1.თუ არსებობს რისკი, რომ ზონაში ან/და აგლომერაციაში ძირითად მავნე ნივთიერებათა დონეები გადააჭარბებს ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით დადგენილ ერთ ან რამდენიმე განგაშის ზღვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იმ მუნიციპალიტეტთან/მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებით, რომლის/ რომელთა ადმინისტრაციული საზღვრები მოქცეულია შესაბამისი ზონის ან/და აგლომერაციის ფარგლებში, შეიმუშავებს მოკლევადიან სამოქმედო გეგმას, რომლითაც განისაზღვრება გადაჭარბების რისკის ან გადაჭარბების ხანგრძლივობის შესამცირებლად საჭირო ღონისძიებები. მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა შესაძლებელია შემუშავდეს იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს ზღვრულად დასაშვები ნორმების ან მიზნობრივი მნიშვნელობის გადაჭარბების რისკი.
2.მოკლევადიან სამოქმედო გეგმას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით.
3.თუ არსებობს ოზონის დონის განგაშის ზღვრის გადაჭარბების რისკი, მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა შემუშავდება მხოლოდ მაშინ, როდესაც, გეოგრაფიული, მეტეოროლოგიური და ეკონომიკური გარემოებების გათვალისწინებით, არსებობს გადაჭარბების რისკის, გადაჭარბების პერიოდის ან გადაჭარბების სიდიდის შემცირების მნიშვნელოვანი ალბათობა.
4.მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) იმ რისკის დასაბუთებას, რომ ზონაში ან/და აგლომერაციაში ძირითად მავნე ნივთიერებათა დონეები გადააჭარბებს ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით დადგენილ ერთ ან რამდენიმე განგაშის ზღვარს; ბ) ატმოსფერულ ჰაერში ძირითადი მავნე ნივთიერებების გაფრქვევათა შესამცირებლად საჭირო ღონისძიებების ჩამონათვალსა და აღწერას; გ) ინფორმაციას ატმოსფერულ ჰაერში ძირითადი მავნე ნივთიერებების გაფრქვევათა შესამცირებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ პირთა შესახებ; დ) ინფორმაციას ატმოსფერულ ჰაერში ძირითადი მავნე ნივთიერებების გაფრქვევათა შესამცირებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელების ტერიტორიისა და ვადების შესახებ.
5.მოკლევადიანი სამოქმედო გეგმით, კონკრეტული შემთხვევების გათვალისწინებით, შესაძლებელია განისაზღვროს ისეთ საქმიანობასთან დაკავშირებული კონტროლის ღონისძიებების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს შესაბამისი ზღვრულად დასაშვები ნორმების, მიზნობრივი მნიშვნელობის ან განგაშის ზღვრის გადაჭარბების რისკის წარმოშობას, ან საჭიროების შემთხვევაში ასეთი საქმიანობის შეჩერება.
6.მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა ქვეყნდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდზე. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5948 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
