1.მგზავრები სატვირთო ავტომობილის ძარით უნდა გადაიყვანოს მძღოლმა, რომელსაც აქვს „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოწმობა და მოცემული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის ერთ წელზე მეტი სტაჟი, ხოლო თუ გადასაყვან პირთა რაოდენობა კაბინაში მყოფთა ჩათვლით რვაზე მეტია, მძღოლს უნდა ჰქონდეს „C“ და „D“კატეგორიები და მოცემული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის 3 წელზე მეტი სტაჟი.
2.ნებადართულია მგზავრთა გადაყვანა ბორტის პლატფორმიანი სატვირთო ავტომობილის ძარით, თუ იგი აღჭურვილია ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან, ბავშვების გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.
3.სატვირთო ავტომობილის ძარით გადასაყვან მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასაჯდომად მოწყობილი ადგილების რიცხვს.
4.მგზავრობის წინ სატვირთო ავტომობილის მძღოლი ინსტრუქტაჟს უტარებს მგზავრებს ჩასხდომისა და ძარაზე განლაგების წესის შესახებ. მძღოლი მხოლოდ მაშინ იწყებს მოძრაობას, როცა დარწმუნდება, რომ მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანის პირობები დაცულია.
5.მგზავრთა გადაყვანისათვის მოუწყობელი ბორტის პლატფორმიანი სატვირთო ავტომობილის ძარით მგზავრობის უფლება აქვს მხოლოდ ტვირთის თანმხლებ ან მის მიმღებ პირს, თუ ავტომობილი ბორტების დონეზე დაბლა განლაგებული დასაჯდომი ადგილით არის უზრუნველყოფილი.
6.ავტობუსით ან ფურგონძარიანი სატვირთო ავტომობილით ბავშვების გადაყვანისას მათ უნდა ახლდეთ უფროსი, ხოლო ბორტის პლატფორმიანი სატვირთო ავტომობილის ძარით გადაყვანისას – არანაკლებ ორი ასეთი პირი. ამ სატრანსპორტო საშუალებებზე წინ და უკან მაგრდება საცნობი ნიშანი „ბავშვთა გადაყვანა“.
7.მძღოლი ვალდებულია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა განახორციელოს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სრული გაჩერების შემდეგ, ხოლო მოძრაობა დაიწყოს მაშინ, როცა კარები დახურულია, და არ გააღოს ის სრულ გაჩერებამდე.
8.მგზავრთა გადაყვანა აკრძალულია: ა) ავტომობილის (ფურგონძარიანი ან ბორტის პლატფორმიანი სატვირთო ავტომობილის ძარით მგზავრთა გადაყვანის შემთხვევის გარდა), ტრაქტორის, სხვა თვითმავალი მანქანების კაბინების გარეთ, სატვირთო მისაბმელით, მისაბმელ-აგარაკით, სატვირთო მოტოციკლის ძარითა და მოტოციკლის კონსტრუქციით გათვალისწინებული დასაჯდომი ადგილების გარეთ; ბ) თუ მგზავრთა რაოდენობა აღემატება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლით გათვალისწინებულ ოდენობას (12 წლამდე ბავშვების გაუთვალისწინებლად). ამასთან, სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა არ უნდა აღემატებოდეს ქარხანა-დამამზადებლის მიერ დადგენილი ნებადართული მაქსიმალური მასის სიდიდეს.
9.აკრძალულია 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა მოტოციკლის უკანა დასაჯდომით და მსუბუქი ავტომობილის წინა დასაჯდომით (თუ ავტომობილს არა აქვს ბავშვის დამჭერი სპეციალური მოწყობილობა).

