გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ
მუხლი 73. მართვაში მყოფი მოვალე
1.მართვაში მყოფ მოვალეზე ვრცელდება რეაბილიტაციის მმართველისთვის ამ კანონით დადგენილი წესები, გარდა ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
2.მართვაში მყოფ მოვალეს აქვს რეაბილიტაციის მმართველისთვის ამ კანონით განსაზღვრული ყველა უფლება და მოვალეობა, გარდა: ა) იმ უფლებებისა და მოვალეობებისა, რომლებიც აქვს რეაბილიტაციის ზედამხედველს; ბ) მოვალის ყოფილი ან მოქმედი დირექტორის ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სხვა პირების ქმედებებისა და მათ მიერ დადებული გარიგებების შეცილების უფლებისა.
3.მართვაში მყოფი მოვალე ვალდებულია რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობის გარეშე არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომლის განხორციელებაზე რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობის აუცილებლობა ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული.
4.რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებამდე მოვალეს ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლების მიღმა ვალდებულების აღება/ხელშეკრულების დადება შეუძლია მხოლოდ რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობით. რეაბილიტაციის ზედამხედველის უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
5.ხმის უფლების მქონე კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის 10 პროცენტის მფლობელი კრედიტორის, კრედიტორთა კომიტეტის ან რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში სასამართლო განიხილავს შუამდგომლობას ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას მართვაში მყოფი მოვალის ნაცვლად რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ: ა) ამ კანონის VIII თავით გათვალისწინებული შეცილების საფუძველი; ბ) რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნამდე ან მისი გახსნის შემდეგ მოვალის მიერ არაკეთილსინდისიერების, არაკომპეტენტურობის გამოვლენა, აუცილებელი ზრუნვის მოვალეობის პრინციპის დარღვევა, მმართველობითი საქმიანობის მნიშვნელოვანი დარღვევებით წარმართვა; გ) მოვალის მიერ მართვის მიტოვება.
