1.,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის თანახმად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სპეცსახსრების, უცხოეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დახმარებისა და კრედიტის სახით მიღებული სახსრებით, სახელმწიფო გარანტიით მიღებული კრედიტებით, სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (საქართველოს ეროვნული ბანკის გარდა) სახსრებით შესყიდვების განხორციელებისას სატენდერო დოკუმენტაციის მიღებისათვის დაწესებულია სატენდერო მოსაკრებელი.
2.სატენდერო მოსაკრებელი წარმოადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტში განსაზღვრული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვის ტენდერის საშუალებით განხორციელებისას სატენდერო დოკუმენტაციის მიღებისათვის დაწესებულ გადასახდელს. ამ მოსაკრებლის განაკვეთებია: ა) ღია ტენდერის ჩატარების შემთხვევაში – 500 ლარი; ბ) დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში 150 ლარი.
3.ამ მუხლით დადგენილი წესები ვრცელდება მხოლოდ ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების ტენდერის საშუალებით განხორციელებისას, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე ადგილობრივი ბიუჯეტების სახსრებით, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სპეცსახსრების შესყიდვების განხორციელებისას სატენდერო დოკუმენტაციის მიღებისათვის ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების, მისი გადახდისა და დაბრუნების წესის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) უფლებამოსილი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ადგილობრივი სატენდერო მოსაკრებლის განაკვეთები არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მეორე პუნქტში მოცემულ განაკვეთებს.
4.სატენდერო მოსაკრებლის გადამხდელები არიან სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით პრეტენდენტთა სიაში შეტანილი საქართველოს ან უცხო სახელმწიფოთა ფიზიკური და იურიდიული პირები, განურჩევლად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, თუ მათ გააჩნიათ სურვილი განაგრძონ ტენდერში მონაწილეობა და მიიღონ სატენდერო დოკუმენტაცია.
5.პრეტენდენტის მიერ სატენდერო მოსაკრებლის გადახდა უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის მიღების ვადის გასვლამდე.
6.სატენდერო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს შემსყიდველი ორგანიზაციის მომსახურე ხაზინის შესაბამის ანგარიშზე, რომლის რეკვიზიტები ეცნობება პრეტენდენტს სატენდერო კომისიის მიერ საკვალიფიკაციო შერჩევის შედეგებთან ერთად.
7.სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შედეგად შემოსული თანხები ინახება ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებულ ანგარიშზე ტენდერის დასრულებამდე (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადებამდე), ხოლო შემდეგ სამი დღის ვადაში დადგენილი წესით ირიცხება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავალში, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას სატენდერო მოსაკრებლის გადამხდელი პირებისათვის. სატენდერო მოსაკრებლის დაბრუნების წესი განისაზღვრება ამ მუხლის მე-9 პუნქტით.
8.სატენდერო დოკუმენტაციის მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს საკვალიფიკაციო შერჩევის შედეგების დაგზავნის დღიდან.
9.სატენდერო მოსაკრებელი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) თუ შემსყიდველმა ორგანიზაციამ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტისა და ამ დებულების 23-ე მუხლის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის თაობაზე; ბ) თუ შემსყიდველმა ორგანიზაციამ ვერ უზრუნველყო მოსაკრებლის გადამხდელი პირისათვის სატენდერო დოკუმენტაციის დროულად გადაცემა.
10.მოსაკრებლის დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს სატენდერო კომისიის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება.
11.სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო მოსაკრებლის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში: ა) გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით; ბ) სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება სატენდერო მოსაკრებლის დაბრუნების თაობაზე აისახება კომისიის სხდომის ოქმში და ოქმიდან ამონაწერის სახით გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი კალენდარული დღის ვადაში უშუალოდ ან დაზღვეული საფოსტო გზავნილით გადაეცემა შესაბამის პრეტენდენტს; გ) სატენდერო კომისიის სხდომის გადაწყვეტილების (სატენდერო მოსაკრებლის დაბრუნების თაობაზე) საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს თხუთმეტი კალენდარული დღის ვადაში შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა წარუდგინოს მომსახურე ხაზინას შესაბამისი საგადასახადო დავალება, რომლის თანახმად, დადგენილი წესით, ხდება თანხის დაბრუნება მოსაკრებლის გადამხდელი პირისათვის.
12.მოსაკრებლის გადამხდელს უფლება აქვს: ა) მის მიერ გადახდილი სატენდერო მოსაკრებლის ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულ ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ დაუყოვნებლივ მიიღოს სატენდერო დოკუმენტაცია; ბ) სატენდერო დოკუმენტაციის მიღების შემთხვევაში წარუდგინოს სატენდერო კომისიას თავისი სატენდერო წინადადება; გ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ან ქმედება, დაკავშირებული სატენდერო დოკუმენტაციის მიღებასთან ან სატენდერო მოსაკრებლის გადახდასა და დაბრუნებასთან.
