„საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით
მუხლი 6. - მეკავშირე პროკურორი ევროჯასტში
1. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის და ევროჯასტის გადაწყვეტილების 26a მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველო ევროჯასტში მიავლენს მეკავშირე პროკურორს.
2. მანდატი და მივლინების ხანგრძლივობა განისაზღვრება საქართველოს მიერ.
3. მეკავშირე პროკურორს შეიძლება დაეხმაროს ერთი პირი. საჭიროების შემთხვევაში, მეკავშირე პროკურორი შეიძლება ჩაანაცვლოს დამხმარემ.
4. საქართველომ ევროჯასტს უნდა აცნობოს მის ტერიტორიაზე მეკავშირე პროკურორის სამართლებრივი უფლებამოსილების ბუნება და მოცულობა, იმისათვის, რომ მან წინამდებარე შეთანხმების მიზნების შესაბამისად შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები. საქართველომ უნდა განსაზღვროს მეკავშირე პროკურორის კომპეტენცია უცხო ქვეყნის სამართლებრივ ორგანოებთან მიმართებაში.
5. მეკავშირე პროკურორს უნდა ჰქონდეს წვდომა იმ ინფორმაციაზე, რომელიც ასახულია ეროვნულ სისხლის სამართლის საქმეებში ან საქართველოში ნებისმიერ სხვა ოფიციალურ რეესტრში საქართველოში, იმგვარად, როგორც ეს შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით იმ პროკურორისთვის ან სხვა პირისთვის, რომელსაც აქვს მსგავსი კომპეტენცია.
6. მეკავშირე პროკურორს შეუძლია პირდაპირ დაეკონტაქტოს საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს.
7. ევროჯასტი უნდა შეეცადოს მეკავშირე პროკურორს მისცეს საკმარისი მოწყობილობები, რომელიც ასევე მოიცავს საოფისე სივრცეს და ტელეკომუნიკაციების სერვისებს, რამდენადაც ეს შესაძლებელია ევროჯასტის ინფრასტრუქტურის და საბიუჯეტო შეზღუდვების გათვალისწინებით. ევროჯასტს შეუძლია მოითხოვოს ყველა ან რომელიმე იმ ხარჯის ანაზღაურება, რომელიც მან გაიღო აღნიშნული მოწყობილობების უზრუნველსაყოფად. თუმცა, ანაზღაურება არ მოითხოვება იმ შემთხვევაში, თუ ევროჯასტი დანიშნავს მეკავშირე მაგისტრატს და მსგავსი მოწყობილობები უზრუნველყოფილი იქნება მისთვისაც. სამუშაო მოწყობილობების და ხარჯების ანაზღაურების ყველა დეტალი უნდა იყოს შეთანხმებული ევროჯასტსა და საქართველოს კომპეტენტურ უწყებებს შორის მანამ, სანამ მეკავშირე პროკურორი დაინიშნება ევროჯასტში.
