1.ზომამცირე გემით სარგებლობის წესი განსაზღვრავს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ზომამცირე გემის გამოყენების პირობებს.
2.აკრძალულია ზომამცირე გემის გამოყენება: ა) გემის რეგისტრაციის მოწმობის გარეშე; ბ) გემის ტექნიკური ვარგისობის მოწმობის გარეშე; გ) მგზავრთა რაოდენობისა და ტვირთამწეობის დადგენილი ნორმების დაცვის გარეშე; დ) აუცილებელი სამაშველო, სახანძრო, რადიო და სხვა აღჭურვილობის გარეშე ან თუ ისინი გაუმართავია; ე) ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების გარეშე; ვ) აფრის ან ძრავის დაყენებით, რომელიც არ არის გემის რეგისტრაციისა და ტექნიკური ვარგისობის მოწმობებით განსაზღვრული.
3.თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ზომამცირე გემის ცურვის პირობები განისაზღვრება ამ წესით.
4.აკრძალულია: ა) ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების მდგომარეობაში ზომამცირე გემის მართვა; ბ) ზომამცირე გემის სამართავად გადაცემა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების მდგომარეობაში მყოფი პირისათვის; გ) მცურავი საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ასეთი პირისათვის მცურავი საშუალების სამართავად გადაცემა, თუ მართვის უფლების აუცილებლობა დადგენილია კანონმდებლობით; დ) ზომამცირე გემის სამართავად გადაცემა პირისათვის, რომელსაც არ შესრულებია თექვსმეტი წელი; ე) ძრავის მქონე ზომამცირე გემის ნაოსნობა ბაზირების პუნქტების აკვატორიაში 6 კვანძზე (11 კმ/სთ-ზე) მეტი სიჩქარით; ვ) ზომამცირე გემით მოძრაობა ნისლში ან სხვა ისეთ არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში, როდესაც შეზღუდული ხილვადობის გამო შეუძლებელია ორიენტირება; ზ) სხვა გემებისათვის ნაოსნობის შეფერხება; თ) ნაპირიდან და ბაზირების პუნქტიდან დაშორების დადგენილი მანძილის უგულებელყოფა; ი) სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის შეტყობინებისა და მათთან შეთანხმების გარეშე ბუქსირით წაყვანის მიზნით, სხვა გემებზე მიბმა ან სხვა გემების ბუქსირზიდვა; კ) ზღვაში გასვლა დღე-ღამის ბნელ დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ეს გათვალისწინებულია რეგისტრაციისა და ტექნიკური ვარგისობის მოწმობებით; ლ) მოტივტივე სანავიგაციო ნიშნებთან ან უსაფრთხოების ზონებში არსებულ ობიექტებთან მისვლა და ზომამცირე გემის მათზე მიბმა; მ) ზომამცირე გემიდან ნავთობპროდუქტების ჩაღვრა, მავნე ნივთიერებებისა და დამაბინძურებელი ნარჩენების, აგრეთვე მასალების ჩაყრა ან ჩამარხვა; ნ) მოძრაობის გამყოფ სისტემაში გაჩერება და დგომა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ო) მოძრაობის დროს ერთი ზომამცირე გემიდან მეორეზე გადასხდომა; პ) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებისა და ტერიტორიული ზღვის დროებით შეზღუდულ ან აკრძალულ რაიონებსა და აკვატორიაში ცურვა; ჟ) თვითმავალი ან იალქნიანი ზომამცირე გემით პლაჟისა და სხვა საბანაო/საცურაო აკვატორიაში შესვლა და მანევრირება, გარდა ამ წესების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; რ) სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან შეტყობინებისა და შეთანხმების გარეშე სხვა გემებთან მისვლა და მიბმა; ს) გამცილებლის გარეშე სკოლამდელი ასაკის ბავშვების გადაყვანა; ტ) დღე-ღამის ბნელ დროს სანავიგაციო შუქების გამოყენების გარეშე ცურვა; უ) რეკრეაციულ (პლაჟებისა და ბანაობის) ადგილებში ზომამცირე გემზე მგზავრთა აყვანა ან გემების გაქირავება, გარდა ამ წესების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დერეფნებისა; ფ) კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნაოსნობის წესების დარღვევა.
5.პირი, რომელიც მართავს ზომამცირე გემს, ვალდებულია, დაიცვას ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, ზღვაში გემების შეჯახების პრევენციის საერთაშორისო წესები, უზრუნველყოს ზომამცირე გემის უავარიო ნაოსნობა, თავიდან აიცილოს ადამიანთა ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება და დაიცვას თევზჭერის წესები და გარემო. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 მარტის დადგენილება №157 – ვებგვერდი, 28.03.2019წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 თებერვლის დადგენილება №41 – ვებგვერდი, 24.02.2025წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №478 - ვებგვერდი, 02.10.2026წ.

