1.ინვესტორს უფლება აქვს ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით გათვალისწინებული თავისი უფლება-მოვალეობანი სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმების გარეშე მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს აფილირებულ კომპანიას. ასეთ შემთხვევაში ინვესტორი რჩება პასუხისმგებელი აფილირებული კომპანიისათვის გადაცემული მოვალეობების შესრულებისათვის. ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ინვესტორი წერილობით ატყობინებს სააგენტოს ხელშეკრულებითა და ლიცენზიით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების აფილირებული კომპანიისათვის გადაცემის შესახებ.
2.სააგენტოსაგან წერილობითი თანხმობის მიღების შემთხვევაში ინვესტორს უფლება აქვს ნაწილობრივ ან მთლიანად გადასცეს ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით გათვალისწინებული თავისი უფლება-მოვალეობანი პირს (მესამე მხარეს), რომელიც არ არის აფილირებული კომპანია, თუ ეს პირი ფლობს სათანადო ფინანსურ და ტექნიკურ რესურსებს და აქვს გადაცემული უფლება-მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების გამოცდილება. ინვესტორი სააგენტოს წერილობით ატყობინებს უფლება-მოვალეობების გადაცემის შესახებ და წარუდგენს მას სხვა საჭირო დოკუმენტებს. შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში სააგენტო წერილობით ატყობინებს ინვესტორს, ეთანხმება თუ უარყოფს შეთავაზებულ წინადადებას, ხოლო უარის შემთხვევაში – მიზეზსაც. სააგენტოს პასუხი არ უნდა იყოს უმიზეზოდ გადავადებული. უფლება-მოვალეობების მესამე მხარისათვის ნაწილობრივ ან მთლიანად გადაცემის შემთხვევაში ინვესტორი არ არის პასუხისმგებელი გადაცემული მოვალეობების შესრულებისათვის და არ იღებს სარგებელს.
3.სარისკო მომსახურების ხელშეკრულების ან მომსახურების ხელშეკრულების და შესაბამისი ლიცენზიის არსებობისას, სააგენტოსაგან წინასწარი წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ ინვესტორს უფლება აქვს ნაწილობრივ ან მთლიანად გადასცეს თავისი უფლება-მოვალეობანი ნებისმიერ პირს (მესამე მხარეს). პირი, რომელსაც გადაეცა უფლება-მოვალეობები, წერილობით ატყობინებს სააგენტოს უფლება-მოვალეობების მისთვის გადაცემის შესახებ. ინვესტორი სააგენტოს წერილობით ატყობინებს უფლება-მოვალეობების გადაცემის შესახებ და წარუდგენს მას სხვა საჭირო დოკუმენტებს. შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში სააგენტო წერილობით ატყობინებს ინვესტორს, ეთანხმება თუ უარყოფს შეთავაზებულ წინადადებას. უფლება-მოვალეობების მესამე მხარისათვის ნაწილობრივ ან მთლიანად გადაცემის შემთხვევაში ინვესტორი არ არის პასუხისმგებელი გადაცემული მოვალეობების შესრულებისათვის და არ იღებს სარგებელს.
4.ინვესტორის მიერ უფლება-მოვალეობების სხვა პირისათვის გადაცემა ფორმდება წერილობით. ეს დოკუმენტი ხელშეკრულების და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ლიცენზიის ხელახლა გაცემის დროს ავტომატურად გაიცემა. ლიცენზია ხელახლა გაიცემა ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან 30 დღის განმავლობაში. დოკუმენტის შინაარსს და ფორმას ადგენს სააგენტო.
5.სააგენტოს წერილობითი თანხმობით ინვესტორს უფლება აქვს ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების შესრულების მიზნით გამოიყენოს ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით მინიჭებული უფლებები, როგორც ფინანსური ოპერაციების წარმოების უზრუნველყოფის გარანტია.
6.ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების აფილირებული კომპანიისათვის გადაცემა არ იბეგრება.
7.ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების მესამე მხარისათვის გადაცემის შემთხვევაში ინვესტორი სააგენტოს უნაზღაურებს მათ გადაცემასთან დაკავშირებულ ყველა დანახარჯს. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

