1.პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და მისი ფუნქციების ეფექტიანად შესასრულებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან იქმნება დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო – საპროკურორო საბჭო.
2.საპროკურორო საბჭო შედგება 15 წევრისაგან. საპროკურორო საბჭოს წევრები არიან: ა) იუსტიციის მინისტრი – საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე; ბ) საპროკურორო საბჭოს 8 წევრი, რომლებსაც ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია ამ კანონის 8 2 მუხლით დადგენილი წესით და რომელთა ერთი მეოთხედი მაინც განსხვავებული სქესის არის; გ) საქართველოს პარლამენტის 2 წევრი, რომელთაგან ერთს თავის წევრთაგან ირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო მეორეს იმ პარლამენტის წევრთაგან, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობაში არ შედიან, ირჩევენ საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფი პარლამენტის წევრები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. თუ საპარლამენტო უმრავლესობა შექმნილი არ არის, საპროკურორო საბჭოს ორივე წევრს პარლამენტის წევრთაგან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს პარლამენტი; დ) საპროკურორო საბჭოს 2 წევრი, რომლებსაც საქართველოს საერთო სასამართლოების იმ მოსამართლეთაგან, რომლებსაც საერთო სასამართლოების მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება აქვთ, ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით; ე) საპროკურორო საბჭოს 2 წევრი, რომლებსაც ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევისათვის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული პირობებითა და დადგენილი წესით.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საპროკურორო საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. თუ ამ ვადის გასვლამდე ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულმა საპროკურორო საბჭოს წევრმა ამ კანონის 8 2 მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული რომელიმე თანამდებობა დაიკავა, მას შეუწყდება საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილება, ხოლო თუ მას აღნიშნული ვადის გასვლამდე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა, მისი საპროკურორო საბჭოს წევრად დარჩენის ან მისთვის საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს წყვეტს საპროკურორო საბჭო. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საპროკურორო საბჭოს წევრებს საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდებათ მათი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებში მითითებული საპროკურორო საბჭოს წევრები თავიანთი პირადი პასუხისმგებლობით მოქმედებენ და ანგარიშვალდებული არ არიან მათი ამრჩევი ორგანოების წინაშე. აკრძალულია მათზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა.
3¹.ერთი და იგივე პირი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საპროკურორო საბჭოს წევრად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ. საპროკურორო საბჭოს წევრმა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ არ შეიძლება განახორციელოს საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილება. საპროკურორო საბჭოს ახალი წევრი უნდა აირჩეს საპროკურორო საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს ახალი წევრის არჩევისას ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა საქართველოს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, მისი არჩევის პროცესი, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისად, დაიწყება ან გაგრძელდება მორიგი სესიის დაწყებისთანავე ან მორიგი სესიის დაწყებამდე, რიგგარეშე სესიაზე.
4.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საპროკურორო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პროკურორი ან პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.
5.საპროკურორო საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.
6.საპროკურორო საბჭოს უფლებამოსილებაა: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; ბ) საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა ამ კანონის 9 2 მუხლით დადგენილი წესით; გ) საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; დ) მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; ე) საპროკურორო საბჭოს იმ წევრის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხის გადაწყვეტა, რომელიც საქართველოს პროკურორთა კონფერენციამ ამ კანონით დადგენილი წესით აირჩია; ვ) ექვს თვეში ერთხელ მაინც, ხოლო საპროკურორო საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით – დაუყოვნებლივ, პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის იმ ანგარიშის მოსმენა, რომელიც შეეხება დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკას, სტატისტიკურ მაჩვენებლებს, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებს, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს და არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლოში მის განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს; ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და მთავარი პროკურორისათვის წარდგენა; თ) მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ი) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.
7.საპროკურორო საბჭო არ ერევა პროკურატურის მუშაკთა საპროკურორო და საგამოძიებო უფლებამოსილებათა განხორციელებაში.
8.საპროკურორო საბჭო იკრიბება ექვს თვეში ერთხელ მაინც, იუსტიციის მინისტრის მოწვევით, ან საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. საპროკურორო საბჭო უფლებამოსილია, თუ საპროკურორო საბჭოს სხდომას ესწრება მისი სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
9.თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე დამსწრე საპროკურორო საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
10.თუ საპროკურორო საბჭოს მიერ საქმის განხილვის შედეგად დადასტურდება, რომ მთავარმა პროკურორმა დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა, საპროკურორო საბჭო იღებს მთავარი პროკურორისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას. მთავარი პროკურორის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელები. ამასთანავე, იმავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი მთავარი პროკურორის მიმართ გამოიყენება ამ კანონის 9 2 მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი წესით.
11.თუ საპროკურორო საბჭოს მიერ საქმის განხილვის შედეგად დადასტურდება, რომ მთავარი პროკურორის მოადგილემ დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა, საპროკურორო საბჭო იღებს მთავარი პროკურორის მოადგილისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას.
12.საპროკურორო საბჭოს მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მთავარი პროკურორი/მთავარი პროკურორის მოადგილე უფლებამოსილია საპროკურორო საბჭოს წინაშე წარდგეს ახსნა-განმარტებით და წარადგინოს თავისი პოზიციის დამადასტურებელი ინფორმაცია.
13.საპროკურორო საბჭო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით, საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით.
14.საპროკურორო საბჭო მისი უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ საკითხზე გამოსცემს განკარგულებას.
15.მთავარი პროკურორი უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს საპროკურორო საბჭოს სხდომას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ კანონის 9 2 მუხლით დადგენილი წესით სხდომაზე მისი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების ან მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის საკითხი განიხილება.
16.საპროკურორო საბჭოს აქვს თავისი ვებგვერდი.
17.საპროკურორო საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება საპროკურორო საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. საქართველოს 2015 წლის 18 სექტემბრის კანონი №4300 - ვებგვერდი, 28.09.2015წ. საქართველოს 2015 წლის 16 ოქტომბრის კანონი №4334 – ვებგვერდი, 19.10 .2015წ.

