1.სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების VI კატეგორიას – ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობის დაცულ ტერიტორიას (Protected area with sustainable use of natural resources). სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს ძირითადი ბუნებრივი ეკოსისტემებისა და სახეობების დაცვას და ბუნებრივი რესურსებით მდგრად სარგებლობას.
2.ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის, რეკრეაციის, ეკოტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე, დასაშვებია სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება).
3.სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) და შესაბამის ზონებში დაშვებული საქმიანობები, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განისაზღვრება სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით.
4.სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დაშვებული ნებისმიერი საქმიანობა უნდა განხორციელდეს იმ მეთოდებითა და მასშტაბით, რომლებიც ხელს შეუწყობს ქურციკის პოპულაციის აღდგენას, არ გამოიწვევს ქურციკების შეწუხებას, მათი ჰაბიტატის შემცირებას, დეგრადაციას ან ფრაგმენტაციას, არ შექმნის ქურციკის ინდივიდების დაღუპვის საფრთხეს.
5.სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე აკრძალულია: ა) ნადირობა; ბ) წყლის უხერხემლოთა მოპოვება; გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობა; დ) ისტორიულ-კულტურული ძეგლების ხელყოფა, დაზიანება ან განადგურება; ე) სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით აკრძალული საქმიანობის განხორციელება.
