1.საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 აგვისტომდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცება.
2.სამეთვალყურეო საბჭომ 2018 წლის 15 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა.
3.ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღება.
4.საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საპენსიო სააგენტომ 2018 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღება.
5.საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევამდე სამეთვალყურეო საბჭო უფლებაუნარიანია 3 წევრის შემადგენლობით.
6.სამეთვალყურეო საბჭოს პირველ თავმჯდომარეს ირჩევს საქართველოს მთავრობა.
7.საპენსიო ფონდის მართვის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს საპენსიო აქტივების 0,50 პროცენტს.
8.საქართველოს პარლამენტი ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საინვესტიციო საბჭოს პირველი შემადგენლობის 2 წევრს აირჩევს 3 წლის ვადით.
9.ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში.
9¹.საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საპენსიო სააგენტომ 2024 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელის ამ კანონის 27-ე მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობა, აგრეთვე დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელის ამ კანონის 27-ე მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობა.
10.ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში ამ კანონის 27-ე მუხლის 21-ე პუნქტში მითითებულ ერთი ემიტენტის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში (გარდა ფულადი სახსრებისა და საბანკო დეპოზიტებისა) საპენსიო აქტივების ინვესტირების ლიმიტია 15 პროცენტი.
11.შესარჩევი კომისიის საქმიანობა პირველ წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
12.ამ კანონის ამოქმედებიდან 9 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სახელმწიფო პენსიის ინდექსაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ჩანაცვლების კოეფიციენტის შენარჩუნება.
13.საქართველოს მთავრობამ განსაზღვროს ამ კანონით განსაზღვრული, დაგროვებითი საპენსიო სქემით გათვალისწინებული, სახელმწიფოს მიერ ამ სქემაში შესატანი დაფინანსების, აგრეთვე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა შემთხვევაში დამსაქმებლის მიერ შესატანი თანადაფინანსების ნაწილში 2019 წელს შესასრულებელი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის წესი.
14.საპენსიო სააგენტომ ამ კანონის 7 1 მუხლის ამოქმედებამდე უზრუნველყოს ამ კანონის 7 1 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესის შემუშავება და დამტკიცება.
15.პირს, რომელმაც 2025 წლის 1 მაისამდე დაარღვია ამ კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება, მათ შორის, დაარღვია ვადა, თუმცა სრულად შეასრულებს ამ ვალდებულებას არაუგვიანეს საპენსიო სააგენტოს მიერ მისი შემოწმების დაწყებისა, არ დაეკისრება ჯარიმა ამ კანონის შესაბამისად.
16.პირს, რომელმაც 2025 წლის 1 მაისამდე დაარღვია ამ კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება, მათ შორის, დაარღვია ვადა, თუმცა სრულად შეასრულებს ამ ვალდებულებას არაუგვიანეს საპენსიო ფონდის მიერ მისი შემოწმების დაწყებისა, არ დაეკისრება ჯარიმა ამ კანონის შესაბამისად.
17.2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისთვის დასაქმებული დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრებულად ჩაითვლება მისი დამსაქმებლის მიერ ყველაზე ძველი თარიღით განხორციელებული საპენსიო შენატანიდან, ხოლო რამდენიმე დამსაქმებლის არსებობის შემთხვევაში დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრების თარიღი განისაზღვრება თითოეულ დამსაქმებელთან მიმართებით, შესაბამისი დამსაქმებლის მიერ ყველაზე ძველი თარიღით განხორციელებული საპენსიო შენატანიდან. თუ რომელიმე დამსაქმებელმა არ განახორციელა საპენსიო შენატანი, ამ დამსაქმებლისთვის საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის თარიღი არის შესაბამისი დასაქმებულის სახელით და მის სასარგებლოდ პირველი საპენსიო შენატანის განხორციელების პერიოდი.
18.2025 წლის 1 მაისამდე დაუშვებელია იმ საპენსიო აქტივების ჭრილში, რომლებსაც საპენსიო სააგენტო მართავს: ა) ერთი ემიტენტის მიმოქცევაში არსებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების ჯამურად 20 პროცენტზე მეტის ფლობა ან ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად არაუმეტეს 30 პროცენტზე მეტის ფლობა; ბ) ამ კანონის 27-ე მუხლის მე-16 პუნქტის „დ 2 “ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „დ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ტრანზაქციების ფარგლებში 20 პროცენტზე მეტი თანამონაწილეობა.
19.თუ 2025 წლის 1 მაისამდე საინვესტიციო პორტფელი სცდება ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრულ ლიმიტებს/მოთხოვნებს და ეს შეუსაბამობა გამოწვეული არ არის ახალი საინვესტიციო გადაწყვეტილებით, საპენსიო სააგენტო ვალდებულია 6 თვის განმავლობაში უზრუნველყოს საინვესტიციო პორტფელის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
20.2025 წლის 1 მაისამდე საპენსიო სააგენტო იმ პირებს, მათ შორის, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეებს, რომლებმაც 2024 წლის 30 სექტემბრამდე კანონით დადგენილი წესით სრულად მიიღეს პენსია/საპენსიო აქტივები, არ მოსთხოვს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების შედეგად მათთვის შეცდომით/ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებას. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

