1.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს ადგენს და აჯამებს ცესკო არჩევნების დასრულებისთანავე, ცესკოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმართება.
2.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება: ა) საარჩევნო კოლეგიის წევრთა რაოდენობა; ბ) არჩევნებში მონაწილე საარჩევნო კოლეგიის წევრთა რაოდენობა; გ) არჩევნებში მონაწილე საარჩევნო კოლეგიის წევრთა სახელები და გვარები; დ) არჩევნებში მონაწილე თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა; ე) ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საარჩევნო კოლეგიის რომელმა წევრმა რომელ კანდიდატს მისცა ხმა; ვ) ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა; ზ) მეორე ტურში გასულ კანდიდატთა ვინაობა ან/და პირველი ან მეორე ტურის შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის ვინაობა.
3.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერენ ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი. აღნიშნული ოქმი შეიძლება გაასაჩივროს/გაასაჩივრონ მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის შესაბამისმა წევრმა/წევრებმა ან/და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ამ კანონის 77-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში.
4.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების ჩასატარებელ დოკუმენტაციას ცესკო ლუქავს და ინახავს ცესკოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი დგება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, მეორე − საქართველოს პარლამენტს, ხოლო მესამე ინახება ცესკოში.
6.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შესახებ.
7.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე საქართველოს პრეზიდენტის ასარჩევად შემდგარ საარჩევნო კოლეგიას უფლებამოსილება უწყდება.

