1.მომხმარებლის მიერ მის სარგებლობაში არსებული საკრედიტო პროდუქტის (გარდა ოვერდრაფტისა და საკრედიტო ბარათებისა) შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, ფინანსურმა ორგანიზაციამ მას ყოველგვარი დამატებითი გადასახდელის გარეშე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს მინიმუმ შემდეგი ინფორმაცია: ა) კრედიტის ნაშთი; ბ) კრედიტის შემდგომი შენატანის ვადა და ოდენობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს შეუძლებელია ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების გამო; გ) საშეღავათო ან სხვა პირობების არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია მათ შესახებ და ამ პირობის გამოყენებისათვის არსებული ვადები და საჭირო შენატანები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს შეუძლებელია ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების გამო.
2.მომხმარებლის მიერ მის სარგებლობაში არსებული ოვერდრაფტისა და საკრედიტო ბარათის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, ფინანსურმა ორგანიზაციამ მას ყოველგვარი დამატებითი გადასახდელის გარეშე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს მინიმუმ შემდეგი ინფორმაცია: ა) ანგარიშიდან ათვისებული ლიმიტის შესახებ ინფორმაცია; ბ) ოვერდრაფტის/საკრედიტო ბარათის საპროცენტო განაკვეთი ან განაკვეთები ამონაწერის პერიოდის განმავლობაში; გ) მინიმალური სავალდებულო გადასახდელი თანხა, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებაში; დ) საშეღავათო ან სხვა პირობების არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია მათ შესახებ და ამ პირობის გამოყენებისათვის საჭირო ვადები და შენატანები.
3.ოვერდრაფტით და/ან საკრედიტო ბარათით სარგებლობის შემთხვევაში ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებელს უნდა შესთავაზოს ანგარიშის ამონაწერის მინიმუმ ყოველთვიური სიხშირით გაცემის მომსახურება ყოველგვარი დამატებითი გადასახდელების გარეშე. მომხმარებლის მიერ აღნიშნული მომსახურების მიღების სურვილის შემთხვევაში, ფინანსურმა ორგანიზაციამ მას უნდა შესთავაზოს მომსახურების მიწოდების წერილობითი ან ელექტრონული ფორმა. ამ პუნქტის მიზნებისათვის წერილობითი შეტყობინების მომსახურებას მიეკუთვნება წერილობითი დოკუმენტის მომხმარებლისათვის დაუყოვნებლივ გაცემა მისი ფინანსურ ორგანიზაციაში გამოცხადების შემთხვევაში.
4.მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მას დაუყოვნებლივ, მატერიალურად ან მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი სხვა სანდო საშუალებით, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, მიაწოდოს: ა) ხელშეკრულების ასლი, რომელიც შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა იყოს დამოწმებული ფინანსური ორგანიზაციის აღნიშვნებით. მოქმედი ხელშეკრულებებისთვის, ასევე ხელშეკრულებებისთვის, რომელთა მოქმედების დასრულებიდან/შეწყვეტიდან არ გასულა 2 წელი, მინიმუმ წელიწადში ერთხელ, აღნიშნული ხელშეკრულებების ასლის გაცემა უნდა იყოს უფასო; ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშების დეტალური წესი. მოქმედი ხელშეკრულებებისთვის, ასევე ხელშეკრულებებისთვის, რომელთა მოქმედების დასრულებიდან/შეწყვეტიდან არ გასულა 2 წელი, მინიმუმ წელიწადში ერთხელ, აღნიშნული წესის გაცემა უნდა იყოს უფასო. ინდექსის ყოველი ცვლილებიდან აღნიშნული ვადა აითვლება ახლიდან; გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული განახლებული მომავალი შენატანებისა და გამოტანების დეტალური გრაფიკი, რომელშიც მოცემული უნდა იყოს მინიმუმ შემდეგი ინფორმაცია: კრედიტის ძირითადი თანხა, პროცენტი, ფინანსური ორგანიზაციის მიერ დაწესებული სხვა გადასახდელები, კრედიტის დარჩენილი ვადა. გრაფიკის ყოველი