1.სამხედრო მოსამსახურეს აქვს პროფესიული განათლების მიღების, სამხედრო-სასწავლო დაწესებულებაში შესვლის, მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე სწავლის უფლება.
2.სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის პირობების გათვალისწინებით უფლება აქვს ისწავლოს სამოქალაქო უმაღლეს, საშუალო და პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებში. ამ კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება ყველა შეღავათი, რასაც ადგენს კანონმდებლობა იმ პირისათვის, რომელიც უთავსებს სამხედრო სამსახურს სასწავლო დაწესებულებაში სწავლას. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება ამ სასწავლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება.
3.უმაღლესი ან საშუალო-სპეციალური სამოქალაქო განათლების მქონე ოფიცერი და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურე, რომელიც მიღებული სპეციალობით გადის სამხედრო სამსახურს, თავისი განათლებით უთანაბრდება პირს, რომელმაც დაამთავრა უმაღლესი ან საშუალო სამხედრო სასწავლებელი.
4.სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში და ისარგებლოს კულტურის დაწესებულებებით.
5.სამხედრო ხელმძღვანელობა ვალდებულია შეიმუშაოს და განახორციელოს ღონისძიებები სამხედრო მოსამსახურის პატრიოტული, ზნეობრივი და ესთეტიკური აღზრდისათვის, განუვითაროს გონივრული ინიციატივა, ჩაუნერგოს მას ეროვნული ტრადიციებისადმი, რელიგიისადმი, უფროსებისა და უმცროსებისადმი პატივისცემა.
6.სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სამხედრო უწყებისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯზე სარგებლობს ბიბლიოთეკებითა და სამკითხველოებით, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებით, სპორტული ნაგებობებითა და ინვენტარით, კინო- და ვიდეოფილმებით, აგრეთვე შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სპორტულ და თვითშემოქმედებით ღონისძიებებში.

