1.კომიტეტის სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს განსახილველად წარადგენს ინიციატორი უმაღლესი საბჭოს წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – მთავრობის უფლებამოსილი წარმომადგენელი, ფრაქციის ან კომიტეტის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – შესაბამისად ფრაქციის ან კომიტეტის თავმჯდომარე ან/და ფრაქციის ან კომიტეტის მიერ დანიშნული წარმომადგენელი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – ამ კანონპროექტზე მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფის მიერ არჩეული საინიციატივო ჯგუფის წევრი.
2.უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მთავრობის/მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებლად გამოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის/მთავრობის თავმჯდომარის მიერ სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მომხსენებლად შესაბამისი მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, ან შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელი არ იქნება დანიშნული. ფრაქციის, კომიტეტის, უმაღლესი საბჭოს წევრის და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი პირი, ხოლო საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე თანამომხსენებლად გამოდის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენელი.
3.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშნული პირი არ შეიძლება იყოს უმაღლესი საბჭოს წევრი.
4.უმაღლესი საბჭოს წევრის, ფრაქციის ან კომიტეტის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე თანამომხსენებლად გამოდის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი წარმომადგენელი.
5.უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის (ან სხვა აქტის პროექტის) განხილვის დაწყებისას სხდომათა დარბაზში მომხსენებლის არყოფნის შემთხვევაში კანონპროექტი (ან სხვა აქტის პროექტი) იხსნება ამ პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან და გადადის მომდევნო პლენარული სხდომის დღის წესრიგში. თანამომხსენებლის არყოფნა არ აბრკოლებს კანონპროექტის განხილვას.
6.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში შენიშვნები განიხილება მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენლის მოხსენებისა და კითხვა-პასუხის ეტაპების გამოტოვებით.
