1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები და მესაზღვრეთა განწესები ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას იყენებენ შეძახილის - „სდექ“ და ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ, თუ დამრღვევნი არ ასრულებენ მესაზღვრეთა განწესების მოთხოვნებს.
2.ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები და მესაზღვრეები იყენებენ შემდეგ შემთხვევებში: ა) შეიარაღებულ პირთა თავდასხმის მოსაგერიებლად და მათი წინააღმდეგობის შესაწყვეტად იმ პირობებში, თუ მესაზღვრეების ან მოსახლეობის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და სხვა საშუალებებით მისი აღკვეთა შეუძლებელია; ბ) იმ პირთა მიმართ, რომლებიც ცდილობენ დაარღვიონ სახელმწიფო საზღვარი და გადავიდნენ მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, როცა დაკავების სხვა შესაძლებლობანი ამოწურულია; გ) სახელმწიფო საზღვრის დამრღვევთა მიმართ, რომლებიც ცდილობენ შეაღწიონ საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში, როცა დაკავების სხვა შესაძლებლობანი ამოწურულია; დ) თუ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტზე დაკავებულნი ცდილობენ გაქცევას და შეუძლებელია სხვა ხერხით ამის აღკვეთა; ე) შეიარაღებული თავდასხმისაგან, შეიარაღებული ან სხვა სახის პროვოკაციებისაგან მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, სახელმწიფო, საზოგადოებრივი საკუთრებისა და მოქალაქეთა კერძო საკუთრების დაცვისათვის, როდესაც დაცვის სხვა ღონისძიებები უშედეგოა.
3.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლებსა და მესაზღვრეებს ეკრძალებათ იარაღის გამოყენება: ა) იმ პირთა მიმართ, რომლებმაც დაარღვიეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მესაზღვრეთა თვალწინ, თუ ეს დარღვევა ხდება აშკარად შემთხვევით ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მახლობლად სასოფლო-სამეურნეო და სხვა სამუშაოების (ნადირობა, საქონლის ძოვება, სოკოს, კენკრის, სათბობის შეგროვება და სხვ.), აგრეთვე ბანაობის, თვითმავალი ან არათვითმავალი გემებით ცურვის დროს; ბ) იმ პირთა მიმართ, რომლებიც დაკავებული არიან სასაზღვრო რეჟიმისა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში რეჟიმის დარღვევისათვის და ცდილობენ გაქცევას; გ) უცხოეთის თევზსაჭერი და სხვა სარეწი გემების მიმართ, რომლებიც ეწევიან რეწვას საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, საქართველოს შიდა წყლებში ან სასაზღვრო მდინარეების, ტბების წყლებსა და სხვა წყალსატევებში, თუ ისინი სასაზღვრო ძალებს არ უწევენ შეიარაღებულ წინააღმდეგობას; დ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადასული ცხოველების მიმართ.
4.იარაღის გამოყენებისას, როგორც წესი, დაუშვებელია ტყვიის მოძრაობა გაგრძელდეს მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
5.სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ან დარღვევის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენების შემთხვევას 48 საათის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო ატყობინებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

