1.საგადასახადო ორგანოს მიზნებისთვის, პირი უფლებამოსილია გამოიყენოს შემდეგი საკონტროლო-სალარო აპარატები: ა) GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატი (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომში – სსა); ბ) საკონტროლო-სალარო აპარატი, რომელშიც შესაძლებელია SAM მოდულის აქტივაცია; გ) აგს-ში, აირგასამართ და აირსავსებ საკომპრესორო სადგურებში არსებული საწვავის რეალიზაციის ავტომატური აღრიცხვის სისტემა, რომელშიც შესაძლებელია SAM მოდულის აქტივაცია.
2.სსა-ის, აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის,,ბ“ და,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკონტროლო-სალარო აპარატის და აგს-ში, აირგასამართ და აირსავსებ საკომპრესორო სადგურებში არსებული საწვავის რეალიზაციის ავტომატური აღრიცხვის სისტემის ექსპლუატაციის განმახორციელებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს: ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, მათი ექსპლუატაციის წესების დაცვა; ბ) საქონლის/მომსახურების მიწოდების ღირებულების ნაღდი ფულით ანაზღაურებისას მომხმარებლისთვის ამობეჭდილი ჩეკის გაცემა, რომელიც ადასტურებს საქონლის/მომსახურების მიწოდების ოპერაციასთან დაკავშირებით შესაბამისი ნაღდი ფულის გადახდის ფაქტს.
3.პირის მიერ ჩეკის გაცემა ხდება მისთვის ნაღდი ფულის გადახდისთანავე ან/და მის მიერ ხურდის დაბრუნებასთან ერთად, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებელი ნაღდი ფულის გადახდას ახორციელებს იმ პირთან, რომელიც არ წარმოადგენს მოლარე-ოპერატორს (მაგ. საზკვების ობიექტში მომსახურე პერსონალი), მომხმარებელს ჩეკი უნდა გადაეცეს გონივრულ ვადაში.
4.საგადასახადო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულნი არიან: ა) აწარმოონ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისათვის დასაშვები სსა-ების და ამ მუხლის პირველი პუნქტის,,ბ“ ქვეპუქტით გათვალისწინებული, SAM მოდულის აქტივაციის შესაძლებლობის მქონე საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრი (ამ თავის მიზნებითვის შემდგომში – რეესტრი); ბ) განახორციელონ სსა-ების, SAM მოდულის აქტივაციის შესაძლებლობის მქონე საკონტროლო-სალარო აპარატების/აგს-ში, აირგასამართ და აირსავსებ საკომპრესორო სადგურებში არსებული საწვავის რეალიზაციის ავტომატური აღრიცხვის სისტემის/SAM მოდულის რეგისტრაცია. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №367 - ვებგვერდი, 16.12.2014წ.

