1.ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმების საფუძველზე, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნების შედეგებს და ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
2.ცესკო აჯამებს არჩევნების შედეგებს და ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რომელშიც აღინიშნება: ა) ამომრჩეველთა რაოდენობა; ბ) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა; გ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა; დ) საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა; ე) არჩეული პირის (პირების) ვინაობა; ვ) ამ კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული მონაცემები.
3.არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერენ ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს მდივანი. ოქმი ცესკოში ინახება, ხოლო ოქმის დამოწმებული ფოტოასლები ამ კანონით გათვალისწინებულ ორგანოებსა და ყველა დაინტერესებულ პირს გადაეცემა.
4.ცესკო საარჩევნო უბნებიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შემოსვლის პარალელურად უზრუნველყოფს ამ ოქმების მონაცემთა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს ეკრძალებათ არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ განცხადების გაკეთება, თუ ეს შედეგები სათანადო წესით არ არის გამოქვეყნებული ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
5.აკრძალულია ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება საერთო სასამართლოებში არსებული შესაბამისი საარჩევნო დავების დასრულებამდე და ამ სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სრულად გათვალისწინების გარეშე.
6.განცხადების/საჩივრის ან/და ცესკოს წევრის განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში ცესკო უფლებამოსილია არჩევნების შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე შეაჯამოს.
7.არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს და მას გადასცემს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც ოქმს 2 დღის ვადაში აქვეყნებს.
8.ცესკო ვალდებულია უზრუნველყოს ამ კანონის 83-ე მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული ოქმის საჯაროობა, მათ შორის, მისი დაუყოვნებლივ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით. ამასთანავე, თუ საარჩევნო უბნის შედეგები გასაჩივრებულია სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცესკო ვალდებულია ოფიციალური შეტყობინებისთანავე გააკეთოს სათანადო აღნიშვნა ვებგვერდზე განთავსებულ შესაბამის ოქმზე.
9.ცესკო ნებისმიერი არჩევნების დროს კენჭისყრის ჩატარებიდან 40 დღის ვადაში დაამუშავებს საოლქო საარჩევნო კომისიებისგან მიღებულ, ამ კანონის 84-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ საბუთებს და თითოეული შემთხვევისთვის ცალკე დოკუმენტს ქმნის. ყოველი დოკუმენტი შეიცავს ჩანაწერთა წიგნის სათანადო გვერდის დამოწმებულ ასლს და თანდართულ შესაბამის დოკუმენტებს. ეს მასალები კენჭისყრის ჩატარებიდან არაუგვიანეს 45-ე დღისა გადაეცემა სააგენტოს, რომელიც ვალდებულია შეისწავლოს ისინი შესაბამის პირთა ვინაობის გადასამოწმებლად. თუ გადამოწმების შედეგად გამოვლინდა არჩევნებში ყალბი ან სხვისი დოკუმენტის საფუძველზე მონაწილეობა ან მონაწილეობის მცდელობა, პირს დაეკისრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164 2 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. თავი XII. არჩევნების მეორე ტური

