1.თუ არსებულ ნაგავსაყრელს არ აქვს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია, შეუთანხმოს სააგენტოს ნაგავსაყრელის ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის გეგმა.
2.შესაბამისობაში მოყვანის გეგმა, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს შემდეგს: ა) ნაგავსაყრელის ადგილმდებარეობას, ისტორიულ ინფორმაციას ნაგავსაყრელის ტერიტორიისა და ნაგავსაყრელის ოპერატორის შესახებ; ბ) ნაგავსაყრელის პროექტს, რომელიც მიიღება შესაბამისობაში მოყვანის განხორციელების მიზნით; გ) ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მისაღები და წარსულში მიღებული ნარჩენების მახასიათებლებს, მათ შორის ნარჩენების კოდებს „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხის შესაბამისად; დ) ნაგავსაყრელის ტერიტორიის აღწერას, სენსიტიური რეცეპტორების: ახლომდებარე დასახლებების, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ობიექტების, სასმელი წყლის წყაროებისა და დაცული ტერიტორიების აღწერას; გამონაჟონის შეგროვებისა და დამუშავების სისტემის აღწერას; ე) ინფორმაციას ნაგავსაყრელის ტერიტორიის გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური მახასიათებლების შესახებ; ვ) ნაგავსაყრელის შემოთავაზებულ კატეგორიას; ზ) ნაგავსაყრელზე ნარჩენების მიღების არსებული და შემოთავაზებული პროცედურებისა და კრიტერიუმების აღწერას; თ) ნაგავსაყრელის ოპერირების შედეგად გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების საფრთხეების შეფასებას; ი) ნაგავსაყრელის სასიცოცხლო ციკლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას მის ფიზიკურ ტევადობასა და განსათავსებელი ნარჩენების დაგეგმილ მოცულობებზე დაყრდნობით; კ) ნაგავსაყრელზე მოქმედი საექსპლუატაციო და ტექნიკური პროცედურების, აგრეთვე გარემოსდაცვითი პარამეტრებისა და ზემოქმედებების მონიტორინგისა და კონტროლის აღწერას; ლ) შესაბამისობაში მოყვანის ღონისძიებების აღწერას და ეტაპებს; მ) შესაბამისობაში მოყვანის გეგმის შეთანხმების და განხორციელების შემდეგ ნაგავსაყრელის ფუნქციონირების კონტროლისა და მონიტორინგისთვის გათვალისწინებულ ღონისძიებებს; ნ) ნაგავსაყრელის დახურვისა და დახურვის შემდგომი მოვლის ღონისძიებებს.
3.არსებული ნაგავსაყრელი, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოყვანილი ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და სააგენტო გამოიტანს გადაწყვეტილებას საქმიანობის მოთხოვნილი ვადით გაგრძელების შესახებ, ფუნქციონირებას განაგრძობს და მასზე სრულად ვრცელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები.
4.არსებული ნაგავსაყრელი, რომელიც ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს არ შეიცავს, მაგრამ მისი ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია, ფუნქციონირებას განაგრძობს წარმოდგენილი გეგმისა და სააგენტოს მიერ დადგენილი პირობებით. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №324 - ვებგვერდი, 07.08.2025წ.

