ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ
მუხლი 3
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) აზარტული თამაშობები – თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. ეს თამაშობები ტარდება ბანქოს, კამათლის (გარდა ნარდისა), სათამაშო ბორბლის (რულეტის), სათამაშო აპარატის, სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით და მათში მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა. აზარტული თამაშობების (გარდა აზარტული ტურნირისა) ორგანიზება დასაშვებია მხოლოდ სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში, აზარტულ კლუბში ან/და ამ მუხლის „გ 1 “ და „ვ 1 “ ქვეპუნტებით გათვალისწინებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით; ა 1 ) აზარტული ტურნირი − თამაშობა, რომელსაც ატარებს სამორინეს ან/და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდის მეშვეობით. თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს და არ იხდის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით კლუბის მაგიდისათვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს, მას უფლება არ აქვს, აზარტული ტურნირის ჩატარებიდან მიიღოს შემოსავალი. აზარტული ტურნირის ორგანიზება დასაშვებია როგორც სამორინეს ან/და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის გარეთ; ა 2 ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება – ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ინტერნეტის, ტელეფონის ან/და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართვა; ბ) მოთამაშე – პირი, რომელიც თამაშობაში მონაწილეობს მოგების მიღების მიზნით, გარდა ამ მუხლის „ბ 1 “ და „ბ 3 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა; ბ 1 ) თამაშზე დამოკიდებული პირი (შემდგომ − დამოკიდებული პირი) − ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების თამაშის დაუძლეველი სურვილი და მათზე დამოკიდებულება და რომლის შესახებ მონაცემებიც შეტანილია ამ მუხლის „ბ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დამოკიდებულ პირთა სიაში; ბ 2 ) დამოკიდებულ პირთა სია − აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) დამოკიდებულ პირთა შესახებ მონაცემების ბაზა, რომელშიც პირის თაობაზე მონაცემები შეიტანება მოსამართლის ბრძანების ან თავად ამ პირის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვის საფუძველზე; ბ 3 ) აკრძალული პირი − პირი, რომელსაც ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილეობა. ამ კანონის მიზნებისთვის აკრძალული პირი არის: ბ 3 .ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული პირი (მათ შორის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურე, საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი); ბ 3 .ბ) „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში დასაქმებული პირი; ბ 3 .გ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირი; ბ 3 .დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი; ბ 4 ) აკრძალულ პირთა სია − ამ მუხლის „ბ 3 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთა შესახებ მონაცემთა ბაზა; გ) სამორინე – სპეციალურად მოწყობილი შენობა/ნაგებობა ან შენობის/ნაგებობის ნაწილი, სადაც თამაშობის ორგანიზატორი სათამაშო ბორბლის (რულეტის), ბანქოს, სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის, კამათლის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის (გარდა სათამაშო აპარატისა) მეშვეობით ახორციელებს აზარტულ თამაშობებს და ფულადი მოგების გათამაშებას; გ 1 ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზება – სამორინეში დაშვებული აზარტული თამაშობების ინტერნეტის, ტელეფონის ან/და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართვა; დ) სამორინის მაგიდა – სპეციალურად მოწყობილი მაგიდა, რომელზედაც სამორინის წარმომადგენელსა და მოთამაშეს/მოთამაშეებს შორის მიმდინარეობს აზარტული თამაშობა სათამაშო ბორბლის (რულეტის), ბანქოს, კამათლის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით. ამ კანონის მიზნებისთვის სამორინის მაგიდად მიიჩნევა