ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბანკი – საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკი, ასევე, უცხოური კომერციული ბანკის ფილიალი საქართველოში და მიკრობანკი; ბ) ფინანსური ინსტიტუტი – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი, სესხის გამცემი სუბიექტი; გ) ფინანსური ორგანიზაცია – ბანკი და ფინანსური ინსტიტუტი; დ) საფინანსო პროდუქტი – ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებული ნებისმიერი პროდუქტი და მომსახურება; ე ) მომხმარებელი – საფინანსო პროდუქტის მიმღები ან ასეთი განზრახვის მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი, გარდა ფინანსური ორგანიზაციისა; ვ) დაკავშირებული საწარმო – იურიდიული პირის შვილობილი და/ან კონტროლს დაქვემდებარებული საწარმო, ასევე, მისი კონტროლის განმახორციელებელი პირები და მათი შვილობილი და კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოები, ასევე, საწარმო, რომელიც ფინანსურ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს იურიდიული პირის თანამსესხებელს, სოლიდარულ თავდებს ან/და თავდებს; ზ) საკრედიტო შუამავალ ი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის კრედიტორი და ფინანსურ ორგანიზაციასთან არსებული ხელშეკრულების/შეთანხმების შესაბამისად ახორციელებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ საქმიანობას: ზ.ა) მომხმარებლებს წარუდგენს/სთავაზობს საკრედიტო პროდუქტებს; ზ.ბ) მომხმარებლებს ეხმარება საკრედიტო ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ მოსამზადებელ სამუშაოებში; ზ.გ) მომხმარებლებთან ფინანსური ორგანიზაციის სახელით დებს საკრედიტო ხელშეკრულებას; ზ.დ) მომხმარებლებს ამისამართებს ფინანსურ ორგანიზაციაში საკრედიტო პროდუქტების შეთავაზებების მისაღებად/პირობების გასაცნობად. თ) ოპერაცია/ოპერაციის განხორციელება – ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ახორციელებს ფინანსური ორგანიზაცია მომხმარებლისათვის საფინანსო პროდუქტის მიწოდებისას მისივე შიდა პროცედურებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად; ი) კრედიტი – ნებისმიერი ტიპის სესხი/კრედიტი, მათ შორის, ოვერდრაფტი და საკრედიტო ბარათი, მიუხედავად საფინანსო პროდუქტის სახელწოდებისა, რომელსაც ფინანსური ორგანიზაცია სთავაზობს/აწვდის მომხმარებელს; კ) კრედიტის მთლიანი თანხა (ძირითადი თანხა) – საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი მთლიანი მისაღები თანხის მაქსიმალური შესაძლო ოდენობა; ლ) მომხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი (ჯამური) თანხა – კრედიტის მთლიანი თანხის და ყველა ფინანსური ხარჯის ჯამი; მ) დეპოზიტი – ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ, კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, მომხმარებლისათვის შეთავაზებული/მიწოდებული ნებისმიერი ტიპის დეპოზიტი (მათ შორის, მოთხოვნამდე დეპოზიტი), ანაბარი ან სადეპოზიტო სერტიფიკატი, ასევე, მიმდინარე და საბარათე ანგარიში, რომლებსაც ერიცხება პროცენტი; მ 1 ) მოთხოვნამდე დეპოზიტი – ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ, კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, მომხმარებლისათვის შეთავაზებული/მიწოდებული დეპოზიტი, თუ ის აკმაყოფილებს ყველა შემდეგ კრიტერიუმს: მ 1 .ა) დეპოზიტის ვადა განუსაზღვრელია; მ 1 .ბ) დეპოზიტზე თანხის განთავსება და სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად; მ 1 .