1.ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის, კერძოდ, საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევის ფაქტის გამოვლენის მიზნით, საკონტროლო შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით (ამ წესის მიზნებისთვის შემდგომში – კომუნიკაციის ელექტრონული საშუალება), თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირი ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას.
2.კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის შედეგებზე საგადასახადო ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-4 – მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურა ხორციელდება, თუ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით საკონტროლო შესყიდვისას იდენტიფიცირებულ იქნა პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი ან/და საბანკო ანგარიშის ნომერი.
3.კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით საკონტროლო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია გამოიყენოს ტექნიკური საშუალებები აუდიო მტკიცებულების შექმნის მიზნით.
4.კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით საკონტროლო შესყიდვის განხორციელების დასრულებისთანავე (მიუხედავად იმისა, საკონტროლო შესყიდვა დასრულდა შეთავაზებით თუ საქონლის/მომსახურების შესყიდვით) პირს განემარტება განხორციელებული პროცედურის მიზანი და შედეგი, ეცნობება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ვინაობა, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისა და თანამდებობის მითითებით. ამასთანავე, მიეწოდება ინფორმაცია, რომ განხორციელდა საუბრის აუდიო ჩაწერა. ელექტრონული კომუნიკაციით საკონტროლო შესყიდვა შესაძლებელია დასრულდეს შეთავაზებით, თუ იდენტიფიცირებულ იქნა პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი ან/და საბანკო ანგარიშის ნომერი და აუდიო ჩანაწერით დასტურდება სამართალდარღვევის ფაქტი.
5.კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით საკონტროლო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, „საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ“ ოქმი (დანართი №2) არ შედგება და საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ, პროცედურის შედეგი აისახება საგადასახადო ორგანოში არსებული სპეციალური ერთიანი ელექტრონული ბაზის შესაბამის ველში.
6.იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით განხორციელებული საკონტროლო შესყიდვით დადასტურდა საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტი, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ელექტრონული ფორმით ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც დადგენილი წესით ბარდება/ეგზავნება სამართალდამრღვევ პირს. ამასთან, ოქმში მიეთითება სამართალდარღვევის გამოვლენის დამადასტურებელი აუდიო მტკიცებულების თაობაზე.
7.ამ მუხლით გათვალისწინებული, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით საკონტროლო შესყიდვის დაგეგმვისას, მიმდინარეობისას და დასრულების შემდგომი ღონისძიებების განხორციელებისას, საჭიროებისამებრ გამოიყენება ამ წესის IV თავით გათვალისწინებული შესაბამისი დებულებები. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 21 იანვრის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 22.01.2021წ. თავი V საკონტროლო - სალარო აპარატები