ცვლილებისას, ასევე, ცვლილების გარეშე მინიმუმ წელიწადში ერთხელ გრაფიკის გაცემა უნდა იყოს უფასო; დ) განხორციელებული შენატანებისა და გამოტანების დეტალური ამონაწერი, რომელშიც მოცემული უნდა იყოს მინიმუმ შემდეგი ინფორმაცია: პერიოდის დასაწყისისათვის, ასევე, ყოველი შენატანის ან გამოტანის განხორციელებამდე არსებული კრედიტის/დეპოზიტის ძირითადი თანხა, პერიოდის ბოლოსათვის, ასევე, ყოველი შენატანის ან გამოტანის განხორციელების შემდეგ დარჩენილი კრედიტის/დეპოზიტის ძირითადი თანხის ნაშთი, კრედიტის შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი, ამონაწერის პერიოდის შიგნით საპროცენტო განაკვეთის ცვლილების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით, კრედიტზე განხორციელებული ყოველი შენატანიდან თანხების გადანაწილება პროცენტის, პირგასამტეხლოს, ფინანსური ორგანიზაციის მიერ დაწესებული სხვა გადასახდელებისა (თითოეული ტიპის გადასახდელის მითითებით) და ძირითადი თანხის მიხედვით, ასევე, თითოეული ტიპის გადასახდელზე პერიოდის დასაწყისისათვის არსებული საწყისი დავალიანება და პერიოდის ბოლოსათვის დარჩენილი ჯამური დავალიანება. მოქმედი ხელშეკრულებებისათვის, ასევე ხელშეკრულებებისთვის, რომელთა მოქმედების დასრულებიდან/შეწყვეტიდან არ გასულა 2 წელი, მინიმუმ წელიწადში ერთხელ აღნიშნული ამონაწერის გაცემა უნდა იყოს უფასო.
5.ხელშეკრულების პირობების ცვლილების შესახებ დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, თუ იცვლება ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ცვლილებების შესახებ ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს მინიმუმ იმ პირობებს, რომლებმაც განიცადეს ცვლილება და ხელშეკრულების თავსართს. ამ შემთხვევაში ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დათვლილი უნდა იყოს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თარიღიდან ხელშეკრულების დასრულებამდე პერიოდზე.
6.თუ იცვლება ინდექსის ოდენობა, რომელზეც საპროცენტო განაკვეთია მიბმული, ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებელს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია შეცვლილი ინდექსის ოდენობის და საპროცენტო განაკვეთის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდულობით.
7.კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში, ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ახალი საპროცენტო განაკვეთის ძალაში შესვლის შემდეგ შენატანების სიდიდეს, ასევე, შენატანების რაოდენობასა და სიხშირეს (ასეთის ცვლილების შემთხვევაში).
8.მომხმარებლის მიერ კრედიტის ვადაგადაცილებისა და სხვა ნებისმიერი ტიპის დავალიანების წარმოშობის, ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შეწყვეტის/დროებით შეჩერების (მაგალითად, საკრედიტო ლიმიტის შეჩერება) შემთხვევაში, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია გამოიყენოს მომხმარებლის მიერ მისთვის მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაცია და აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს, (ხელშეკრულების ფარგლებში რამდენიმე მომხმარებლის არსებობის შემთხვევაში – ყველა მათგანს)б ასევე თავდებს და/ან სოლიდარულ თავდებს და/ან იპოთეკის/გირავნობის საგნის მესაკუთრეს (არსებობის შემთხვევაში) შეატყობინოს ზემოაღნიშნული გარემოების დადგომისას დაუყოვნებლივ, ფინანსური ორგანიზაციის ტექნიკური მოწყობის შესაძლებლობების ფარგლებში, მაგრამ არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა. ფინანსური ორგანიზაცია არ აგებს პასუხს ვალდებულების დარღვევისათვის, თუ დაკავშირება/მისთვის ინფორმაციის მიწოდება ვერ ხერხდება ადრესატის ბრალეულობით და/ან ადრესატმა შეიცვალა საკონტაქტო ინფორმაცია და ამის შესახებ არ უცნობებია ფინანსური ორგანიზაციისთვის.
