1.კომერციულმა ბანკმა უნდა შეიმუშაოს და ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ამ კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული გაჯანსაღების გეგმა. გაჯანსაღების გეგმა სხვა ელემენტებთან ერთად უნდა მოიცავდეს იდიოსინკრატულ, სისტემურ და კომბინირებულ სტრესსცენარებს, კომერციული ბანკის ლიკვიდურობასთან ან/და გადახდისუნარიანობასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად და ფინანსური სიჯანსაღის აღსადგენად მისაღებ შესაბამის ზომებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებს.
2.გაჯანსაღების გეგმას განიხილავს და აფასებს ეროვნული ბანკი. იგი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს გაჯანსაღების გეგმაში ცვლილებების შეტანა იმ მნიშვნელოვანი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ამ გეგმის განხორციელებას.
3.კომერციულმა ბანკმა ყოველწლიურად უნდა გადახედოს გაჯანსაღების გეგმას და საჭიროების შემთხვევაში უნდა განაახლოს იგი. გაჯანსაღების გეგმა უნდა განახლდეს, თუ კომერციული ბანკის საქმიანობა, სტრუქტურა, რისკების პოზიციები ან დაშვებები, რომლებიც გაჯანსაღების გეგმის შემუშავებისას იქნა გამოყენებული, არსებითად შეიცვალა. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს გაჯანსაღების გეგმის გადახედვა და განახლება.
4.ყველა კომერციული ბანკი და საბანკო ჯგუფში შემავალი საწარმო ვალდებულია ითანამშრომლოს ეროვნულ ბანკთან გაჯანსაღების გეგმის შემუშავების პროცესში. ეს თანამშრომლობა მოიცავს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებასაც.
5.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები და წესები ამ მუხლით გათვალისწინებულ გაჯანსაღების გეგმასთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკი ასევე უფლებამოსილია განსაზღვროს შესაბამისი კრიტერიუმები იმ კომერციული ბანკებისთვის, რომელთაც, მათი ზომის, სისტემურობისა და რისკის პროფილის გათვალისწინებით, შეიძლება გაჯანსაღების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით გამარტივებული/განსხვავებული მოთხოვნები დაუწესდეთ.
6.გაჯანსაღების გეგმა არ ზღუდავს ეროვნულ ბანკს, იმოქმედოს ამ გეგმისგან განსხვავებულად. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.


