მუხლი 20. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა დანიშვნის/არჩევის წესი
1. საოლქო საარჩევნო კომისია შედგება არაუმეტეს 17 წევრისგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები.
2. საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის წარმოშობის შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისიის პირველივე სხდომაზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, ცესკოს მიერ 5 წლის ვადით დანიშნულ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთაგან ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია. საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება საოლქო საარჩევნო კომისიაში მისი წევრობის ვადით.
3. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს.
4. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
5. თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირი, აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც არჩევნებისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.
