1.შესაბამის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ ქსელის მფლობელისთვის გადახდილი გატარების მომსახურების ღირებულება კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება ტარიფის დადგენის დროს, ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის პირობების შესაბამისად.
2.გატარების მომსახურების ხარჯების ანაზღაურებისთვის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი და წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით, კომისიას აცნობოს, გატარების მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯის შესახებ, გატარების მომსახურების დაწყებიდან 3 თვის ვადაში.
3.თუ კომისია მიიჩნევს, რომ კონკრეტული გატარების მომსახურების ხარჯის ანაზღაურება არაგონივრულია (ტექნიკური და ფინანსური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე) და მიზანშეწონილია ამ ქსელის შეძენა, იჯარის ხელშეკრულების გაფორმება ან/და ახალი ალტერნატიული ხაზის მშენებლობა, ასეთ შემთხვევაში, კომისიის მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, კონკრეტული ქსელის მეშვეობით გატარების მომსახურების ხარჯი არ იქნება გათვალისწინებული (არ ანაზღაურდება) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის, კომისიის მიერ დამტკიცებულ შესაბამის განაწილების მომსახურების ან სასმელი წყლის მიწოდების ტარიფში (შემდეგი რეგულირების პერიოდზე).
4.ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის პირობების შესაბამისად, გატარების მომსახურების ხარჯები, სისტემის ოპერატორის ან წყალმომარაგების ლიცენზიატის შესაბამისი ტარიფში უნდა აისახოს: ა) ხელშეკრულების ამოქმედების თარიღიდან, თუ ეს ხელშეკრულება კომისიისთვის მიწოდებულია გაფორმებიდან 3 თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარების მომსახურების ხელშეკრულების კომისიისთვის მიწოდების თარიღიდან (ხოლო, თუ ეს ხელშეკრულება გატარების მომსახურების დაწყების უფრო გვიან თარიღს ითვალისწინებს – გატარების მომსახურების დაწყების თარიღიდან); ბ) თუ გატარებაში მონაწილე ქსელი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და კომისიაში წარმოდგენილია გატარებაში მონაწილე ქსელის ანგარიშსწორების პერიოდისთვის შედგენილი, აუდიტორული ანგარიში და აქტივების ინვენტარიზაციის აქტი (ანგარიშსწორების პერიოდისთვის შედგენილი აქტები არ უნდა იყოს 5 წელზე მეტი ხნით ხანდაზმული).
5.სისტემის ოპერატორს/წყალმომარაგების ლიცენზიატს უფლება არა აქვს, გატარების მომსახურებისათვის ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რაც კომისიის მიერ დადგენილია ამ სისტემის ოპერატორის/წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის ანალოგიური მომსახურებისთვის.
6.იმ შემთხვევაში, თუ მხარეები გატარების მომსახურების ანაზღაურების ამ წესებისგან განსხვავებულ მეთოდზე (ოდენობაზე) თანხმდებიან, სისტემის ოპერატორს და წყალმომარაგების ლიცენზიატს უფლება აქვთ წინასწარ შეატყობინონ კომისიას აღნიშნული შეთანხმების პირობების შესახებ და მოითხოვონ განმარტება შეთანხმებით გათვალისწინებული ხარჯების ტარიფში ასახვასთან დაკავშირებით. ხარჯების მიზანშეწონილობის თაობაზე მტკიცების ტვირთი ეკისრება შესაბამისად, სისტემის ოპერატორს ან წყალმომარაგების ლიცენზიატს.

