1.მოთხოვნის შემთხვევაში ქსელის მფლობელი ვალდებულია, გაატაროს სხვისი კუთვნილი ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი და სასმელი წყალი, სისტემის ოპერატორის ან წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ წინასწარგანსაზღვრულ წერტილამდე.
2.ქსელის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებული ქსელის გამართული მუშაობა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის ამ წესებისა და ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების შესაბამისად. ქსელის მფლობელი ვალდებულია გაწიოს ყველა გონივრული ხარჯი, რაც აუცილებელია აღნიშნული ქსელის გამართულად ფუნქციონირებისთვის.
3.გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის/წყალმომარაგების ლიცენზიატის მოთხოვნის შემთხვევაში, ქსელის მფლობელი ვალდებულია, მასთან დადოს გატარების ხელშეკრულება და სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ გაატაროს სხვისი კუთვნილი ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი ან სასმელი წყალი. საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე პასუხისმგებელია სისტემის ოპერატორი ან წყალმომარაგების ლიცენზიატი, ამასთან, ის ვალდებულია უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის მოწყობა, ექსპლუატაცია და გამართული ფუნქციონირება.
4.გატარების ხელშეკრულება სხვა საკითხებთან ერთად უნდა განსაზღვრავდეს ქსელში ავარიის შემთხვევაში რეაგირების მექანიზმებს, ასევე ქსელის მფლობელის ვალდებულებას წყვეტის აღმოფხვრასა და ავარიის შესახებ დროულ ინფორმირებაზე, ისე რომ არ დაირღვეს კომისიის მიერ დამტკიცებული ,,მომსახურების ხარისხის წესებით“ ქსელით მოსარგებლისთვის დადგენილი როგორც ავარიის აღმოფხვრის, ისე საბოლოო მომხმარებელთა ინფორმირების წესი და პროცედურები.
5.თუ გატარების ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, აღდგენითი სამუშაოების კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადებში შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი და წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, ქსელის მფლობელის წინასწარ გაფრთხილების და გონივრულ ვადის გასვლის შემდეგ, თვითონ უზრუნველყოს ქსელის აღდგენითი სამუშაოების განხორციელება და ქსელის მფლობელს მოსთხოვოს ამ მიზნით გაწეული გონივრული ხარჯების ანაზღაურება. თუ ქსელის მფლობელი, აღნიშნული მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში არ აანაზღაურებს გაწეულ ხარჯებს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი და წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია ასანაზღაურებელი თანხა გაქვითოს გატარების საფასურიდან.
6.თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების გამო ქსელით სარგებლობისთვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის შესაბამისად.
7.მხარეები უფლებამოსილი არიან წინამდებარე წესებით განსაზღვრული გატარების მომსახურების ნაცვლად ურთიერთობა დაარეგულირონ სხვა, ამ წესებისგან განსხვავებული პირობებით, მათ შორის ისეთ შემთხვევაშიც, თუ ქსელის მფლობელი ქსელს არ იყენებს საკუთარი მოხმარებისთვის და არ აქვს ქსელის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით პირადი ინტერესი.
8.თუ გონივრულობის ფარგლებში მიღებული ზომების მეშვეობით შეუძლებელია გატარების მომსახურებაში მონაწილე ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის, გამანაწილებელი ქსელის, ან წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მესაკუთრის იდენტიფიცირება, ასეთი მოწყობილობის ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის ვალდებულება ეკისრება იმ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან წყალმომარაგების ლიცენზიატს, რომელიც სარგებლობს ამ ქსელით/სისტემით და ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს.

