1.ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია, მის მიერ გაცემული კრედიტის მომხმარებლის საკუთარი სახსრებით წინსწრებით სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში მომხმარებელს დააკისროს და მოსთხოვოს საკომისიო ან/და პირგასამტეხლო ან ნებისმიერი სახის საჯარიმო სანქცია, რომელიც შინაარსობრივად წარმოადგენს წინსწრებით დაფარვის საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს, თანხის წინსწრებით დაფარვის მომენტისთვის ხელშეკრულების დარჩენილი ვადის გათვალისწინებით, შემდეგი ოდენობით: ა) ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში: ა.ა) თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-ისა; ა.ბ) თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 1%-ისა; ა.გ) თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 2%-ისა. ბ) ცვლადი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში: ბ.ა) თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-ისა; ბ.ბ) თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 1%-ისა; გ) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-ისა.
1¹.ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია, მის მიერ გაცემული კრედიტის სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან სრული ან ნაწილობრივი რეფინანსირების შემთხვევაში, მომხმარებელ ფიზიკურ პირს, ასევე, მომხმარებელს (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის ვალდებულებების ჯამური მოცულობა ამავე ფინანსურ ორგანიზაციაში არ აღემატება 2,000,000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, დააკისროს და მოსთხოვოს საკომისიო ან/და პირგასამტეხლო ან ნებისმიერი სახის საჯარიმო სანქცია, რომელიც შინაარსობრივად წარმოადგენს წინსწრებით დაფარვის საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს, თანხის წინსწრებით დაფარვის მომენტისთვის კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0,5%-ისა. ეს წესი ვრცელდება ეროვნულ ვალუტაში გაცემული კრედიტის ეროვნული ვალუტითა ან/და უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტის უცხოური ვალუტით რეფინანსირების შემთხვევებზე. ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია, მის მიერ გაცემული კრედიტის სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან სრული ან ნაწილობრივი რეფინანსირების შემთხვევაში მომხმარებელს (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის ვალდებულებების ჯამური მოცულობა ამავე ფინანსურ ორგანიზაციაში აღემატება 2,000,000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, დააკისროს და მოსთხოვოს საკომისიო ან/და პირგასამტეხლო ან ნებისმიერი სახის საჯარიმო სანქცია, რომელიც შინაარსობრივად წარმოადგენს წინსწრებით დაფარვის საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
1².ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია, მის მიერ გაცემული დოკუმენტალური ოპერაციების (აკრედიტივი, დოკუმენტალური ინკასო, საბანკო გარანტია, აქცეპტები და სხვა) სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან რეფინანსირების შემთხვევაში, მომხმარებელ ფიზიკურ პირს, ასევე, მომხმარებელს (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის ვალდებულებების ჯამური მოცულობა ამავე ფინანსურ ორგანიზაციაში არ აღემატება 2,000,000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, დააკისროს და მოსთხოვოს საკომისიო ან/და პირგასამტეხლო ან ნებისმიერი სახის საჯარიმო სანქცია, რომელიც შინაარსობრივად წარმოადგენს წინსწრებით დაფარვის საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს, წინსწრებით დაფარვის მომენტისთვის დოკუმენტალური ოპერაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის არაუმეტეს 0,5%-ისა. ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია, მის მიერ გაცემული დოკუმენტალური ოპერაციების (აკრედიტივი, დოკუმენტალური ინკასო, საბანკო გარანტია, აქცეპტები და სხვა) სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან რეფინანსირების შემთხვევაში, მომხმარებელს (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის ვალდებულებების ჯამური მოცულობა ამავე ფინანსურ ორგანიზაციაში აღემატება 2,000,000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, დააკისროს და მოსთხოვოს საკომისიო ან/და პირგასამტეხლო ან ნებისმიერი სახის საჯარიმო სანქცია, რომელიც შინაარსობრივად წარმოადგენს წინსწრებით დაფარვის საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს, წინსწრებით დაფარვის მომენტისთვის დოკუმენტალური ოპერაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის არაუმეტეს 2%-ისა.
2.წინსწრებით დაფარვის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს საკრედიტო ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილ ვადაზე დასარიცხი პროცენტის ან დოკუმენტალური ოპერაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკომისიოს თანხას.
3.ამ მუხლის პირველი და 1 1 პუნქტებით გათვალისწინებული საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება ფინანსურ ორგანიზაციას არ აქვს, თუ: ა) ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე პერიოდი; ბ) კრედიტის რეფინანსირება მთლიანად ან ნაწილობრივ ხდება იმავე ფინანსური ორგანიზაციის მიერ გაცემული ახალი კრედიტით; გ) კრედიტის წინსწრებით დაფარვა ხდება ფინანსური ორგანიზაციის მოთხოვნით; დ) კრედიტის წინსწრებით დაფარვა ან რეფინანსირება ხდება ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულებებში შესატან ცვლილებებზე მომხმარებლის და/ან, არსებობისას, თავდების/სოლიდარული თავდების/უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრის მხრიდან დაუთანხმებლობის მიზეზით; აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება, თუ ფინანსური ორგანიზაციისგან დამოუკიდებელი მიზეზით გაუქმდა არსებული ინდექსი და ხდება ინდექსის ჩანაცვლება; ე) კრედიტი იფარება კრედიტის დაფარვის უზრუნველსაყოფად დადებული დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში; ვ) წინსწრებით იფარება ოვერდრაფტი.
