გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ
მუხლი 35. კრედიტორთა კრების გადაწყვეტილება
1.კრედიტორთა კრების თავმჯდომარეა რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი.
2.კრედიტორთა კრებამ უნდა გადაწყვიტოს, დაამტკიცებს თუ არა ის შეთავაზებულ რეგულირებულ შეთანხმებას: ა) კრედიტორების მიერ შეთავაზებული ცვლილებებით; ბ) მოვალის მიერ შეთავაზებული ცვლილებებით; გ) კრედიტორებისა და მოვალის მიერ შეთავაზებული ცვლილებებით; დ) ცვლილების გარეშე.
3.რეგულირებულ შეთანხმებაში შესატანი ცვლილება არ შეიძლება შეიცავდეს ისეთ პირობას, რომლითაც რეგულირებული შეთანხმება კარგავს ამ კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრულ არსს.
4.კრედიტორების მიერ რეგულირებულ შეთანხმებაში შესატანი ცვლილების შეთავაზება უნდა განხორციელდეს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის მიერ კრედიტორთა კრებაზე დასასწრებ მოსაწვევში მითითებული წესით, ხოლო მოვალის მიერ შეთავაზებული ცვლილება რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს უნდა მიეწოდოს ამ კრების თარიღამდე არაუგვიანეს 7 დღისა. რეგულირებული შეთანხმების კრედიტორების მიერ შეთავაზებული ცვლილებებით დამტკიცების შემთხვევაში რეგულირებული შეთანხმება ძალაში შედის მოვალის თანხმობით.
5.კრედიტორთა კრებაზე ხმის უფლება განისაზღვრება ამ კანონის 82-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.
