1.ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სესხის გამცემი სუბიექტი – პირი, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს) აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება; ბ) სესხის გამცემი სუბიექტის ფილიალი – სესხის გამცემი სუბიექტის სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც უშუალოდ ხორციელდება სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობა ან მისი ნაწილი; გ) სპეციალური ელექტრონული პროგრამა – ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამა, რომელიც შეესაბამება „სესხის გამცემი სუბიექტის (მეწარმე სუბიექტის) ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებულ წესს; დ) მნიშვნელოვანი წილი – პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული სესხის გამცემი სუბიექტის განაღდებული კაპიტალის ან განცხადებული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე წილის/აქციების 10%-ზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის მიერ სესხის გამცემ სუბიექტზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე წილში/აქციებში წილის ოდენობისა სესხის გამცემ სუბიექტში; ე) ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფი – ახლონათესაური კავშირის (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული პირველი რიგისა და მეორე რიგის მემკვიდრეები) მქონე პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფი, ან პარტნიორები/აქციონერები, რომლებიც ერთმანეთთან, გარდა სესხის გამცემი სუბიექტისა, სხვა კომერციული ინტერესებითაც არიან დაკავშირებული; ვ) ადმინისტრატორი – სგს-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ან/და ერთ ან რამდენიმე პირთან ერთად სგს-ის სახელით აიღოს ვალდებულებები; ზ) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სარგებელს და ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ აკისრია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისთვის შექმნილი პირი ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი – მისი მმართველი ორგანოს წევრი; თ) საოპერაციო ფართი – მომხმარებლებისა და სხვა ობიექტებისაგან იზოლირებული ფართი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, სადაც სგს-ის/ფილიალის მიერ ხორციელდება კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობა და ინახება ამ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები; ი) ვალუტის ყიდვა – უცხოური ვალუტის შესყიდვა ლარით; კ) ვალუტის გაყიდვა – უცხოური ვალუტის გაყიდვა ლარზე; ლ) საკომისიო – ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციაზე დაწესებული გადასახდელი; მ) საყურადღებო კურსი –კურსი, რომლის დროსაც ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა აღემატება 3%-ს ან როდესაც ვალუტის შესყიდვის ან/და გაყიდვის კურსი 3%-ით ან მეტით არის გადახრილი იმ დღისათვის არსებულ სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსიდან; ნ) სავაჭრო ცენტრი – საერთო ადმინისტრაციის მქონე შენობაში განთავსებული კომპლექსი, იზოლირებულ ფართზე განლაგებული, ინდივიდუალური შესასვლელის მქონე სავაჭრო ობიექტი, რომელშიც საქმიანობას ახორციელებენ მეწარმე სუბიექტები.
2.ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მნიშვნელობა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 28 იანვრის ბრძანება №9/04 - ვებგვერდი, 29.01.2021წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 25 იანვრის ბრძანება №15/04 - ვებგვერდი, 26.01.2023 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №378/04 - ვებგვერდი, 26.12.2023წ.