4.კრედიტის რეფინანსირების ან მომხმარებლის მიერ წინსწრებით დაფარვისას ნარჩენი/დასაფარი ძირითადი თანხის მოცულობის დაანგარიშების მიზნებისათვის ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია, უზრუნველყოს გაცემული კრედიტის ძირითადი თანხის ამორტიზაცია გამჭვირვალედ და საკრედიტო პროდუქტის შინაარსის/ბუნების შესაბამისად. თუ კრედიტის გაცემის, შენარჩუნების ან დაფარვის მიზნებისათვის ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხმარებელზე დაკისრებული ფინანსური ხარჯების მოცულობა, გარდა საპროცენტო სარგებლისა და მესამე პირების სასარგებლოდ გაწეული ხარჯებისა, აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის ძირითადი თანხის 2%-ს და საკრედიტო პროდუქტის შინაარსის/ბუნების გათვალისწინებით, ამგვარი ხარჯებით ხდება კრედიტის საწყისი ძირითადი თანხის მნიშვნელოვანი ცვლილება, საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს მოსთხოვოს და ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს საფინანსო პროდუქტში ცვლილებების შეტანა და კრედიტის ძირითადი თანხის ამორტიზაციის წესის კორექტირება ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღწერილი გამჭვირვალე ამორტიზაციის პრინციპების და საქართველოს ეროვნული ბანკის კონკრეტული მითითებების შესაბამისად.
5.გამჭვირვალე ამორტიზაციის მიზნებისათვის კრედიტის საწყის ძირითად თანხად განიხილება ფინანსური ორგანიზაციის მიერ გაცემული კრედიტისა და კრედიტით სარგებლობისთვის გადახდილი კრედიტთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯების სხვაობა. ამასთან, არ გაითვალისწინება ისეთი ხარჯები, რომლებიც გადახდილია მესამე პირების სასარგებლოდ, ასევე, კრედიტის გაცემასთან დაკავშირებული ხარჯები, არაუმეტეს გაცემული კრედიტის ძირითადი თანხის 2%-ისა და/ან ხარჯები, რომლებიც განკუთვნილია ან რომლებსაც ფინანსური ორგანიზაცია გაიღებს კონკრეტული ფინანსური პროდუქტის პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, ხოლო კრედიტის ნარჩენი ძირითადი თანხა მიიღება საწყისი ძირითადი თანხის ამორტიზირებით ფინანსური ორგანიზაციის მიერ კრედიტზე მისაღები საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით.
6.საკრედიტო პროდუქტის შინაარსის/ბუნების შესაბამისი ამორტიზაცია, მათ შორის, გულისხმობს შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშებას ყოველდღიური დარიცხვის პრინციპის გამოყენებით, ანუ თითოეული დღისათვის სესხის ნარჩენი ძირის და საპროცენტო განაკვეთის თანაბარი დღიური პროპორციის გათვალისწინებით.
7.კრედიტის წინსწრებით ნაწილობრივ დაფარვის დროს, თუ იფარება კრედიტის საწყისი ძირითადი თანხის მინიმუმ 20%, არანაკლებ 500 ლარის ოდენობით, მომსახურების ოფისებში კრედიტის დაფარვისას საკუთარი ინიციატივით, ხოლო დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით დაფარვის შემდეგ მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მას შესთავაზოს ახალი გრაფიკის მინიმუმ შემდეგი ალტერნატივები: ა) ნარჩენი ძირითადი თანხის გადანაწილება იმავე პერიოდზე ყოველთვიური შენატანის შემცირების გზით; ბ) ყოველთვიური შენატანის იმავე ოდენობის პირობებში დარჩენილი პერიოდის შემცირება.
