1.გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ამ წესის 32-ე-37-ე მუხლებით დადგენილი პირობებისა და პროცედურების გაუთვალისწინებლად, ამ მუხლით დადგენილი წესით ჩამოწეროს ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომელიც შეძენილია ან/და იმპორტირებულია გადასახადის გადამხდელის მიერ და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, უსასყიდლოდ გადაცემულია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციისთვის.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები არის: ა) ბატარეები და აკუმულატორები – „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №324 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად; ბ) საბურავები – „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად; გ) ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები – „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად; დ) ზეთები – „ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (საბურავები) ნაწილში, პირის მიერ ჩამოწერა დასაშვებია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციისთვის უსასყიდლოდ გადაცემული: ა) იმპორტიორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში იმპორტირებული მეორადი საბურავების რაოდენობის/შეძენის ღირებულების არაუმეტეს 5%-ისა, ხოლო, თუ პირი რეგისტრირებულია მიმდინარე კალენდარულ წელს, მიმდინარე წლის განმავლობაში იმპორტირებული მეორადი საბურავების რაოდენობის/შეძენის ღირებულების არაუმეტეს 5%-ის ოდენობით, ჯამურად კალენდარული წლის განმავლობაში; ბ) იმპორტიორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში იმპორტირებული ახალი საბურავების რაოდენობის/შეძენის ღირებულების არაუმეტეს 0,5%-ისა, ხოლო, თუ პირი რეგისტრირებულია მიმდინარე კალენდარულ წელს, მიმდინარე წლის განმავლობაში იმპორტირებული ახალი საბურავების რაოდენობის/შეძენის ღირებულების არაუმეტეს 0,5%-ის ოდენობით, ჯამურად წლის განმავლობაში; გ) „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის,,მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატორის (გარდა ამ პუნქტის,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იმპორტიორისა) მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში შეძენილი საბურავების (ახალი და მეორადი) რაოდენობის/შეძენის ღირებულების (დღგ-ის გარეშე) ჯამის 0,5 %-ის ოდენობით, ხოლო თუ პირი რეგისტრირებულია მიმდინარე კალენდარულ წელს, მიმდინარე წლის განმავლობაში შეძენილი საბურავების (ახალი და მეორადი) რაოდენობის/შეძენის ღირებულების (დღგ-ის გარეშე) ჯამის არაუმეტეს 0,5 %-ის ოდენობით, ჯამურად კალენდარული წლის განმავლობაში. შენიშვნა : ამ პუნქტით დადგენილი ზღვრული ოდენობები არ ვრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების (საბურავების) გადაცემის შემთხვევაში. ამასთან, პირი უფლებამოსილია, ამ პუნქტით დადგენილი ზღვრული ოდენობების გაუთვალისწინებლად, ამ წესის 32-ე-37-ე მუხლებით დადგენილი პირობებისა და პროცედურების დაცვით ჩამოწეროს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობები (საბურავები).
4.ამ მუხლით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის საფუძველია, გადასახადის გადამხდელის მიერ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციასთან გაფორმებული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შესაბამისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გადაცემა.
5.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული ვებგვერდის მეშვეობით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შესაბამისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციისთვის გადაცემა, ამ წესის №24 7 დანართით გათვალისწინებულ დოკუმენტთან ერთად, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს მისი გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
6.გადასახადის გადამხდელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა, საგადასახადო ორგანოს მიერ დადასტურებულად ითვლება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების საგადასახადო ორგანოსათვის დადგენილ ვადაში წარდგენის შემთხვევაში.
7.ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ვალდებულების შესრულება არ ათავისუფლებს გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებისაგან, თუ საგადასახადო კონტროლის განხორციელებით გამოვლინდა ამ მუხლით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევით, ამავე მუხლით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის ფაქტი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 11 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 12.01.2024წ. დანართი №24 7 (თან ერთვის თანდართული ფაილის სახით) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 11 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 12.01.2024წ. კარი III საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა თავი IX საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა საგადასახადო ორგანოს მიერ

