1.იმ ემიტენტის წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელი, რომელსაც გამოშვებული აქვს ხმის უფლების მქონე საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდები, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს და აღნიშნულ ემიტენტს წარუდგინოს შეტყობინება, თუ მის მფლობელობაში არსებული ემიტენტის ხმის უფლების მქონე ფასიანი ქაღალდების წილი მიაღწევს, გადააჭარბებს ან ჩამოსცდება შემდეგ ზღვრულ ოდენობას: 5%-ს, 10%-ს, 15%-ს, 20%-ს, 25%-ს, 30%-ს, 50%-ს, 75%-ს. აღნიშნული შეტყობინების წარდგენის ვალდებულება ეკისრება ამ პუნქტით გათვალისწინებული ფასიანი ქაღალდების არსებულ მფლობელს, აგრეთვე ყოფილ მფლობელს (ზღვრული ოდენობის ჩამოცდენისას).
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების წარდგენის ვალდებულება ეკისრება აგრეთვე პირს ან ურთიერთშეთანხმებით მოქმედ პირთა ჯგუფის თითოეულ წევრს, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში აქვს უფლება, შეიძინოს, განკარგოს ან განახორციელოს ხმის უფლება.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების წარდგენის ვალდებულება ეკისრება აგრეთვე პირს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც მას აძლევს უფლებას, შეთანხმების საფუძველზე შეიძინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ემიტენტის მიერ გამოშვებული ხმის უფლების მქონე წილობრივი ფასიანი ქაღალდი, ან ანიჭებს მსგავს უფლებას.
4.ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირი ვალდებულია ემიტენტსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში აცნობოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფაქტის დადგომის თაობაზე. ემიტენტი ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში საჯარო გახადოს შეტყობინების სახით მიღებული ინფორმაცია.
5.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს: ა) თავისი სახელით და საკუთარი ინტერესებისთვის ემიტენტის მიერ გამოშვებულ წილობრივ ფასიან ქაღალდებს; ბ) თავისი სახელით და სხვა პირის ინტერესებისთვის ემიტენტის მიერ გამოშვებულ წილობრივ ფასიან ქაღალდებს; გ) დეპოზიტარულ ხელწერილს. ამ შემთხვევაში დეპოზიტარული ხელწერილის მფლობელი მიიჩნევა იმ წილობრივი ფასიანი ქაღალდის მფლობელად, რომელიც აღნიშნული დეპოზიტარული ხელწერილითაა წარმოდგენილი.
6.თუ საქართველოს ეროვნული ბანკი აღმოაჩენს, რომ პირმა საქართველოს ეროვნულ ბანკს ან ემიტენტს არ აცნობა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფაქტის დადგომის თაობაზე, დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ პირს გარკვეული ვადით შეუჩეროს პარტნიორთა კრებაზე მის მფლობელობაში არსებულ ხმის უფლების მქონე წილობრივ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით ხმის უფლების გამოყენების უფლება.
7.ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ზღვრული ოდენობის გაანგარიშების მიზნით ამავე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია აგრეგირებული უნდა იქნეს.
8.ამ მუხლის შესაბამისად ხმის უფლების გაანგარიშების წესს, აგრეთვე წარსადგენი შეტყობინების ფორმასა და წარდგენის წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.
9.პირებთან დაკავშირებით ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ფიზიკურ პირზე, იურიდიულ პირსა და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე წარმონაქმნზე.
10.ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელზე, რომელიც აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს მხოლოდ კლირინგის ან ანგარიშსწორების მიზნებისთვის ფლობს, ან/და წილობრივი ფასიანი ქაღალდების ანგარიშის მწარმოებელზე/ნომინალურ მფლობელზე, თუ მას ამ წილობრივ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით ხმის უფლება შეუძლია განახორციელოს მხოლოდ წერილობით ან ელექტრონული საშუალებით გაცემული მითითების საფუძველზე.
11.ეს მუხლი არ ვრცელდება ღია და ინტერვალურ საინვესტიციო ფონდებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით . საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6806 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

