1.წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებ ისას, მიერთების საფასური გადაიხდება მხოლოდ ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. მიერთების საფასური ერთჯერადი გადასახდელია. ამასთან, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მიერთების საფასურის საავანსო და ეტაპობრივი გადახდის წესზეც.
2.მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მოთხოვნით (ელექტრონული ან წერილობითი ფორმით) მიმართოს შესაბამის წყალმომარაგების ლიცენზიატს.
3.წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების წესები და მოთხოვნები (წესების მე-18 და 18 1 მუხლები) ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული წყალმომარაგების სისტემასთან და არ ხდებოდა მისთვის სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად, აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნა. 3 1 . წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ასევე ვრცელდება იმ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის წყალმომარაგების აღდგენაზე, რომელსაც სასმელი წყალი აღარ მიეწოდება და ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ობიექტზე მომხმარებელს წყალმომარაგების სისტემიდან არ მოუხმარია სასმელი წყალი და არც მიუმართავს წყალმომარაგების ლიცენზიატისათვის წყალმომარაგების აღდგენის მოთხოვნით (იმავე პერიოდში).
4.წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური არ ვრცელდება: ა) იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის წყალმომარაგებაზე, რომელზეც ხდება (ან ხდებოდა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წყალმომარაგება; ბ) (ამოღებულია - 15.11.2023, №44); გ) სასმელი წყლის მიღების ან/და წყალარინების მიზნით წყალმომარაგების სისტემაზე დროებით მიერთებაზე (ამ წესების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში). დ) იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის წყალმომარაგებაზე, რომელიც არ მდებარეობს წყალმომარაგების ლიცენზიის მოქმედების არეალში, აგრეთვე აღნიშნული უძრავი ქონების გაყოფის შემთხვევაში, გამოყოფილი ქონების წყალმომარაგების სისტემასთან მიერთებაზე.
4¹.(ამოღებულია - 15.11.2023, №44);
4².თუ მომხმარებლის კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც მიერთებული იყო წყალმომარაგების სისტემასთან გაიყო და მის ადგილზე განვითარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, გამოყოფილი უძრავი ქონების/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთებაზე ვრცელდება წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების წესი, შესაბამისი საფასური და პროცედურები, მიუხედავად იმისა, თუ რა ტექნიკური პარამეტრებით იყო მიერთებული თავდაპირველი ქონება წყალმომარაგების სისტემაზე. 4 3 . ამ წესების მიზნებისთვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს შენობას, რომელიც შედგება მინიმუმ სამი ბინისგან, ხოლო ბინა წარმოადგენს ინდივიდუალური საკუთრების საგანს, რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად.
4⁴.როდესაც წყალმომარაგების სისტემასთან ინდივიდუალურად მიერთებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში უძრავი ქონების გაყოფისას ადგილი აქვს გამოყოფილი უძრავი ქონების წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების ისეთ მოთხოვნას, რომელიც არ იწვევს ამ მრავალბინიანი სახლის წყალმომარაგების სისტემის გაძლიერება-რეკონსტრუქციას, ასეთ შემთხვევაში წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ უნდა მოხდეს ახალი ტექნიკური პირობის გაცემა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობა (სრული ტექნოლოგიური ციკლით უზრუნველყოფა). ამასთან, ახალი მომხმარებლის სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურება და წყალმომარაგების სისტემასთან მიერთება ხორციელდება შემდეგნაირად: ა) თუ გამოყოფილი უძრავი ქონების მესაკუთრე ითხოვს წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებას, ახალი მიერთება უნდა შესრულდეს იმ ვადაში და ახალმა მომხმარებელმა სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურებისთვის უნდა გადაიხადოს ის საფასური, რაც მოცემულია წესების დანართი №4-ის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებაზე (შეთავაზებული პაკეტის მიხედვით); ბ) იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი მიერთება არ საჭიროებს წყალმომარაგების სისტემის მოწყობას, ან/და სხვა მოწყობილობების შეძენას, მშენებლობას ან/და დამონტაჟებას, მათ შორის, მრიცხველის მოწყობას, ასევე წესების მე-6 მუხლის 10 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახალი მომხმარებლის მიერ საფასურის გადახდა არ ხდება და მიერთების მსურველი მომხმარებლად უნდა დარეგისტრირდეს და მისი ობიექტის წყალმომარაგების მომსახურება უნდა დაიწყოს, შესაბამისი განაცხადით მიმართვიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა.
