1.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოველწლიურად ადგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, რომელიც მოიცავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის და სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსავლისა და გასავლის პროექტებს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტისათვის გადასაცემ ტრანსფერტების მოცულობის პროექტს. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოები ადგენენ აფხაზეთისა და აჭარის ცენტრალური ბიუჯეტების პროექტსა და კონსოლიდირებული ბიუჯეტის ანუ შესაბამისი ტერიტორიის ბიუჯეტების პროექტების ნაერთს. ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივი ორგანოები ადგენენ რაიონული (ქალაქის რაიონის), ქალაქის, რაიონული დაქვემდებარების ქალაქის, თემის, სოფლის, დაბის ბიუჯეტების პროექტებს და კონსოლიდირებული ბიუჯეტის პროექტს,რომელიც დაქვემდებარებული ტერიტორიის ბიუჯეტების პროექტების ნაერთს წარმოადგენს.
2.ბიუჯეტის პროექტის ფორმირება ხდება ტერიტრიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმის პროექტის მაჩვენებლების, მიზნობრივი პროგრამების, აგრეთვე ეკონომიკის სექტორებისა და დარგების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის მიმდინარე და მოსალოდნელი მაჩვენებლების ანალიზებისა და ექსპერტული შეფასების საფუძველზე. ასეთი პროგნოზირების შედეგად მზადდება დასაბუთება როგორც საბიუჯეტო ხარჯების, ისე შემოსავლის ცალკეული სახეების გასაანგარიშებლად, ამასთან ბიუჯეტის ხარჯები ფორმირდება შემოსავლის პროგნოზების გათვალისწინებით. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლისა და ხარჯების საპროგნოზო მაჩვენებლებს ახალი საბიუჯეტო წლისათვის და ბიუჯეტების დაბალანსების წინადადებებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარუდგენს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროები - აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპულიკების მინისტრთა საბჭოებს, ხოლო სხვა ტერიტორიული ერთეულების საფინანსო ორგანოები - მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს. ფინანსური და მატერიალური შესაძლებლობების განხილვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოები და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივი ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას საბიუჯეტო შემოსავლისა და ხარჯების პარამეტრების შესახებ ახალი საბიუჯეტო წლისათვის. ამ გადაწყვეტილებათა საფუძველზე ხორციელდება ბიუჯეტების შემუშავება შემოსავლის წყაროებისა და ხარჯების სახეების მიხედვით. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების პროექტები წარედგინებათ, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებს და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს.
3.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების პროექტები, რომლებიც მოიწონეს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტმა,აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა, დასამტკიცებლად წარედგინებათ შესაბამისად საქართველოს პარლამენტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებსა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებს.
4.საქართველოს პარლამენტი იღებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონს, რომელიც მოიცავს საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტსა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების შესავალსა და გასავალს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ფორმირებისათვის მიზნობრივი პროგრამების დასაფინანსებელი ტრანსფერტების მოცულობებს. საქართველოს პარლამენტი კანონით ამტკიცებს სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების ეკონომიკურ ნორმატივებს 3-5 წლის ვადით. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების შესაბამისი ტერიტორიის ბიუჯეტების პროექტებს ამტკიცებენ შესაბამისი აქტით.
5.საქართველოს პარლამენტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ცენტრალური ბიუჯეტებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ფარგლებში გათვალისწინებული ხარჯების გადამეტებით ამტკიცებენ გარდამავალი საბრუნავი სახსრების მოცულობას ახალი საფინანსო წლის დასაწყისისათვის. ყველა დონის ბიუჯეტისათვის გარდამავალი საბრუნავი სახსრების მოცულობის გაანგარიშების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. გარდამავალი საბრუნავი სახსრები აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება წლის განმავლობაში დროებით ფინანსური გარღვევების დასაფარავად და იმავე წელს უნდა იქნეს აღდგენილი იმ მოცულობით, რაც განისაზღვრება ბიუჯეტის დამტკიცების დროს.
6.საქართველოს პარლამენტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ადგილობრივი თვითმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოები შესაბამის ბიუჯეტს ამტკიცებენ ახალი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის დაწყებამდე. ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ბიუჯეტების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ყველა დონის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს უფლება აქვთ ადრე ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი ხარჯები გასწიონ თვეში წინა წლის ბიუჯეტის ფაქტიური მოცულობის ერთი მეთორმეტედის ოდენობით მიღებული შემოსავლის ფარგლებში. საქართველოს 2002 წლის 18 იანვრის კანონი №1256-სსმI,№2,04.02.2002წ.,მუხ.12