აგრეთვე ჰიბრიდული ელექტრომექანიკური სათამაშო ბორბალი (რულეტი), რომელიც მექანიკურად ამოქმედდება. სამორინის მაგიდა, რომელზედაც სამორინის ორ ან ორზე მეტ წარმომადგენელსა და მოთამაშეს/მოთამაშეებს შორის ერთდროულად ორი ან ორზე მეტი თამაშობა მიმდინარეობს, იმდენ სამორინის მაგიდად მიიჩნევა, სამორინის რამდენ წარმომადგენელთანაც მიმდინარეობს თამაშობა; დ 1 ) კლუბის მაგიდა − სპეციალურად მოწყობილი მაგიდა, რომელზედაც მოთამაშეებს შორის თამაშობა მიმდინარეობს ბანქოს მეშვეობით. თამაშობაში ბანქო შეიძლება დაარიგოს აზარტული თამაშობის ორგანიზატორის (გარდა სათამაშო აპარატების სალონისა) წარმომადგენელმა; ე) სათამაშო დარბაზი – სპეციალურად მოწყობილი შენობა/ნაგებობა ან შენობის/ნაგებობის ნაწილი, რომელშიც ეწყობა/ტარდება ტოტალიზატორი, ბინგო, ლოტო, ხოლო სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში, აზარტულ კლუბში − სპეციალური ადგილი, სადაც ტარდება აზარტული თამაშობები. სათამაშო დარბაზი არ უნდა ჩანდეს შენობის/ნაგებობის გარეთა მხრიდან; ვ) სათამაშო აპარატების სალონი – სპეციალურად მოწყობილი შენობა/ნაგებობა ან შენობის/ნაგებობის ნაწილი, სადაც თამაშობის ორგანიზატორი სათამაშო აპარატების მეშვეობით ახორციელებს აზარტულ თამაშობებს; ვ 1 ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზება − სათამაშო აპარატების სალონში დაშვებული აზარტული თამაშობების ინტერნეტის, ტელეფონის ან/და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართვა; ზ) სათამაშო აპარატი – ელექტრონული, მექანიკური ან ელექტრომექანიკური მოწყობილობა ან სხვა სპეციალიზებული მოწყობილობა, რომელსაც აქვს სპეციალური პროგრამა ან/და მექანიზმი, რომელიც იძლევა ფულად მოგებას ან ფულადი მოგების განსაზღვრის საშუალებას. სათამაშო აპარატი, რომელზედაც ერთი ან/და რამდენიმე თამაშობა მიმდინარეობს, რომელზედაც თამაში ერთდროულად რამდენიმე მოთამაშეს შეუძლია და რომელიც რამდენიმე სათამაშო ადგილისგან შედგება, იმდენ სათამაშო აპარატად მიიჩნევა, რამდენი სათამაშო ადგილისგანაც შედგება იგი (გარდა იმ ელექტრონული სათამაშო ბორბლისა (რულეტისა), რომლის მეშვეობითაც ერთი სახეობის რულეტით ან/და რამდენიმე სახეობის რულეტით თამაშობა მიმდინარეობს); ზ 1 ) აზარტული კლუბი − სპეციალურად მოწყობილი შენობა/ნაგებობა ან შენობის/ნაგებობის ნაწილი, სადაც თამაშობის ორგანიზატორი კლუბის მაგიდის/კლუბის მაგიდების მეშვეობით ბანქოთი თამაშობებს ახორციელებს; თ) ლატარია – ნებაყოფლობითი ჯგუფური ან მასობრივი თამაშობა, რომლის დროსაც ლატარიის ორგანიზატორი საჯაროდ გამოქვეყნებული, დადგენილი წესისა და პირობების დაცვით ათამაშებს საპრიზო ფონდს. მოგების დამთხვევა ლატარიის რომელიმე ბილეთზე დამოკიდებული არ არის ლატარიის ორგანიზატორის ან სხვა სუბიექტის ნება-სურვილსა და მოქმედებაზე, წარმოადგენს შემთხვევითობას და არ შეიძლება იყოს სპეციალურად მოწყობილი. ლატარიის სახეებია: თ.ა) ტირაჟიანი ლატარია – ლატარია, რომლის ჩატარების პროცესი დაყოფილია ტირაჟებად, ცალკეულ სრულ ციკლებად, ბილეთის დამზადებიდან და რეალიზაციიდან – საპრიზო ფონდის გათამაშების ჩათვლით. ლატარიის ბილეთის მფლობელი ბილეთის მომგებიანობას ადგენს მხოლოდ გათამაშების ჩატარების შემდეგ; თ.ბ) მომენტალური ლატარია – ლატარია, რომლის გათამაშების შედეგი ირკვევა ადგილზე ბილეთის შემოწმების ან უშუალოდ ბილეთზე გათამაშების ჩატარების გზით; თ.გ) (ამოღებულია - 08.06.2016, №5385) ; თ.დ) (ამოღებულია - 08.06.2016, №5385) ; თ.ე) (ამოღებულია - 08.06.2016, №5385) ; ი) ლატარიის ან/და მომგებიანი თამაშობის ბილეთი – სარეალიზაციოდ ან გასავრცელებლად გამზადებული ბარათი, თამაშობაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ნივთი, პერსონალური საიდენტიფიკაციო კოდი (ნომერი) ან/და ინფორმაციის სხვა მატარებელი, რომელიც უპასუხებს კანონისა და კონკრეტული ლატარიის ან მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობებს (რეგლამენტს) და მოგების შემთხვევაში ადასტურებს მოგების ფაქტს; კ) საპრიზო ფონდი – თანხა, რომელიც შემოსვლამდე აღიარებულია მყარ ვალდებულებად მესამე პირის (მოგებახვედრილი ბილეთის მფლობელის), მარწმუნებლის ან პრინციპალის სასარგებლოდ და განკუთვნილია