5.მომხმარებლის სამართლებრივი ფორმის ან მისი უძრავი ქონების, ან ამ ქონების ნაწილზე მფლობელის შეცვლა მომხმარებლისათვის (ან ახალი მომხმარებლებისათვის) არ წარმოადგენს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდის ან შეცვლის საფუძველს. აღნიშნული საფასურის გადახდის საფუძველს ასევე არ წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოებისა და ამ მიზნით გამოყენებული დანადგარებისა თუ ობიექტების ათვის სასმელი წყლის მიწოდების ან/და წყალარინების მიზნით წყალმომარაგების სისტემაზე დროებით მიერთება .
6.ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური დგინდება მისაერთებელი სასმელი წყლისა და წყალარინების მილების მოთხოვნილი დიამეტრის მიხედვით (დანართი №3).
7.წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სათანადო განაცხადის მიღებისთანავე დაიწყოს განაცხადის შესწავლა და მოთხოვნილი მიერთების უზრუნველყოფისათვის საჭირო მოქმედების განხორციელება.
7¹.მიერთების მსურველის მოთხოვნა ისეთი ობიექტის მიერთებაზე, რომელზეც ვრცელდება წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ამ წესების შესაბამისად, მიერთება შეიძლება განხორციელდეს წყალმომარაგების ქსელიდან მისაერთებელი ობიექტის 0-დან 100 მეტრის რადიუსში მდებარეობის შემთხვევაში, ხოლო 100მ-დან 200მ-მდე რადიუსში მდებარეობისას – მიერთება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მიერთების მსურველის მიერ განმეორებით მიმართვის შემთხვევაში, 100 მეტრზე მეტი (100-დან 200მ-მდე) რადიუსში მიერთების მოთხოვნით, ამ წესების 18 1 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.
8.ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ. წყალმომარაგების ლიცენზიატი უზრუნველყოფს ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელის) კუთვნილ ტერიტორიამდე მიერთებისთვის საჭირო ყველა სამუშაოსა და ხარჯს (სრულ ტექნოლოგიურ ციკლს), მათ შორის, წყალმომარაგების სისტემის გაყვანას, საშუალებების შეძენას, მიერთების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს, მის შესრულებასთან დაკავშირებულ თანხმობის ან ნებართვის მოპოვებას და ყველა სახის საჭირო მოქმედებას და სამუშაოს (აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და წყალმომარაგების დაწყების ჩათვლით), რაც დაკავშირებულია წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფასა და წყალმომარაგებასთან. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების შემთხვევაში, შენობა-ნაგებობაში წყალმომარაგების ქსელის მოწყობას ამ შენობა-ნაგებობასთან მოწყობილ პირველ ჭამდე, უზრუნველყოფს ახალი მომხმარებელი, წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ გაცემული ტექნიკური პირობის საფუძველზე. 8 1 . ( ამოღებულია - 27.11.25, №33 ) ;
9.დაუშვებელია მიერთების მსურველის (განმცხადებლის) მიერ მიერთების უზრუნველყოფისათვის საჭირო საშუალებების შეძენა ან/და წყალმომარაგების სისტემაზე მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო სამუშაოების წარმოება, მასთან დაკავშირებული საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ან რაიმე სახის თანხმობის, ან ნებართვის მიღებაში მონაწილეობა. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) არ არის ვალდებული წყალმომარაგების ლიცენზიატს წარუდგინოს რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია (განაცხადში მოცემული ინფორმაციის გარდა), ან დაესწროს წყალმომარაგების დაწყებას. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების პროცესში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების მსურველთან (განმცხადებელთან) ურთიერთობა აწარმოოს მხოლოდ ერთი უფლებამოსილი პირის მეშვეობით.
10.წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის (ამ წესების შესაბამისად სრულად ან ნაწილობრივ) გადახდის შემდეგ, ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოები (სრული ტექნოლოგიური ციკლი) განახორციელოს დასახლებათა (ქალაქი, დაბა, სოფელი) ტერიტორიულ საზღვრებში, წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული წყალმომარაგების ქსელიდან (სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელიდან, რომელშიც მიედინება სასმელი წყალი, ხოლო წყალარინების ქსელზე მიერთებისას – მოქმედი წყალარინების ქსელიდან) 200 მეტრის რადიუსში. სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელიდან რადიუსის გაანგარიშებაში არ გაითვალისწინება წყალმომარაგების ის მილსადენები, რომლებშიც სასმელი წყალი უწყვეტად არ მიედინება სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების ჰიდრავლიკური რეჟიმებიდან გამომდინარე (სადაც აღნიშნული რეჟიმი განპირობებულია ტექნიკური საჭიროებით და არა სასმელი წყლის შეზღუდვით/გრაფიკით მიწოდებით).
