1.დაინტერესებული პირის მიერ ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ეროვნულ ბანკში წარდგენის შემდეგ, ეროვნული ბანკი 45 სამუშაო დღის ვადაში იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტს სგს-ს რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ პირს.
2.იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს სგს-ის რეგისტრაციაზე, ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომლის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ პირს.
3.ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარსადგენად დაინტერესებულ პირს ეროვნული ბანკი განუსაზღვრავს მაქსიმუმ 30 კალენდარულ დღეს, რომლის განმავლობაშიც ჩერდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. დადგენილი ვადის გაშვება წარმოადგენს დაინტერესებული პირისათვის სგს-ს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს.
4.რეგისტრაციის თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება სგს-ის საფირმო სახელწოდება, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი.
5.ინფორმაცია რეგისტრაციის თაობაზე აისახება ეროვნული ბანკის რეესტრში და გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.
6.სგს-ის მიერ საფირმო სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის, ფაქტობრივი ან/და იურიდიული მისამართის ცვლილების, ფილიალის, სასაწყობე ფართის გახსნის, დახურვის და/ან მათი მისამართის ცვლილების შემთხვევაში, სგს ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან ხუთი კალენდარული დღის ვადაში წერილობით აცნობოს ეროვნულ ბანკს.
7.სგს ვალდებულია ადმინისტრატორის დანიშვნამდე თანხმობის მისაღებად წერილობით აცნობოს ეროვნულ ბანკს და წარუდგინოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. ეროვნული ბანკი განაცხადს განიხილავს მისი წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში და დაინტერესებულ პირს თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება.
8.სგს-ის ადმინისტრატორთან დაკავშირებული დოკუმენტების/ინფორმაციის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს სგს-ის ადმინისტრატორის განთავისუფლება.
9.ეროვნული ბანკი ვალდებულია ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად განხორციელებული ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან ათი კალენდარული დღის განმავლობაში სათანადო ცვლილებები შეიტანოს სგს-ის რეგისტრაციის რეესტრში და სგს-ის რეგისტრაციის თაობაზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 14 ივლისის ბრძანება №99/04 - ვებგვერდი, 15.07.2021წ.

