო მასალის მომზადების დროს უნდა მოხდეს შემდეგი წესების გათვალისწინება: ა) თუ კრედიტის/დეპოზიტის რეკლამირებისას შეთავაზებაში მითითებულია/განმარტებულია ამ საფინანსო პროდუქტის ფასის განმსაზღვრელი ნებისმიერი პარამეტრი, გარდა ეფექტური საპროცენტო განაკვეთისა (საპროცენტო განაკვეთი, სარგებლობის საკომისიო და ა. შ.), ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებელს სავალდებულო სახით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საფინანსო პროდუქტის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზეც. თუ ფასის განმსაზღვრელი ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე პარამეტრი მიბმულია საჯარო ინდექსზე, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია ამ პროდუქტის რეკლამაში/შეთავაზებაში მიუთითოს, რომ პარამეტრი მიბმულია ინდექსზე; ბ) თუ კრედიტის/დეპოზიტის მომხმარებლისათვის შეთავაზება ხდება პირადად, მათ შორის, დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებებით (ბანკომატი, გადახდის თვითმომსახურების კიოსკი, ტელეფონი, მობილური ტელეფონი, ფოსტა, ელექტრონული ფოსტა, მობაილბანკი, ინტერნეტბანკი ან სხვა მსგავსი), ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებელს სავალდებულო სახით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საფინანსო პროდუქტის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე; გ) კრედიტის/დეპოზიტის პროდუქტის რეკლამირებაში/შეთავაზებაში (გარდა ვერბალური შეთავაზებისა) ეფექტურ საპროცენტო განაკვეთთან ერთად საფინანსო პროდუქტის ფასის განმსაზღვრელი სხვა ნებისმიერი პარამეტრის გამოყენების შემთხვევაში, ყველა ამ პარამეტრის, მათ შორის, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის, ფონტის ზომა და ვიზუალი უნდა იყოს ერთმანეთის იდენტური. თუ რეკლამირების/შეთავაზების შემთხვევაში ვერბალურად ხდება საფინანსო პროდუქტის ფასის განმსაზღვრელი ნებისმიერი პარამეტრის გაჟღერება, უნდა გაჟღერდეს ასევე ეფექტური საპროცენტო განაკვეთიც; დ) თუ საფინანსო პროდუქტის შეთავაზებაში ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ არის თავიდანვე ცალსახა, რამდენადაც მისი მნიშვნელობა დამოკიდებულია ფინანსური ხარჯების მოცულობაზე, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დათვლისას გამოყენებული უნდა იქნეს მაგალითი ამ წესის დანართი №6-ის მიხედვით; ე) ისეთი საკრედიტო პროდუქტის შეთავაზებისას, სადაც მსესხებელია ფინანსური ინსტიტუტი, ასევე, დეპოზიტების შეთავაზებისას კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია გამჟღავნების ტექსტის მოკლე ვარიანტი განათავსოს პროდუქტის ყველა ტიპის შეთავაზებაში, მათ შორის, ბეჭდვითი, სატელევიზიო ან სხვა მედიაში რეკლამირების დროს; ვ) ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია რეკლამაში/შეთავაზებაში მიუთითოს მხოლოდ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით ინდექსის მითითების მოთხოვნის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, რეკლამაში/შეთავაზებაში მითითებული უნდა იყოს, რომ აღნიშნული განაკვეთი წარმოადგენს ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს; ზ) ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს საკრედიტო შუამავლის მიერ მომხმარებლისთვის პროდუქტის შეთავაზებისას ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება. თუ საკრედიტო შუამავალი ფინანსურ ორგანიზაციასთან დაკავშირებული პირია, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ შორის, ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულებითაც.

15¹.აკრძალულია ფინანსური ორგანიზაციის მიერ ისეთი საკრედიტო პროდუქტის/მომსახურების შეთავაზების/რეკლამირების განხორციელება, რომლის დაფარვის წყარო დაკავშირებულია სოციალურ დახმარებასთან/პენსიასთან; აღნიშნულზე ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან მომხმარებელთან დადებული/გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმება დაუშვებელია. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეთავაზება/რეკლამირება შესაძლებელია ხელშეკრულებისგან დამოუკიდებელი, მომხმარებლის პირადი განცხადების/ხელწერილის საფუძველზე. დამატებით, მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს აღნიშნული პირადი განცხადების/ხელწერილის გაუქმების უფლება.

16.ბანკი ვალდებულია, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ყოველგვარი დამატებითი ხარჯისა და საკომისიოს გარეშე მისცეს მას წვდომა ამავე ბანკში არსებულ მომხმარებლის საფინანსო პროდუქტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე მინიმუმ ინტერნეტბანკის ან/და მობაილბანკის არხით, არსებობის შემთხვევაში, ხოლო, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, მინიმუმ სხვა ერთი დისტანციური საკომუნიკაციო არხის (ინტერნეტი, მობილური ტელეფონი) საშუალებით ბანკის სისტემის ტექნიკური მოწყობის ფარგლებში.

17.ფინანსურ ორგანიზაციაში და მომხმარებელთან არსებულ ხელშეკრულებებს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა.

