1.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, წერილობით მიმართოს უმაღლეს საბჭოს ან საჯაროდ განაცხადოს გადადგომის შესახებ. აღნიშნულ ფაქტს უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს უახლოეს პლენარულ სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
2.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება ამის შესახებ წერილობით მიმართვის/საჯაროდ განცხადების მომენტიდან.
3.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს უმაღლესმა საბჭომ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი უმაღლესი საბჭოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვას უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა.
4.უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 7 დღის ვადაში ამოწმებს უმაღლესი საბჭოს წევრთა ხელმოწერების ნამდვილობას და დასკვნას პლენარულ სხდომაზე წარუდგენს უმაღლეს საბჭოს.
5.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭო იღებს განხილვის გარეშე, საკითხის დასმიდან 15 დღის ვადაში.
6.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გადაყენებულად ითვლება, თუ მის გადაყენებას მხარი დაუჭირა უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობამ.
7.თუ უმაღლესმა საბჭომ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ, უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელმაც ხელი მოაწერა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხს, მომდევნო 6 თვის განმავლობაში უფლება არა აქვს, კვლავ მიიღოს მონაწილეობა აღნიშნული საკითხის დასმაში.
8.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში უმაღლესი საბჭო 14 დღის ვადაში დადგენილი წესით ირჩევს უმაღლესი საბჭოს ახალ თავმჯდომარეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 6 ოქტომბრის რეგლამენტი N18 - ვებგვერდი, 07.10.2021 წ.