გ) დეპოზიტზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშება ხორციელდება ამ წესის დანართი №2-ის 3 1 , 3 2 და 3 3 პუნქტების მიხედვით. ნ) სპეციფიკური საფინანსო პროდუქტი – კრედიტი, მათ შორის, ოვერდრაფტი, საკრედიტო ბარათი, რომლის მთლიანი თანხა ნაკლებია 1 000 000 ლარზე ან მის ეკვივალენტზე სხვა ვალუტაში, ასევე, დეპოზიტი, რომლის პირველადი შენატანი ნაკლებია 1 000 000 ლარზე ან მის ეკვივალენტზე სხვა ვალუტაში. ამასთან, მიუხედავად მოცულობისა, არ გაითვალისწინება იურიდიულ პირზე, ასევე, დაკავშირებულ საწარმოში შემავალ პირებზე გაცემული კრედიტი/დეპოზიტი, თუ ამ პირზე/პირებზე იმავე საფინანსო ორგანიზაციაში უკვე გაცემული და აქტიური კრედიტების ან დეპოზიტების ჯამური მოცულობა აღემატება 1 000 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში; ო) საპროცენტო განაკვეთი – საკრედიტო ან სადეპოზიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული, ცვლადი ან ინდექსირებული წლიური საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული პერიოდის მანძილზე; პ) საჯარო ინდექსი – ისეთი საჯაროდ ხელმისაწვდომი მაჩვენებელი, განაკვეთი ან ინდექსი, რომელზეც ფინანსური ორგანიზაცია ვერ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას; ჟ) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი – საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გარკვეული წესით მიბმულია რაიმე საჯარო ინდექსზე და რომლის ცვლილებაც აღნიშნული ინდექსის ცვლილებითაა გამოწვეული; რ) ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი – საპროცენტო განაკვეთი, რომელიც უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდის განმავლობაში ასევე, საპროცენტო განაკვეთი, რომელიც იცვლება ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, ყოველი ცალკეული პერიოდისათვის წინასწარ შეთანხმებული უცვლელი საპროცენტო განაკვეთით. თუ ხელშეკრულების ცალკეული პერიოდისთვის/პერიოდებისთვის საპროცენტო განაკვეთი ცალსახად არაა უცვლელი და წინასწარ შეთანხმებული, საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულად ჩაითვლება მხოლოდ ხელშეკრულების იმ პერიოდისთვის/პერიოდებისთვის, რომლისთვისაც საპროცენტო განაკვეთი ცალსახად უცვლელი სახითაა შეთანხმებული. ამასთან, ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია მომხმარებლისთვის ისეთი ხარჯის დაკისრება, რომელიც შინაარსობრივად წარმოადგენს ფინანსურ ხარჯს და მისი ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრების შემთხვევაში გაიზრდებოდა ეფექტური საპროცენტო განაკვეთი; ს ) ცვლადი საპროცენტო განაკვეთი – საპროცენტო განაკვეთი, რომლის ცვლილება შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცალკეული გარემოებების (გარდა საჯარო ინდექსის ოდენობის ცვლილებისა და ამ წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) დადგომის შემთხვევაში. ცვლად საპროცენტო განაკვეთად არ მიიჩნევა საპროცენტო განაკვეთი, რომელიც იცვლება მხოლოდ ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული და მომხმარებლების ქმედებით გამოწვეული გარემოებების დადგომის გამო; ტ) ფინანსური ხარჯი – ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია ფინანსური ორგანიზაციის მიერ და მომხმარებლის მიერ საფინანსო პროდუქტის მიღების, შენარჩუნებისა და მისი სარგებლობის დასრულებისათვის გასაწევი აუცილებელი ხარჯია. ფინანსური ხარჯის გაანგარიშების წესი მოცემულია ამ წესის მე-14 მუხლში; უ) კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი, მომხმარებლის მიერ ამ ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით; ფ) დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – დეპოზიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი და მიღებული/მისაღები სარგებელი, მომხმარებლის მიერ ამ ხარჯების გაწევისა და სარგებლის მიღების პერიოდის გათვალისწინებით; ქ) დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულება – საკრედიტო ხელშეკრულება ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის, რომლის მიხედვითაც ფინანსური ორგანიზაცია კრედიტს გასცემს უშუალოდ საქონლის ან მომსახურების მიწოდების სხვა წინასწარ განსაზღვრული კონკრეტული შეთანხმების დაფინანსებისათვის; ღ) ნაღდი ანგარიშსწორების ფასი – დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმების დროს საქონლის/მომსახურების ფასი ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, რომელსაც დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების მონაწილე მომხმარებელი გადაუხდიდა საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს საკუთარი