18.მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მას მოქმედ ანგარიშებზე დაუყოვნებლივ, ხოლო დახურულ ანგარიშებზე ფინანსური ორგანიზაციის ტექნიკური მოწყობის ფარგლებში, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, მატერიალურად ან მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი სხვა სანდო საშუალებით, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, მიაწოდოს: ა) ინფორმაცია მიმდინარე ანგარიშის, ასევე, საკრედიტო და სადეპოზიტო პროდუქტების თაობაზე დამოწმებული ამონაწერის სახით მინიმუმ თვეში ერთხელ, მოქმედი მიმდინარე ანგარიშისთვის მაქსიმუმ უკანასკნელი ორი წლის, ხოლო დახურული მიმდინარე ანგარიშისთვის დახურვის თარიღამდე მაქსიმუმ ორი წლის ამონაწერის გაცემა უნდა იყოს უფასო. მინიმუმ თვეში ერთხელ, საკრედიტო და სადეპოზიტო პროდუქტებზე შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდის ამონაწერის გაცემა უნდა იყოს უფასო. მომხმარებლისათვის მიწოდებული ანგარიშის ამონაწერი უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას: ინფორმაცია ანგარიშიდან თანხის გატანის/გადარიცხვის და ანგარიშზე თანხის შეტანის/ჩარიცხვის თარიღებისა და ოდენობების შესახებ მინიმუმ ბოლო ამონაწერის შემდგომი პერიოდიდან ან მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი პერიოდიდან; ბ) ცნობა დავალიანების შესახებ. აღნიშნულ ცნობაში უნდა მიეთითოს ინფორმაცია მოქმედი ხელშეკრულების/ხელშეკრულებების ფარგლებში, როგორც ათვისებული თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის, საკომისიოსა და ნებისმიერი სახის ჯარიმის/პირგასამტეხლოს, ასევე, ასათვისებელი ლიმიტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოცულობის შესახებ.

19.ამ მუხლის მე-18 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, ასევე, ამ წესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ინფორმაციის ოფიციალურ ბლანკზე (წინასწარ ამობეჭდილ და სპეციალური აღრიცხვის ტიტულოვან ფურცელზე) განთავსების შემთხვევაში, ფინანსურ ორგანიზაციას უფლება აქვს დააწესოს საკომისიო. ასეთ შემთხვევაში, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს შესთავაზოს ინფორმაციის გაცემა შესაბამისი უფასო ალტერნატივის სახით.

20.თუ ხელშეკრულებაში მოცემული პირობების შესაბამისად მოსალოდნელია სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცალმხრივი ცვლილება ან/და სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდა, გარდა ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული და მომხმარებლის ქმედებით გამოწვეული გარემოებების დადგომის გამო ცვლილებისა/ფასის ზრდისა, ამ წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით დარეგულირებული შემთხვევებისა, ასევე, როდესაც ამ მუხლის 21-ე პუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდებიან წინასწარი შეტყობინების ვალდებულების გაუქმებაზე, ფინანსურმა ორგანიზაციამ აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს, ასევე, კრედიტის უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრეს, თავდებს/სოლიდარულ თავდებს, თუ მომხმარებელი და მასზე გაცემული/გასაცემი კრედიტის უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრე სხვადასხვა პირია ან/და ვალდებულება უზრუნველყოფილია თავდებობით/სოლიდარული თავდებობით, სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შესახებ უნდა აცნობოს ცვლილების განხორციელებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში – არანაკლებ ერთი თვით ადრე, ხოლო ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული და მომხმარებლის ქმედებით გამოწვეული გარემოებების დადგომის გამო ცვლილების/ფასის ზრდის შემდეგ ხუთი სამუშაო დღის ვადაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარი შეტყობინების ფორმით ყოველგვარი დამატებითი გადასახდელის გარეშე. ამ პუნქტის მიზნებისათვის მხოლოდ საჯარო სივრცეში განთავსებული განცხადება ხელშეკრულების პირობების ცვლილების შესახებ არ ჩაითვლება მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებად. ფინანსური ორგანიზაცია არ აგებს პასუხს ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის, თუ მომხმარებელთან, უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრესთან, თავდებთან/სოლიდარულ თავდებთან დაკავშირება/მისთვის ინფორმაციის მიწოდება ვერ ხერხდება ადრესატის მიერ საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილების გამო და/ან შეიცვალა უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრე და აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს და/ან ადრესატს არ უცნობებია ფინანსური ორგანიზაციისთვის.

21.ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე წინასწარი შეტყობინების ვალდებულების გაუქმება დასაშვებია, თუ საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულების პირობების ცვლილება ხორციელდება მომხმარებლის სასარგებლოდ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 17 თებერვლის ბრძანება №16/04 - ვებგვერდი, 18.02.2022 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 6 იანვრის ბრძანება №4/04 - ვებგვერდი, 06.01.2023 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №355/04 - ვებგვერდი, 05.12.2023 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 მაისის ბრძანება №131/04 - ვებგვერდი, 31.05.2024წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2022³10511125475101243
მნიშვნელობით ახლოსფინანსური ორგანიზაციებ…მომხმარებლის უფლებების…ელექტროენერგიის საცალო…ელექტრონული კომერციის …საგადახდო სისტემისა და…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა