„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით
მუხლი 6. საინვესტიციო ფონდის ვალდებულებანი
1. იმ ხელშეკრულების (წესდების) გარეკანზე, რომელიც ეხება ფულადი საშუალებების მოზიდვას, მითითებული უნდა იყოს საინვესტიციო ფონდის სახე.
2. დაუშვებელია ხელშეკრულებაში გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის მონაწილისათვის (ინვესტორისათვის) კონკრეტული შემოსავლის დაპირება.
3. თუ გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდს მომსახურებას უწევს დაკავშირებული პირი ან ამ ფონდის მმართველი ან რეგისტრირებული მესაკუთრე არის დაკავშირებული პირი, საინვესტიციო ფონდი ვალდებულია ეს ინფორმაცია საჯარო გახადოს.
4. ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ განაცხადში მითითებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში საინვესტიციო ფონდი ვალდებულია ამის შესახებ ინფორმაცია 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს საზედამხედველო ორგანოს.
5. საინვესტიციო ფონდის მმართველი ან/და მმართველი კომპანია ვალდებულია წარადგინოს ფონდის წლიური, ნახევარწლიური ფინანსური ანგარიშგება, აგრეთვე მიმდინარე ანგარიშები, რომელთა ძირითადი შინაარსი ან განსხვავებული ფორმატი განისაზღვრება საზედამხედველო ორგანოს წესებით. ანგარიშგების წარდგენის ვადა იგივეა, რაც დადგენილია ანგარიშვალდებული საწარმოსთვის, თუ სხვა რამ არ იქნა დადგენილი საზედამხედველო ორგანოს მიერ.