11.ახალი მომხმარებლის მიერთება უნდა განხორციელდეს მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მოთხოვნილი პირობების შესაბამისად. ამასთან: ა) მიერთების მსურველს (ახალ მომხმარებელს) უფლება აქვს აირჩიოს (განაცხადით მოითხოვოს): ა.ა) წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის შეთავაზებული პაკეტი, რომელიც მოიცავს სასმელი წყლის და წყალარინების მისაერთებელი მილის შესაბამის დიამეტრებს. ამასთან, მიერთების მსურველი უფლებამოსილია სასმელი წყლის და წყალარინების მისაერთებელი მილის დიამეტრები განცალკევებულად შეარჩიოს, თუ ეს განპირობებულია მისაერთებელი ობიექტის ტექნიკური აუცილებლობიდან გამომდინარე; ბ.ბ) მიერთების ტიპი, მათ შორის, სრული (სასმელი წყალი და წყალარინება), მხოლოდ სასმელი წყალი ან მხოლოდ წყალარინება; ბ) ობიექტის სასმელი წყლის ან წყალარინების რამდენიმე დამოუკიდებელი მილით მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში მიერთების საფასური განისაზღვრება ამ მიერთებების (მილების) ჯამური წარმადობიდან.
12.თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შედეგად ადგილი აქვს წყალმომარაგების სისტემაზე ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელის) მიერთებას, მიერთების საფასურის ოდენობა განსაზღვრული უნდა იქნეს ამ ობიექტის (ან ობიექტების) სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული (დადგენილი) მისაერთებელი წარმადობის ოდენობის შესაბამისად.
13.საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებისა და ამ მომხმარებლების აბონენტად აყვანის შემდეგ, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მომხმარებლებს (აბონენტებს) მომსახურება გაუწიოს კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.
14.წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებულ ახალ მომხმარებელს არ მოეთხოვება აბონენტად რეგისტრაციის მიზნით სპეციალური განაცხადით მიმართვა და ამ წესების მე-4 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განმეორებით განხორციელება.
15.ამ წესების შესაბამისად, ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის არ მქონე ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება და სასმელი წყლით მომარაგების დაწყება დაუშვებელია, სანამ არ მოხდება ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის მოწყობა (ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესაბამისად).
16.მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საშუალებების მშენებლობა ან/და ახალი მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის წყალმომარაგება, მხოლოდ წყალმომარაგების ლიცენზიატის უფლებამოსილებას განეკუთვნება აღნიშნულ სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა, აღრიცხვის კვანძის მოწყობა და წყალმომარაგების სისტემაზე შეჭრის სამუშაოების შესრულება. ამასთან: ა) თუ ახალი მომხმარებლის მიერთება ხდება ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის შესაბამისად მომსახურების სრული ტექნოლოგიური ციკლით – ამ სამუშაოების შედეგად წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ შექმნილი სასმელი წყლის მომარაგების ქსელი, მათ შორის, აღრიცხვის კვანძი (მიუხედავად აღრიცხვის კვანძის მდებარეობისა), ასევე წყალარინების ქსელი, მათ შორის, მომხმარებლის ტერიტორიასთან (ნაგებობასთან) მოწყობილი მიმღები ჭა, წარმოადგენს წყალმომარაგების ლიცენზიატის საკუთრებას (გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შენობა-ნაგებობაში და მის პირველ ჭამდე მოწყობილი წყალმომარაგების ქსელისა); ბ) თუ ახალი მომხმარებლის მიერთება ხდება ურთიერთშეთანხმებით და ამ მიერთებაზე არ ვრცელდება ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური – აღრიცხვის კვანძი (მიუხედავად აღრიცხვის კვანძის მდებარეობისა) წარმოადგენს წყალმომარაგების ლიცენზიატის საკუთრებას. ამასთან, თუ ადგილი აქვს ისეთი ობიექტის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებას, რომელიც არ მდებარეობს წყალმომარაგების ლიცენზიის მოქმედების არეალში, ასეთ შემთხვევაში აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს წყალმომარაგების ლიცენზიატის წყალმომარაგების ლიცენზიის მოქმედების არეალში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 ივნისის №6 დადგენილება - სსმ III, №72, 21.06.2010 წ., მუხ.1057 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 27.03.2012 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №10 - ვებგვერდი, 02.09.2013 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №23 - ვებგვერდი, 02.09.2015 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 09.08.2018 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 იანვარის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 29.01.2020 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 04.10.2021 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №33 - ვებგვერდი, 19.08.2022 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №44 - ვებგვერდი, 20.11.2023 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 28 ნოემბრის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 02.12.2024წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 01.12.2025წ.

