1.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია წარდგინებით მიმართოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, თუ მოსამართლის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კენჭისყრის შედეგად, სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე მიიჩნევს, რომ შესაბამის თანამდებობაზე მოსამართლის დარჩენით ხელი შეეშლება შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის წარმოებას.
2.საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიისთვის წარდგინებით მიმართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში ნიშნავს წარმომადგენელს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ წარდგინების განხილვასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში, ხოლო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში − აგრეთვე უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში.
3.საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებას იხილავს მისი მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ამ კანონით დადგენილი საერთო წესით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების განხილვაზე საქმის მხარის გამოუცხადებლობა არ დააბრკოლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას.
4.თუ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია გაიზიარებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებას და მიიჩნევს, რომ არსებობს ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია ვარაუდის მაღალი ხარისხისთვის, რომ შესაბამის თანამდებობაზე მოსამართლის დარჩენით ხელი შეეშლება შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის წარმოებას, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის წარმოების საბოლოოდ დასრულებამდე მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ. საწინააღმდეგო შემთხვევაში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
5.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებასთან დაკავშირებით საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმის მხარემ შეიძლება მისი ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაასაჩივროს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში. ამ ვადის აღდგენა ან გაგრძელება დაუშვებელია. საჩივარი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას უნდა წარედგინოს. საჩივრის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე საქმეს საჩივართან ერთად გადასცემს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას და ამის შესახებ ატყობინებს საქმის მხარეებს. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის საპატიო მიზეზით გაშვების შემთხვევაში არ უშვებს ამ ვადის აღდგენას ან გაგრძელებას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება №3/4/1693,1700 – ვებგვერდი, 11.03.2025წ.
6.უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა საჩივარს იხილავს ამ კანონით დადგენილი საერთო წესით, შემდეგი განსხვავებული საპროცესო ვადების გათვალისწინებით: ა) საჩივრის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა ამოწმებს, საჩივარი ამ კანონის 75 55 მუხლის მოთხოვნათა დაცვით არის წარდგენილი თუ არა. თუ საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა მას წარმოებაში იღებს; ბ) თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 75 55 მუხლის მოთხოვნებს, უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა საჩივრის წარმდგენ პირს ხარვეზის აღმოფხვრას ავალებს და ამისთვის განუსაზღვრავს ვადას არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა. თუ ხარვეზი ამ ვადაში არ აღმოიფხვრა ან თუ საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში არ არის წარდგენილი, საჩივარი განუხილველი რჩება; გ) უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა საჩივარს იხილავს მისი წარმოებაში მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. საჩივარი შესაძლებელია განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენით, თუ, უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მოსაზრებით, ეს ხელს შეუწყობს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. ამასთანავე, საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვაზე საქმის მხარის გამოუცხადებლობა არ დააბრკოლებს საქმის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მოსამართლის სურვილის შემთხვევაში, თუ საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს მხრიდან მოითხოვს ფაქტების გამოკვლევასა და დადგენას, რაც ხელს შეუწყობს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას, არ უშვებს საჩივრის ზეპირი მოსმენის გამართვის გზით განხილვის შესაძლებლობას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება №3/4/1693,1700 – ვებგვერდი, 11.03.2025წ. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მე-3 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვაზე მხარის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, არ აბრკოლებს სასამართლოს მიერ საქმის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება №3/4/1693,1700 – ვებგვერდი, 11.03.2025წ.
7.მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების ვადაში მოსამართლეს უჩერდება უფლებამოსილება. ამასთანავე, მოსამართლეს აღნიშნულ ვადაში უნარჩუნდება ამ კანონის მე-40 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, ხელფასი და სხვა მატერიალური შეღავათები. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი №3129 – ვებგვერდი, 27.06.2023წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება №3/4/1693,1700 – ვებგვერდი, 11.03.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