მისთვის გადასაცემად, მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) გათვალისწინებული მოგების ოდენობით. კონკრეტული თამაშობის მოწყობის პირობების (რეგლამენტის) შესაბამისად მოგება შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფულადი, ნივთის სახით ან სხვა ფორმით და იგი გაიცემა თამაშობაში მოგებულ ბილეთზე. აკრძალულია საპრიზო ფონდის დატვირთვა რაიმე სხვა ვალდებულებებით, გარდა გათამაშების მონაწილეებთან ნაკისრი ვალდებულებისა. საპრიზო ფონდი არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფინანსურ, კომერციულ, საწარმოო ან სხვა ბრუნვაში. ამ პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები არ ვრცელდება საბანკო დაწესებულებაში საპრიზო ფონდის განთავსებით მიღებულ სარგებელზე ; ლ) საპრიზო ფონდის გათამაშება – პროცედურა, რომლის დროსაც დასტურდება მოგების დამთხვევის ფაქტი ლატარიის ან/და მომგებიანი თამაშობის ბილეთზე; ნივთმოგების მფლობელს უფლება აქვს, მიიღოს ნივთი ან მისი შესაბამისი თანხა, თუ ეს დადგენილია მოწყობის პირობებით (რეგლამენტით); მ) საპრიზო ფონდის უზრუნველყოფა – ფინანსური მექანიზმი, რომლითაც მოგების შემთხვევაში უზრუნველყოფილია ტოტალიზატორის მოთამაშეთა ინტერესები და რომლის არსებობაც დასტურდება საბანკო გარანტიით ან ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისით; ნ) ლატარიის მოცულობა – კონკრეტული გათამაშებისათვის განკუთვნილი ბილეთების რაოდენობის ნამრავლი ბილეთების საცალო ღირებულებაზე; ო) მომგებიანი თამაშობებია: ო.ა) ლოტო – ჯგუფური თამაშობა, რომლის მონაწილეც ირჩევს რიცხვით ან სიმბოლოების კომბინაციებს და რომელშიც მოგება დამოკიდებულია რიცხვითი ან სიმბოლოების კომბინაციების მთლიან ან ნაწილობრივ დამთხვევაზე და მოგება განისაზღვრება საპრიზო ფონდის ოდენობიდან. ლოტო ტარდება სპეციალურად მოწყობილ შენობაში და მის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება შენობაში არსებული სათამაშო ადგილების რაოდენობით; ო.ბ) ბინგო – ჯგუფური თამაშობა, რომელშიც რიცხვითი ბარათების ან ელექტროტაბლოს მეშვეობით ფიქსირდება მოგება სპეციალური მოწყობილობიდან ამოსული რიცხვითი კომბინაციების დამთხვევით და მოგება განისაზღვრება საპრიზო ფონდის ოდენობიდან. ბინგო ტარდება სპეციალურად მოწყობილ შენობაში და მის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება შენობაში არსებული სათამაშო ადგილების რაოდენობით; ო.გ) ტოტალიზატორი – თამაშობა, რომელიც იმართება მოთამაშეების მიერ შეჯიბრების მიმდინარეობის, თამაშობის, რაიმე მოვლენის/მოვლენების შედეგის პროგნოზზე ფსონების დადებით, ხოლო მოგება დამოკიდებულია ფსონის მოცულობასა და შედეგზე. აკრძალულია ტოტალიზატორის მოწყობა იმ შემთხვევებში, როდესაც შედეგი შესაძლოა წინასწარ იყოს ცნობილი ერთ-ერთი ან ორივე მხარისთვის. ტოტალიზატორი იმართება სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ან შენობა-ნაგებობის ნაწილში ან/და ამ მუხლის „ო.გ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით; ო.გ 1 ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზება − ტოტალიზატორში დაშვებული მომგებიანი თამაშობების ინტერნეტის, ტელეფონის ან/და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართვა; ო.დ) წამახალისებელი გათამაშება – თამაშობა, რომლის დროსაც ორგანიზატორი საჯაროდ გამოქვეყნებული, დადგენილი წესისა და პირობების დაცვით ათამაშებს საპრიზო ფონდს. მოგების დამთხვევა რომელიმე ბილეთზე დამოკიდებული არ არის ორგანიზატორის ან სხვა სუბიექტის ნება-სურვილსა და ქმედებაზე, შემთხვევითობაა და არ შეიძლება იყოს სპეციალურად მოწყობილი. წამახალისებელი გათამაშება ტარდება კონკრეტული სახის პროდუქციის (მომსახურების) სწრაფად და ეფექტიანად რეალიზების მიზნით, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ შემთხვევაში. წამახალისებელი გათამაშების ბილეთი გაიცემა უფასოდ. