1.ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: ა.ა) საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით; ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით; ა.გ ) ახლო ნათესავებთან შეხვედრით ( პაემნით ) , დამცველთან , დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან ( უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ) შეხვედრით; ა.დ) სატელეფონო საუბრებით და მიმოწერით; ა.ე) ამანათებისა და ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნით; ა.ვ) უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციებით; ბ) მიიღოს ზოგადი და პროფესიული განათლება; გ) მონაწილეობა მიიღოს სპორტულ, კულტურულ, აღმზრდელობით და რელიგიურ ღონისძიებებში; დ) მიიღოს ინფორმაცია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით; ე) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და პენიტენციური დაწესებულების ხელშეწყობით მოახდინოს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია; ვ) შეიტანოს მოთხოვნა, საჩივარი; ზ) ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე (ისარგებლოს გასეირნების უფლებით); თ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება.
2.მსჯავრდებული დამატებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობს: ა) სარეაბილიტაციო პროგრამებით სარგებლობის უფლებით; ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით; გ) აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) განათლების მიღების უფლებით − გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ხოლო აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით − არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში; დ) პროფესიული მომზადებისა და გადამზადების უფლებით.
3.ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში და შეხვდეს სასულიერო პირებს, თან იქონიოს და ისარგებლოს რელიგიური ლიტერატურითა და საკულტო საგნებით.
4.ბრალდებულის/მსჯავრდებულის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის და სასულიერო პირებთან შეხვედრის წესს განსაზღვრავს მინისტრი .
5.ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის გაწევის წესს ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 - ვებგვერდი, 22.06.2012წ. საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2241 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3523 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5015 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №943 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5280 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5392 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