სახსრებით ანგარიშსწორების შემთხვევაში ფინანსური ორგანიზაციის კრედიტის გამოყენების გარეშე; ყ) ხელშეკრულების თავსართი – ხელშეკრულების ნაწილი, რომელიც წინ უსწრებს ხელშეკრულების ყველა სხვა ნაწილს/დებულებას და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების თავსართის ნიმუშები მოცემულია ამ წესის დანართ №4-ში; შ) ოვერდრაფტის ან საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება – საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი თანხა აღემატება მის მიმდინარე ანგარიშზე, მათ შორის, საბარათე ანგარიშზე არსებულ სახსრებს; ჩ) გადახარჯვა – მომხმარებლის არაპირდაპირი თანხმობის საფუძველზე ავტომატურად დაშვებული იმ ოდენობის ოვერდრაფტი, რომელიც აღემატება მომხმარებლის საბარათე ანგარიშზე არსებულ თანხას ან/და ცალსახად შეთანხმებული ოვერდრაფტის ან საკრედიტო ბარათის შემთხვევაში – საკრედიტო ლიმიტის ოდენობას; ც) არააქტიური პროდუქტი – საფინანსო პროდუქტი, რომელიც მომხმარებლის მიერ არ ყოფილა გამოყენებული ზედიზედ თორმეტი თვის განმავლობაში, გარდა საკრედიტო პროდუქტებისა, ასევე, მიმდინარე და სადეპოზიტო ანგარიშებისა მასზე დადებითი ნაშთის არსებობის შემთხვევაში; ძ) გამჟღავნების ტექსტი – ფინანსურ ინსტიტუტთან დაკავშირებულ რისკებზე მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ინფორმაცია/ტექსტი. გამჟღავნების ტექსტის სრული და მოკლე ვერსიების აღწერა მოცემულია ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში; წ) მოზიდული თანხა – ფინანსური ინსტიტუტის მიერ, გარდა არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირისა და სესხის გამცემი სუბიექტისა, მომხმარებლისგან სარგებლის დარიცხვის პირობით მიღებული თანხა; ჭ) დისტანციურად დადებული ხელშეკრულება – ხელშეკრულება საფინანსო პროდუქტთან დაკავშირებით, რომლის მომხმარებლისთვის შეთავაზება და დადება სრულად განხორციელდა ფინანსური ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ერთი ან რამდენიმე დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით; ხ) დისტანციური საკომუნიკაციო საშუალება – ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხმარებლისათვის საფინანსო პროდუქტის შეთავაზებისა და მიწოდებისათვის გამოყენებული კომუნიკაციის საშუალება, რომელიც არ საჭიროებს ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენლისა და მომხმარებლის ერთდროულ ფიზიკურ თანდასწრებას; ჯ) სანდო საშუალება – მონაცემთა შენახვის ნებისმიერი საშუალება, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეინახოს პერსონალურად მისთვის განკუთვნილი ინფორმაცია ამ ინფორმაციის მიზნების შესაბამისი პერიოდის განმავლობაში და მოახდინოს შენახული ინფორმაციის უცვლელი სახით რეპროდუცირება; ჰ) გენერალური ხელშეკრულება – საფინანსო პროდუქტებით კლიენტის მომსახურების შესახებ ძირითადი ხელშეკრულება, გარდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებისა, რომლის ფარგლებშიც ფორმდება კონკრეტული საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულება/ხელშეკრულებები; ჰ 1 ) საკრედიტო ხაზი – ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს კრედიტის თანხის ნაწილ-ნაწილ გაცემის შესაძლებლობას, მომხმარებლის მიერ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების და ფინანსური ორგანიზაციის თანხმობის შემთხვევაში. ჰ 2 ) ინტერნეტბანკი/მობაილბანკი – ინტერნეტში ჩართული მოწყობილობის მეშვეობით, საფინანსო მომსახურების გაწევის საშუალება, რომლითაც მომხმარებელს აქვს წვდომა საკუთარი საფინანსო პროდუქტების შესახებ ინფორმაციაზე ან/და შეუძლია სხვადასხვა ოპერაციის განხორციელება. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 17 თებერვლის ბრძანება №16/04 - ვებგვერდი, 18.02.2022 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 12 ივლისის ბრძანება №173/04 - ვებგვერდი, 13.07.2023 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 მაისის ბრძანება №131/04 - ვებგვერდი, 31.05.2024წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

