1.შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია: ა) განახორციელოს საჯარო შესყიდვა, შეარჩიოს ეკონომიკური ოპერატორი და დადოს მასთან შესყიდვის ხელშეკრულება/ჩარჩოშეთანხმება ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით; ბ) საჯარო შესყიდვის განსახორციელებლად შეარჩიოს შესაბამისი საჯარო შესყიდვის პროცედურა და მისი განხორციელების მეთოდი ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით; გ) მოითხოვოს ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებული უფლებების დაცვა; დ) ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს შესყიდვის ხელშეკრულებით/ჩარჩოშეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება; ე) შეწყვიტოს შესყიდვის ხელშეკრულება, თუ მისთვის ცნობილი გახდება ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის/შემთხვევის არსებობის შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; ვ) ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს მდგრადი განვითარების მიზნის მისაღწევად სოციალური, გარემოსდაცვითი და შრომითი სამართლებრივი ნორმების დაცვა.
2.შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია: ა) დაიცვას ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები; ბ) შეასრულოს შესყიდვის ხელშეკრულებით/ჩარჩოშეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
3.ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით საჯარო შესყიდვის ეფექტიანად და რაციონალურად განხორციელებისთვის პასუხისმგებლობა მთლიანად შემსყიდველ ორგანიზაციას ეკისრება.
4.ეკონომიკურ ოპერატორს უფლება აქვს: ა) ამ კანონით დადგენილი წესით დაუბრკოლებლად მიიღოს მონაწილეობა საჯარო შესყიდვის პროცედურაში; ბ) მოითხოვოს ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებული უფლებების დაცვა; გ) შემსყიდველ ორგანიზაციას მოსთხოვოს შესყიდვის ხელშეკრულებით/ჩარჩოშეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
5.ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია: ა) დაიცვას ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები; ბ) შეასრულოს შესყიდვის ხელშეკრულებით/ჩარჩოშეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები; გ) შესყიდვის ხელშეკრულების შესრულებისას დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით) დადგენილი სოციალური, გარემოსდაცვითი და შრომითი სამართლებრივი ნორმები.