9.ფინანსური ორგანიზაციის მიერ გაცემული სესხის მესამე პირზე გასხვისების შემთხვევაში, ფინანსურმა ორგანიზაციამ აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა, უნდა მოახდინოს მომხმარებლის ინფორმირება სათანადო ფორმით ტექნიკური მოწყობის შესაძლებლობების ფარგლებში. ფინანსური ორგანიზაცია არ აგებს პასუხს ამ ვალდებულების დარღვევისათვის, თუ მომხმარებელთან დაკავშირება/მისთვის ინფორმაციის მიწოდება ვერ ხერხდება ადრესატის ბრალეულობით და/ან ადრესატმა შეიცვალა საკონტაქტო ინფორმაცია და ამის შესახებ არ უცნობებია ფინანსური ორგანიზაციისთვის.
10.ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია შეინახოს ამ მუხლის მე-6 – მე-9 პუნქტებით განსაზღვრული შეტყობინებების დამადასტურებელი ინფორმაცია ხელშეკრულების სრული მოქმედების პერიოდში, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობისა და გასაჩივრების ვადების გასვლამდე, თუ კანონმდებლობით უფრო ხანგრძლივი ვადა არ არის გათვალისწინებული. მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში ფინანსურმა ორგანიზაციამ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს აღნიშნული ინფორმაცია.
11.თუ კრედიტზე, მათ შორის, ორმხრივი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, იზრდება შენატანის ოდენობა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ამ ცვლილების განხორციელების მომენტში მსესხებელი და/ან თავდები და/ან სოლიდარული თავდები და/ან იპოთეკის/გირავნობის საგნის მესაკუთრე ეთანხმება შეცვლილ პირობებს, ასევე, ამ წესის მე-3 მუხლის მე-20 პუნქტით და მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია გამოიყენოს მომხმარებლის მიერ მისთვის მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაცია და აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს (ხელშეკრულების ფარგლებში რამდენიმე მომხმარებლის არსებობის შემთხვევაში – ყველა მათგანს), თავდებს და/ან სოლიდარულ თავდებს და/ან იპოთეკის/გირავნობის საგნის მესაკუთრეს (არსებობის შემთხვევაში) შეატყობინოს შენატანის შეცვლილი ოდენობისა და შეცვლილი პირობების შესახებ ცვლილებამდე არანაკლებ ხუთი სამუშაო დღით ადრე. ასევე, მომხმარებლის (რამდენიმე მომხმარებლის არსებობის შემთხვევაში ყოველი მათგანის) მიერ ცვლილების განხორციელების მომენტში შეცვლილ პირობებზე დათანხმების შემთხვევაში, თავდებს და/ან სოლიდარულ თავდებს და/ან იპოთეკის/გირავნობის საგნის მესაკუთრეს (არსებობის შემთხვევაში) შეატყობინოს შენატანის შეცვლილი ოდენობისა და შეცვლილი პირობების შესახებ ცვლილების შემდეგ არაუგვიანეს ხუთ სამუშაო დღეში. ფინანსური ორგანიზაცია არ აგებს პასუხს ვალდებულების დარღვევისათვის, თუ დაკავშირება/ინფორმაციის მიწოდება ვერ ხერხდება ადრესატის ბრალეულობით და/ან ადრესატმა შეიცვალა საკონტაქტო ინფორმაცია და ამის შესახებ არ უცნობებია ფინანსური ორგანიზაციისთვის. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 17 თებერვლის ბრძანება №16/04 - ვებგვერდი, 18.02.2022 წ.

