1.ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მოახდინოს არააქტიურ საფინანსო პროდუქტზე შესაბამისი საკომისიოს დარიცხვის შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული პროდუქტის გარდა მომხმარებელი სარგებლობს სხვა აქტიური არასაკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტებითაც.
2.მომხმარებლის ანგარიშზე თანხის შეცდომით ჩარიცხვის შემთხვევაში, ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია მომხმარებელს დააკისროს საჯარიმო სანქცია შეცდომის შესახებ მომხმარებლის ინფორმირებიდან ხუთი სამუშაო დღის შემდეგ. თუ შეცდომით ჩარიცხული თანხის მომხმარებლის მიერ ათვისების შემთხვევაში ამ თანხის დაბრუნება ხდება მომხმარებლის ინფორმირებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში ან თანხის ჩამოჭრა ხდება ფინანსური ორგანიზაციის მიერ, დაუშვებელია საჯარიმო სანქციის დაწესება.
3.თუ მომხმარებლის ანგარიშზე დაიშვება გადახარჯვა, მომხმარებელი მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ინფორმირებული უნდა იყოს გადახარჯვასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის შესახებ. თანხის გადახარჯვის დაფიქსირებისას ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია ამ წესის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების არხით უზრუნველყოს მომხმარებლის ინფორმირება დაუყოვნებლივ, ფინანსური ორგანიზაციის ტექნიკური მოწყობის შესაძლებლობების ფარგლებში, მაგრამ არაუგვიანეს გადახარჯვის შემთხვევის დადგომიდან ხუთი სამუშაო დღისა. ფინანსური ორგანიზაცია არ აგებს პასუხს ამ ვალდებულების დარღვევისათვის, თუ მომხმარებელთან დაკავშირება/მისთვის ინფორმაციის მიწოდება ვერ ხერხდება ადრესატის ბრალეულობით და/ან ადრესატმა შეიცვალა საკონტაქტო ინფორმაცია და ამის შესახებ არ უცნობებია ფინანსური ორგანიზაციისთვის.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული შეტყობინება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას: ა) გადახარჯვის ფაქტის შესახებ; ბ) გადახარჯვის თანხის ოდენობის შესახებ; გ) საპროცენტო განაკვეთის შესახებ; დ) ნებისმიერი ხარჯის, პროცენტის ან ჯარიმის შესახებ, რაც შეიძლება დაერიცხოს დავალიანებას.
5.ოვერდრაფტის არსებობის შემთხვევაში ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია ბანკომატების ეკრანზე ასახოს ოვერდრაფტიდან ასათვისებელი/ხელმისაწვდომი საკრედიტო ლიმიტის ოდენობა. ამასთან, აღნიშნული ინფორმაციის ბანკომატის ეკრანზე ასახვის შემთხვევაში, მომხმარებლის საკუთარი სახსრებიდან ასათვისებელი/ხელმისაწვდომი თანხის ოდენობა ნაჩვენები უნდა იყოს გამიჯნულად ყველა იმ შემთხვევაში, სადაც ხელმისაწვდომი თანხის ნაშთების შესახებ შესაბამისი დეტალებია ასახული.
6.ოვერდრაფტის არსებობის შემთხვევაში ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის ინფორმირება მოკლე ტექსტური შეტყობინებით, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებით დამტკიცებული საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულებით გათვალისწინებული საბარათე გადახდის ოპერაციის განხორციელებისას, გარკვეული თანხის ათვისება ხდება ოვერდრაფტის შესაბამისი საკრედიტო ლიმიტიდან. მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა უნდა იყოს უფასო. თუ ფინანსური ორგანიზაცია მომხმარებელს სთავაზობს მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის მომსახურებას პაკეტის სახით, რომელშიც სხვა მომსახურებებიც შედის, ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია, დააწესოს აღნიშნული მომსახურების საფასური. თუ მომხმარებელი უარს ამბობს მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებაზე, მტკიცების ტვირთი, რომ მომხმარებელმა უარი განაცხადა, ეკისრება ფინანსურ ორგანიზაციას.
7.ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, განათავსოს სასესხო და სადეპოზიტო პროდუქტების მნიშვნელოვანი პირობები (სასესხო და სადეპოზიტო პროდუქტების ხელშეკრულებების თავსართში ამ წესით გასათვალისწინებელი შესაბამისი ინფორმაცია/პირობა) და ხელშეკრულების ნიმუშები, რომლებიც შედგენილი უნდა იყოს ამ წესის მოთხოვნათა დაცვით; ასევე, ფინანსური ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული სხვა საფინანსო პროდუქტების ტარიფები.
8.ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია ინტერნეტბანკში/მობაილბანკში, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ამავე არხის საშუალებით გაფორმებული სასესხო და სადეპოზიტო ხელშეკრულებების ასლები. ასევე, ნებისმიერი არხით გაფორმებული სპეციფიკური საფინანსო პროდუქტების ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (თავსართში ამავე წესით გასათვალისწინებელი შესაბამისი ინფორმაცია/პირობა), ხოლო სხვა სასესხო და სადეპოზიტო ხელშეკრულებების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთი, მისი დარიცხვის პერიოდულობა და ხელშეკრულების მოქმედების ვადა. დამატებით, იმ საფინანსო პროდუქტებთან დაკავშირებული მომხმარებლის მიერ გადახდილი/გადასახდელი ხარჯები, რომლითაც სარგებლობს მომხმარებელი.
9.ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია ინტერნეტბანკში/მობაილბანკში, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს, სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის საპროცენტო განაკვეთი და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ასევე, დეპოზიტის შემთხვევაში, ის მინიმალური ნაშთი, რომელსაც ერიცხება საპროცენტო განაკვეთი და ინფორმაცია იმის შესახებ, პროცენტი ერიცხება ყოველი დღის ბოლოს არსებულ ნაშთს თუ თვის განმავლობაში ანგარიშზე არსებულ მინიმალურ ნაშთს. სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დათვლილი უნდა იყოს ამ წესის დანართი №1 და დანართი №2-ის შესაბამისად. სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის საპროცენტო და ეფექტური საპროცენტო განაკვეთების მნიშვნელობები უნდა განახლდეს იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მათი მნიშვნელობები იცვლება. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 17 თებერვლის ბრძანება №16/04 - ვებგვერდი, 18.02.2022 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 მაისის ბრძანება №131/04 - ვებგვერდი, 31.05.2024წ.