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა გაიცემა კონკრეტული სახის პროდუქციის (მომსახურების) მწარმოებელზე ან მის წარმომადგენელზე, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შემთხვევისა. დაუშვებელია წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობისთვის ნებისმიერი ფორმით საფასურის დაწესება; პ) თამაშობის ორგანიზატორი − აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელი; ჟ) სამორინის სეიფი – სპეციალურად მოწყობილი, უფანჯრო ოთახი, რომელსაც აქვს ერთი შესასვლელი კარი და სადაც ინახება სამორინის სარეზერვო თანხა (თითოეულ სამორინის მაგიდაზე − არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობით), სამორინის სათამაშო ინვენტარი, რომელიც სტაციონარულად დამონტაჟებული არ არის (ბურთულები რულეტისთვის, სათამაშო ჟეტონები, ბანქოს დასტები, ბანქოს დასარიგებელი კარაბინები და სინები, კამათლები და სხვა); რ) ლატარიის ორგანიზატორი – ამ კანონის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირი – ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მფლობელი პირი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ამავე კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად; ს) წამახალისებელი გათამაშების ეტაპი – პროცესი, რომელიც იწყება ბილეთების დამზადებიდან და რეალიზაციიდან და მთავრდება საპრიზო ფონდის გათამაშებით; ტ) აგენტი – პირი, რომელიც ლატარიის ორგანიზატორს უწევს სარეალიზაციო მომსახურებას და საცალო რეალიზატორს ან სხვა აგენტს აწვდის ლატარიის ბილეთებს მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. აგენტს უფლება აქვს, თავად შეასრულოს საცალო რეალიზატორის ფუნქცია; უ) საცალო რეალიზატორი – პირი, რომელიც ლატარიის ორგანიზატორს ან აგენტს უწევს სარეალიზაციო მომსახურებას ლატარიის ბილეთების მოთამაშეებზე რეალიზაციის მიზნით; ფ) სარეალიზაციო მომსახურება − მომსახურება, რომელიც მოიცავს აგენტის (საცალო რეალიზატორის) მიერ ლატარიის ორგანიზატორის ლატარიის ბილეთების რეალიზაციას (მათ შორის, ლატარიის ტერმინალის გამოყენებით), ლატარიის ორგანიზატორის მიერ დადგენილი წესების თანახმად მოთამაშეებზე მოგებების გაცემას, მათთვის ლატარიის ორგანიზატორის სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებას და სხვა. ქ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო − სპეციალურად მოწყობილი ადგილი (გარდა კომერციული ბანკისა, მიკრობანკისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა), სადაც მოლარის მეშვეობით ხდება თანხის მოთამაშისთვის გახსნილ დეპოზიტზე შეტანა ან/და ამ დეპოზიტიდან გაცემა; ღ) ნებართვის მაძიებელი − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც აპირებს, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების სფეროში განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, მათ შორის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება; ყ) ნებართვის მფლობელი − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების სფეროში ახორციელებს ნებისმიერ საქმიანობას, მათ შორის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებას; შ) შერჩეული პირი − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის (შემდგომ − შემოსავლების სამსახური) მიერ სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ოპერირების მიზნით შერჩეული პირი; ჩ) POS ტერმინალი − სპეციალური ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს ტოტალიზატორის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობისა) თითოეული ბილეთის კონტროლის ელექტრონულ სისტემაში ასახვას; ც) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის საფუძველზე თამაშობის ორგანიზატორისთვის ან/და საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ პირისთვის არსებითი პროდუქციის/მომსახურების პირდაპირი ფორმით ან/და არაპირდაპირი ფორმით მიწოდება, რამაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ან/და რაც გავლენას ახდენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მონაწილეობით ან/და მისი მონაწილეობის გარეშე; ძ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი − პირი, რომელიც ახორციელებს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებას; წ) არსებითი პროდუქცია/მომსახურება − საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროდუქცია ან/და მომსახურება, რომელიც მოიცავს აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს, შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმას (RNG), ჯეკპოტის პლატფორმას, სათამაშო პლატფორმას (მათ შორის, სერვერს/სერვერებს, რომელზედაც/რომლებზედაც უშუალოდ ხდება თამაშის შედეგის გამოვლენა), მოთამაშეთა ბაზას, ფინანსურ ბაზას/სისტემას, მენეჯმენტის სისტემას, სათამაშო აპარატებს ან/და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა პროდუქციას ან/და მომსახურებას და რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ან/და რომელიც გავლენას ახდენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მონაწილეობით ან/და მისი მონაწილეობის გარეშე; ჭ) ჯეკპოტის პლატფორმა − გათამაშების უმაღლესი კატეგორია, მისი საწყისი და ზრდადი თანხების განსაზღვრისა და განაწილების წესი; ხ) შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმა (RNG) − შემთხვევითი რიცხვის წარმოქმნის პროგრამა; ჯ) კონტროლის ელექტრონული სისტემა − შერჩეული პირის მეშვეობით, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დანერგილი სისტემა, რომლის მიზანია ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი; ჰ) მენეჯმენტის სისტემა − თამაშობის ორგანიზატორისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის შიდა მართვის ან/და კონტროლის სისტემა; ჰ 1 ) სათამაშო ბიზნესი − პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება, რომლის/რომელთა შედეგი მთლიანად ან/და ნაწილობრივ შემთხვევითობაზეა დამოკიდებული და რომელშიც/ რომლებშიც მოთამაშე ფულადი მოგების ან/და ნივთობრივი მოგების მისაღებად მონაწილეობს, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება; ჰ 2 ) ბენეფიციარი მესაკუთრე − „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული ფიზიკური პირი; ჰ 3 ) ავტორიზაციის სერტიფიკატი − შერჩეული პირის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის, აგრეთვე ზოგიერთი არსებითი პროდუქციის/მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობას. საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5180 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ. 277 საქართველოს 2008 წლის 10 დეკემბრის კანონი №709 - სსმ I, №37, 17.12.2008 წ., მუხ.239 საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2332 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.358 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3045 - სსმ I, №24, 10.05.2010 წ., მუხ.164 საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5169 - ვებგვერდი, 11.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5448 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5859 – ვებგვერდი, 27.03.2012წ. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი № 6052 – ვებგვერდი, 27.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის კანონი №6574 – ვებგვერდი, 10.07.2012წ. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5385 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1912 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6487 – ვებგვერდი, 02.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 14 დეკემბრის კანონი №1083 – ვებგვერდი, 24.12.2021წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1185 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2584 – ვებგვერდი, 24.02.2023წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2616 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. მუხლი 4 ლატარიას, აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს არ მიეკუთვნება თამაშობები, რომლებიც ტარდება მანქანების, აპარატების, მოწყობილობების, ინტერნეტის, ტელეფონის, სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით და რომლებშიც გათვალისწინებული არ არის შემთხვევითობის ელემენტი. მათი მიზანია მონაწილეთა განსაკუთრებული ცოდნის, ინტელექტის, სიმარჯვის, მოხერხებულობის ან სხვა განსაკუთრებული უნარის ტესტირება ან დემონსტრირება. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2584 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.