8.მომხმარებლის მიერ ფინანსური ორგანიზაციის მომსახურების ნებისმიერ არხში (როგორც მომსახურების ოფისებში, ისე ნებისმიერ დისტანციურ საკომუნიკაციო საშუალებაში მომხმარებლის დადგენილი წესით იდენტიფიცირების შემდეგ) კრედიტის წინსწრებით დაფარვის შესახებ ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, ზეპირსიტყვიერად და/ან წერილობითი (მატერიალური ან ელექტრონული) განცხადების გაკეთების და/ან დისტანციურ საკომუნიკაციო საშუალებებში კრედიტის დაფარვის სპეციალური ღილაკების (არსებობის შემთხვევაში) გამოყენების და/ან სხვა ნებისმიერი ქმედების შემთხვევაში, რაც ადასტურებს მომხმარებლის მიერ კრედიტის წინსწრებით სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის ნებას და მომხმარებლის ანგარიშზე საკმარისი სახსრების არსებობისას, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია კრედიტის წინსწრებით დაფარვა განახორციელოს იმავე დღეს ან თუ მომხმარებლის მიმართვა განხორციელდა არასამუშაო საათებში, მომდევნო სამუშაო დღეს. თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზით კრედიტის დაფარვა საჭიროებს განსაზღვრულ ვადას, ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია ისარგებლოს აღნიშნული ვადით, თუმცა მოცემულ პერიოდზე არ უნდა განხორციელდეს პროცენტის დარიცხვა. თუ მომხმარებელი ახდენს მხოლოდ ზეპირსიტყვიერ განცხადებას, რაც არ არის საკმარისი კრედიტის წინსწრებით დასაფარად, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მას შესთავაზოს ამ პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე მეთოდის გამოყენებაც. ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მოითხოვოს წინასწარი შეტყობინება კრედიტის წინსწრებით დაფარვისას, არაუმეტეს 14 კალენდარული დღისა, თუ კრედიტის თანხა აღემატება 2,000,000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში. ამ შემთხვევაში ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია კრედიტზე პროცენტის დარიცხვა განახორციელოს ფაქტობრივად ნასარგებლები დღეების შესაბამისად, არაუმეტეს ზემოაღნიშნული ვადისა.
9.დაუშვებელია მიმდინარე ვალდებულების დაფარვისას ფინანსური ორგანიზაციის მიერ ცალმხრივად, მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე (დაუშვებელია წინასწარი შეთანხმება) ანგარიშებისა და კონვერტაციის პრიორიტეტის შეცვლა. ვალდებულება უნდა დაიფაროს, პირველ რიგში, იმ ვალუტის ანგარიშიდან, რომელ ვალუტაშიც განსაზღვრულია გადახდები (თუ მსესხებელი სხვა დავალებას არ აძლევს ფინანსურ ორგანიზაციას უშუალოდ დაფარვის განხორციელებამდე). ვალდებულების დაფარვისას სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის შესაძლებლობაზე მხარეები უნდა შეთანხმდნენ წინასწარ. სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის შემთხვევაში დაუშვებელია ვადიანი დეპოზიტიდან (გარდა დეპოზიტით უზრუნველყოფილი კრედიტისა) მოთხოვნების დაკმაყოფილება/დეპოზიტის დარღვევა მისი ვადის გასვლამდე.
10.მიმდინარე ვადაგადაცილების დაფარვის მიზნით, ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხმარებლისთვის სხვა საკრედიტო პროდუქტის გააქტიურების/მიწოდების წინასწარი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, ამ წინასწარ შეთანხმებული პროდუქტით დაკისრებული ფინანსური ხარჯების ჯამური მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს იმ ხარჯებს, რომელიც მომხმარებელს დაეკისრებოდა ახალი პროდუქტის გააქტიურების გარეშე.
11.ერთზე მეტი მიმდინარე დავალიანების არსებობის შემთხვევაში, როდესაც მომხმარებლის ანგარიშზე განთავსებული თანხა არ არის საკმარისი ერთზე მეტი ვადამოსული/ვადაგადაცილებული ვალდებულების სრულად შესასრულებლად, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს მისცეს ამ ვალდებულებების დაფარვის რიგითობის არჩევის საშუალება. არჩევანი უნდა გაკეთდეს უშუალოდ ასეთი შემთხვევის დადგომისას და არა წინასწარ, მათ შორის, ხელშეკრულების გაფორმების მომენტში. ამ პუნქტის მიზნებისთვის, ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია მომხმარებელს წინასწარ შეუთანხმდეს არხზე, რომლითაც მომხმარებელს საშუალება ექნება დააფიქსიროს მსგავსი ნების გამოვლენა. ამ პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ სპეციფიკურ საფინანსო პროდუქტებზე.
12.ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებლის მიერ ვალდებულების შესრულება აღრიცხოს მოხმარებლის მიერ ანგარიშზე თანხის განთავსების ფაქტობრივი დროის მიხედვით (24:00 საათამდე). გამონაკლის შემთხვევებში, თუ აღნიშნული შეუძლებელია ტექნიკური ან სხვა მიზეზით, ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებლის მიერ ანგარიშზე თანხის განთავსების ფაქტობრივი დროიდან შესრულების აღრიცხვამდე პერიოდზე არ უნდა განახორციელოს ნებისმიერი სახის ფინანსური სანქციის ან/და საკომისიოს დაკისრება. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 7 მარტის ბრძანება №60/04 - ვებგვერდი, 10.03.2025 წ.

