ინფორმაციული მიზნით — არ არის იურიდიული რჩევა.
1. სტუდენტს უფლება აქვს: ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება; ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში; გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით; დ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792) ; ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად; ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად; ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას; თ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; თ 1 ) (ამოღებულია - 10.12.2025, №1198) ; ი) საქართველოს კანონმდებლობისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები; კ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა; ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში; მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება; ნ) განახორციელოს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება. 1 1 . თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება, სტუდენტს მობილობის უფლება წარმოეშობა ამ დაწესებულებაში სწავლის პერიოდის ხანგრძლივობის მიუხედავად. 1 2 . მსჯავრდებულ სტუდენტს არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები. მსჯავრდებულ სტუდენტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში შეიძლება შეეზღუდოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები.
2. (ამოღებულია – 17.06.2011, №4792) ;
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის ქმნის შესაბამის პირობებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც განისაზღვრება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
4. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისთვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეკრძალება საკუთარი უფლებამოსილებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება შექმნას ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, გარდა ამავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს.
7. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და გათვალისწინებული წესით, ამ კანონის გათვალისწინებით და სამართლიანი პროცედურის გზით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შეიმუშაოს სტუდენტის ეთიკის კოდექსი, რომელიც შესაძლებელია აწესებდეს შეზღუდვას სტუდენტის ქცევაზე, თუ ეს დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესის წარმართვასთან. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დეტალურად განსაზღვროს ქცევის წესი, რომელიც იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
8. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხს წყვეტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის წესდებით განისაზღვრება გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო. სტუდენტს უფლება აქვს, დაესწროს თავისი საქმის განხილვას.
9. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს: ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ; ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით; გ) მიაწოდოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის ორგანოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები; დ) მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში; ე) მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე.
10. დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური წარმოების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომლებიც დისციპლინური წარმოების საფუძველია, უნდა გამოიკვლიოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისმა ორგანომ.
11. სტუდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.
12. სტუდენტის სტატუსი წყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
13. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი არ სარგებლობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებით. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი უფლებამოსილია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და მიმღები მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით გადავიდეს სხვა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით გადავიდეს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.
14. დაუშვებელია მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მობილობა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში , გარდა ამ მუხლის მე -13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
15. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს: ა) სტუდენტის სტატუსის შეჩერების უფლება აქვს: ა.ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მიერ უცხო ქვეყანაში წარგზავნის შემთხვევაში სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისას; ა.ბ) აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლისას, თუ სტუდენტის სტატუსის შეჩერება აუცილებელია და ის ინიციირებულია იმ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელშიც სწავლის პერიოდში დასაქმებულია სტუდენტი; ა.გ) აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლისას სწავლის საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, არაუმეტეს 1 წლის ვადით; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სტუდენტის სტატუსის შეჩერების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა: ბ.ა) ორსულობის, მშობიარობის ან/და ბავშვის მოვლის გამო; ბ.ბ) აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლისას იმ შემთხვევაში, თუ მას ჯანმრთელობის მდგომარეობა არანაკლებ 4 თვის განმავლობაში აქვს გაუარესებული, გარდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე სტუდენტისა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი სტუდენტისა; ბ.გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში სამხედრო სამსახურთან შეუსაბამობის დადგენის საფუძველზე, თუ ის არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე სტუდენტი; გ) მობილობის უფლებით სარგებლობა შეუძლია აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დროს ნებისმიერ სემესტრში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას სამხედრო სამსახურთან შეუსაბამობის დადგენის საფუძველზე, აგრეთვე ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
16. თუ პირი, რომელიც სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს, გათავისუფლდება იმ ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის მიერაც არის წარდგენილი აღნიშნულ სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მას სტუდენტის სტატუსი შეუწყდება შემდგომი მობილობის გამოცხადების შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს სტუდენტის სტატუსი არ შეუწყდება, თუ ის მისი ადმინისტრაციული ორგანოდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში წერილობით მიმართავს სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ერთ-ერთ შემდეგ საკითხზე: ა) მის მიერ სწავლის საფასურის გადახდისა და სწავლის გაგრძელების თაობაზე; ბ) სტუდენტის სტატუსის არაუმეტეს 1 წლით შეჩერების თაობაზე, რის შემდეგაც ის სწავლის საფასურს გადაიხდის.
18. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის სტუდენტს ამ აკადემიის წესდებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უფლება აქვს: ა) სტუდენტის სტატუსი შეიჩეროს; ბ) მობილობის უფლებით ისარგებლოს.
19. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები განისაზღვრება სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის წესდებით. საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1161 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.44 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №187 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №388 – ვებგვერდი, 08.04.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №953 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6846 - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 25 მაისის კანონი №1612 – ვებგვერდი, 06.06.2022წ. საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4243 – ვებგვერდი, 13.06.2024წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1209 – ვებგვერდი, 17.12.2025წ.
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
უმაღლესი განათლების შესახებ