კომისიის სტატუსი და სამართლებრივი აქტები
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ კანონი, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კანონი, კომისიის დებულება და კომისიის მიერ დამტკიცებული სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. კომისია ახორციელებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების საქმიანობის რეგულირებასა და ზედამხედველობას როგორც ამ სექტორების მარეგულირებელი ერთადერთი ორგანო.
კომისია პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების — დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების კანონიერებაზე. მისი სამართლებრივი აქტები უნდა იყოს წერილობითი ფორმის, დასაბუთებული და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეიცავდეს განმარტებებს განხორციელების თაობაზე. ცალკეულ, ინდივიდუალურ, მათ შორის დადგენილებიდან გამომდინარე საკითხებზე კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებას იღებს. კანონით გათვალისწინებული წესები, პირობები, კრიტერიუმები, სტანდარტები, მექანიზმები და მეთოდები მტკიცდება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით — დადგენილებებით.
კომისიის ამოცანები
მოვალეობების შესრულებისას კომისიამ უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა რამდენიმე ამოცანის უზრუნველსაყოფად. ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოსთან, მხარეთა რეგულატორებთან და სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობით ხელს უწყობს კონკურენტული, უსაფრთხო და ეკოლოგიურად მდგრადი შიდა ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბებას, ბაზრის ეფექტიან გახსნას ყველა მომხმარებლისა და მიმწოდებლისთვის და ენერგეტიკული ქსელების ეფექტიანი და საიმედო ოპერირებისთვის სათანადო პირობების შექმნას. ის ხელს უწყობს ენერგიით ვაჭრობასთან დაკავშირებული შეზღუდვების აღმოფხვრას, უსაფრთხო, საიმედო, არადისკრიმინაციული და მომხმარებელზე ორიენტირებული სისტემების შემუშავებას, ენერგოეფექტურობის ხელშეწყობას და განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოების ინტეგრაციას ქსელებთან.
მომხმარებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ამოცანა, რომ მომხმარებლებს შეექმნათ ენერგეტიკული ბაზრების ეფექტიანი ფუნქციონირების შედეგად სარგებლის მიღების შესაძლებლობა, წახალისდეს ეფექტიანი კონკურენცია და მომხმარებელთა დაცვა. კომისიის ამოცანათა შორისაა აგრეთვე ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში გაწეული საჯარო მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა, მოწყვლადი მომხმარებლის დაცვა და მიმწოდებლის შეცვლისთვის საჭირო მონაცემთა გაცვლის პროცესების თავსებადობის ხელშეწყობა.
ავტორიზაციასთან და ზედამხედველობასთან დაკავშირებული ფუნქციები
ავტორიზაციისა და საქმიანობის პირობების დადგენის მიზნით კომისია გასცემს ლიცენზიას, შეაქვს მასში ცვლილებები, აჩერებს მის მოქმედებას და აუქმებს მას; ახორციელებს გადამცემი სისტემის ოპერატორების სერტიფიცირებას და მათ დამოუკიდებლობასა და განცალკევებასთან შესაბამისობაზე მუდმივ ზედამხედველობას; ადგენს რეგულირებული საწარმოების მიერ მომსახურების გაწევის წესებსა და პირობებს; განსაზღვრავს სასმელი წყლის ხარჯვის ნორმას; ადგენს სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებს, რომლებიც არეგულირებს ურთიერთობებს წყალმომარაგების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის; ამტკიცებს ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს და ბუღალტრული აღრიცხვის ერთიან სისტემას.
ზედამხედველობის ფუნქციებიდან აღსანიშნავია: რეგულირებული საწარმოების საქმიანობაზე ზედამხედველობა და მათი კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; საჯარო მომსახურების გაწევაზე ზედამხედველობა; ენერგეტიკული საწარმოების რეესტრის წარმოება; რეგულირებული საწარმოს ადგილზე შემოწმება, მათ შორის წინასწარი შეტყობინების გარეშე; ანგარიშგების წესის განსაზღვრა. კომისია ასევე ადგენს ხარისხის სტანდარტებს სისტემების ოპერირებისა და მომსახურების გაწევისთვის და კომპენსაციის მექანიზმებს ხარისხის სტანდარტებთან შეუსაბამობისთვის.

