1.სეკიურიტიზაციის კომპანია იქმნება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების ფორმით.
2.სეკიურიტიზაციის კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტი უნდა განსაზღვრავდეს ამ კომპანიის მიზანს და შეიცავდეს სეკიურიტიზაციის აღწერას (მათ შორის, რისკის აღებასა და სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების გამოშვებასთან დაკავშირებულ საკითხებს), აგრეთვე შესაბამის შემთხვევაში − სეკიურიტიზაციის კომპანიისთვის გადაცემული საბაზისო აქტივების ადმინისტრირების წესებსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს.
3.სეკიურიტიზაციის კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. სეკიურიტიზაციის კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტი შეიძლება შეიცავდეს პირობას, რომლის თანახმად, სადამფუძნებლო დოკუმენტში გარკვეული სახის ან სხვა ნებისმიერი ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ცვლილება მიღებულია ხმათა შესაბამისი უმრავლესობით ან/და თუ ამ ცვლილებას დამატებით ეთანხმება რომელიმე კრედიტორი ან კრედიტორთა ჯგუფი.
4.სეკიურიტიზაციის კომპანიას უფლება აქვს, დანიშნოს აქტივების მმართველი კომპანია. ამ შემთხვევაში აქტივების მმართველ კომპანიას ენიჭება სეკიურიტიზაციის კომპანიის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
5.სეკიურიტიზაციის კომპანიის რეორგანიზაცია აკრძალულია.


