1.მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება საჭიროებს იმ განაწილების ლიცენზიატისათვის მიწოდებას, რომლის მეშვეობითაც ხდება საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის განაწილება ან/და ფაქტობრივი მოხმარების შევსება.
2.მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებულ ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებასთან ერთად მიმწოდებელმა შესაბამის განაწილების ლიცენზიატს უნდა მიაწოდოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) საცალო მომხმარებლის დასახელება, მისამართი და იმ აბონენტის ნომერი, სადაც უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზით მომარაგება; ბ) მომხმარებლისათვის მოთხოვნილი წნევა, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში შესაძლებელია ასევე მოთხოვნილ იქნეს ბუნებრივი გაზის საპროგნოზო მიწოდებისა და მოხმარების წლიური, თვიური, დღიური და საათობრივი გეგმა-გრაფიკი; გ) საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირების მომსახურების შესახებ ხელშეკრულება; დ) მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მოხმარების (მომარაგების) დაბალანსების უზრუნველყოფის პირობები (საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ხელშეკრულების ასლი).
3.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ბუნებრივი გაზის ნასყიდობის კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად ბუნებრივი გაზის განაწილებასა და შესაბამის მომსახურებაზე უარი თქვას იმ შემთხვევაში, თუ: ა) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულია საცალო მომხმარებლის მიერ მიმწოდებლისგან ბუნებრივი გაზის შესყიდვის დაწყების ამ წესებთან აშკარად შეუსაბამო ვადები; ბ) არ არის განსაზღვრული საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების დაბალანსების უზრუნველყოფის პირობები.
4.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია საცალო მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განსაზღვროს მიმწოდებლის მიერ შესაბამისი საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების ზუსტი თარიღი ამ წესების პირობების გათვალისწინებით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული ხელშეკრულების მიღებიდან 10 კალენდარულ დღეს (თუ მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების უფრო გვიანი ვადა არ არის გათვალისწინებული). განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აცნობოს მხარეებს ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების ზუსტი თარიღი მისი განსაზღვრისთანავე.






